უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ უვადო შიმშილობა გამოაცხადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნით. ამის შესახებ რუსული "ბიბისი" იუწყება.
იულია ტიმოშენკოს ადვოკატის სერგეი ვლასენკოს განცხადებით, ყოფილი პრემიერი უკრაინელებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
"არ დანებდეთ, გააგრძელეთ წინსვლა გამარჯვებისკენ. თუ 29 ნოემბერს იანუკოვიჩი ასოცირების ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერს, მოსპეთ მისი ხელისუფლება მისსავე კორუფციულ მეტასტაზებთან ერთად", - ნათქვამია ტიმოშენკოს განცხადებაში.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინელებისთვის მიმართვისას აღნიშნა, რომ ქვეყანა წნეხის ქვეშაა, რის შედეგადაც შეჩერდება წარმოებები და მილიონობით ადამიანი ქუჩაში აღმოჩნდება. მისივე თქმით, მიუხედავად ზეწოლისა, უკრაინას არ გააჩნია ევროპული სტანდარტების ალტერნატივა.
"ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს, სადაც ადამიანთა უფლებები, კანონის წინაშე თანასწორობა, არჩევანის უფლება, სოციალური დაცვა - ყველასთვის მთავარი ფასეულობები იქნება", - განაცხადა ვიქტორ იანუკოვიჩმა.
უკრაინაში კვირას, "ევრომაიდანზე" გამართული საპროტესტო აქცია, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნის მიზნით, "ნარინჯისფერი რევოლუციის" შემდეგ ყველაზე მასშტაბური აქცია იყო.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით.