სოციალურ ქსელებში "საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს" 2013 წლის 1 მარტით დათარიღებული ღია წერილი ვრცელდება, რომელშიც საქართველოს პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს (მაშინდელ პრემიერ-მინისტრს) "საქართველოს სამეფო კარის" შექმნას სთავაზობენ. თავად-აზნაურთა საკრებულოს განცხადებით, სამეფო კარს ბაგრატიონებთან ერთად ყველა გვარის ღირსეულმა წინამძღოლმა უნდა უხელმძღვანელოს, უწმინდესისა და პრემიერ-მინისტრის რეგენტობით.
ბოლო დროს საზოგადოებაში კონსტიტუციური მონარქიის აღდგენასთან დაკავშირებით საუბრები გააქტიურდა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა მიერ თავად-აზნაურთა საკრებულოს ღია წერილის გაზიარებაც სავარაუდოდ, ამ ფაქტს უკავშირდება. "ამბები.გე" ღია წერილს უცვლელად გთავზობთ:
"უწმინდესო და უნეტარესო, გვაკურთხეთ!
ბატონო ბიძინა!
კვლავ მოგმართავთ რწმენითა და იმედით ერის სულიერ მამას და ერის ფიზიკურ მხსნელს საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს, მონარქისტული მოძრაობა "სამეფო გვირგვინის" წევრთა, ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმის პედაგოგთა და მშობელთა სახელით კონსტიტუციური მონარქიის კონცეფციის აქტუალობაზე ამჟამინდელ საქართველოში.
ჩვენი პატრიარქის თავდადებული მეცადინეობით, ჩვენი მრწამსისა და ნაფიქრალის, ეროვნული სულისკვეთების შესაბამისად გაუწყებთ, რომ ღვთივკურთხეული მეფის მოვლინების მოლოდინი, დისკრედიტირებული პრეზიდენტ-ყოფილის ინსტიტუციების უარყოფა საზოგადოებაში მრავალ მხარდამჭერს პოულობს.
ილია მართლის საკრალური დეფინიცია: "მამული, ენა, სარწმუნოება", კათოლიკოს-პატრიარქის ღვთაებრივი ტრიადა: "ღმერთი, სამშობლო, ადამიანი", რწმენის, ტრადიციების, კულტურის, განათლების, მეცნიერების განვითარება იყო და არის დედააზრი, ცხოვრების არსი ყველა ქართველისა, თავად-აზნაურთა საკრებულოს წევრების მოღვაწეობის ქვაკუთხედი დღიდან მისი დაარსებისა.
უწმინდესო და უნეტარესო! ბატონო ბიძინა!
თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ სამეფო ხელისუფლება ზეციური იერარქიის ხატი იყო დედამიწაზე. საეკლესიო სამართალში წერია: "ღვთის უდიდესი სახიერებით კაცთათვის ბოძებული უმაღლესი სიკეთენი არიან მღვდლობა და მეფობა, რომელთაგან პირველი იღვწის ღვთიურ საქმეთათვის, ხოლო მეორე ზრუნავს საერო საქმეებზე. ორივე კი მომდინარეობს ერთი და იმავე წყაროსთვალიდან, წარმოადგენს ადამიანური ცხოვრების სამკაულს…"
რუსეთის იმპერიის მიერ 1801 წლიდან განადგურდა როგორც მეფობა, აგრეთვე ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ფაქტობრივად მოისპო ორივე ხელისუფლება. ბაგრატოვანთა დინასტიის და სამეფოს აღსადგენად მრავალი პატრიოტის, ბატონიშვილის, სასულიერო პირის, ერისკაცის სისხლი დაღვრილა XIX ს. აჯანყებებსა და შეთქმულებებში.
1917 წ. ნოემბერში თბილისისა და ქუთაისის თავად-აზნაურთა საკრებულოების დეპუტატების გადაწყვეტილებით, ილია ჭავჭავაძის დისშვილმა, გენერალმა კოტე აფხაზმა (შერვაშიძემ), თავად-აზნაურთა მთელი ქონება (27 მლნ. ოქროს რუბლი) - 8 მლდ. ფრანკი - გადასცა ქართველ ერს. ეს ისტორიული, უპრეცედენტო, პატრიოტული აქტი საფუძვლად, ეკონომიურ ბაზისად დაედო საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას (1918-1921) და საქართველოს დამოუკიდებლობას. სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მთავრობის უნიათობის, რუსეთის ბოლშევიკური ბანდების შემოსევების, ღალატის, ქართული მხედრობის ღვაწლის გამოცდილების უარყოფის გამო საქართველოში გაბატონდა საბჭოთა რეჟიმი, წითელი ტერორი და დაიწყო ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ, მოეწყო თავადაზნაურობის, სამღვდელოების, კულტურის მოღვაწეების, ტრადიციულ მიწათმოქმედთა და მოაზროვნე პატრიოტთა გენოციდი. საბჭოთა "გულაგებში" 250 000 ქართველი იტანჯებოდა, ქვეყნის ეროვნული სხეული იშლებოდა ორი ავტონომიური ოლქისა და ერთი ავტონომიური რესპუბლიკის შექმნით. საქართველოს ძირძველ მიწაზე გამრავლდნენ უცხოტომელები. 1991 წ. აღორძინებული თავად-აზნაურთა საკრებულო აგრძელებდა ისტორიული, ეროვნული იდეოლოგიის ტრადიციებს და, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, იდგა საკუთარ ერთან, იბრძოდა თავისუფალი საქართველოს იდეალებისათვის, იყო სამართალმემკვიდრე კოტე აფხაზის, რეზო გაბაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, გიორგი მაზნიაშვილის, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელის, გრიგოლ რობაქიძისა და სხვათა სულიერი მისიისა. ჩვენ მიერ ჩატარებული მრავალი კონფერენცია, ყრილობა, შეხვედრა საქართველოსა და უცხოეთში, დაბეჭდილი წიგნები და მონოგრაფიები, გამოფენები, სემინარები ემსახურებოდნენ მთავარ თემას - კონსტიტუციური მონარქიის უპირატესობას, პოლიტიკური სისტემის შეცვლის აუცილებლობას, ახალგაზრდების აღზრდას, სწორედ ამიტომ, უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევითა და პატრონაჟით, დაარსდა ნიკო ბაგრატიონის სახელობის სკოლა-ლიცეუმი, მზადდება საერთაშორისო კონფერენცია "XXI საუკუნე და მონარქისტული იდეა", გამოქვეყნდა სოლიდური (600-გვერდიანი) ნაშრომი "საქართველოს თავადაზნაურობა", რომელიც მიეძღვნა პატრიარქს და მონარქისტული იდეოლოგიის აპოლოგიას შეიცავს. ამ წიგნის ბოლო გვერდზე ჩვენ, მუქარის მიუხედავად, მტკიცე პროტესტს ვუცხადებთ მ. სააკაშვილის ანტიეროვნულ რეჟიმს და მოვითხოვთ მის გადადგომას (2009-2010 წწ.).
ჩვენი იდეოლოგია ეყრდნობა უწმინდესისა და უნეტარესის ბრძნულ რჩევებს. "მეფე მეფობს და არ მართავს…" (2007 წ.), - ბრძანა ერის სულიერმა მამამ და ურჩია საზოგადოებას ეფიქრა კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრებაზე, ბაგრატოვანთა აღზევებაზე დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტთან ერთად. პატრიარქის რჩევა, საზოგადოების ნაწილის, მორწმუნე მრევლის, მსოფლმხედველობა და სახელმწიფო სისტემის შეცვლის იდეა მრავალი ქართველი, რუსი, ბერძენი მამების წინასწარმეტყველებას ეყრდნობა. მეფე ზნეობის, ღირსების, მართლმსაჯულების, კულტურის, განათლების, ეროვნულობის, სტაბილურობის სავიზიტო ბარათია მრავალ ქვეყანაში (48 ქვეყანა: ბრიტანეთი, ესპანეთი, იაპონია, ბელგია…). ქართული მონარქიზმის თავისებურებანი მდგომარეობს მართლმადიდებლობის, ეროვნული იდეის, პატრიოტული სულისკვეთების, თვითმყოფადობის შერწყმაში ერთიანი სახელმწიფოს გასაძლიერებლად. შემთხვევითი როდია, რომ ევროპაში უძველესმა დინასტიამ შვა ამდენი მეფე-მხედართმთავარი, წმინდანი, მეცნიერი, პოეტი…, რომლებიც თავდადებულად ეწირებოდნენ მტერს და ქვეყანას იცავდნენ. ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ ეტაპზე "საქართველოს სამეფო კარის" შექმნა, რომელსაც ბაგრატიონებთან ერთად ყველა გვარის ღირსეული წინამძღოლი უხელმძღვანელებს უწმინდესისა და უნეტარესის და პრემიერ-მინისტრის რეგენტობით. თავად-აზნაურთა საკრებულო საპატრიარქოსთან ერთად გაუწევს რეკომენდაციას რამდენიმე სასულიერო პირსა და უძველესი გვარების წინამძღოლებს(ბაგრატიონებს, თვად-აზნაურებს).
"სამეფო კარის" შექმნით, რომელსაც სათავეში ჩაუდგებიან კათოლიკოს- პატრიარქი და პრემიერ-მინისტრი, ძალიან სწრაფად შეიცვლება ზნეობრივ-მორალური განწყობა, ჩაქრება შუღლი და ბრძოლა, გამყარდება ტრადიციულ ფასეულობათა რკალი, ხალხს მიეცემა იმედი და ოცნების ასრულების რეალური შანსი.
ჩვენ, თავად-აზნაურთა საკრებულოს წევრებს, გვსურს მხოლოდ ხალხის სამსახურში ჩადგომით ისტორიული მისიის შესრულება - მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების დამკვიდრება ზნედაცემულ ერში.
სწრაფი და რეალისტური პროგრამის შესრულება მოხერხდება იმ შემთხვევაში, თუ აღდგება ისტორიული სამართლიანობა და ადეიშვილების, ბეჟუაშვილებისა და მავანთა მიერ მიტაცებული "ოფიცერთა სახლი", საიდანაც 1923 წ. დასახვრეტად გაიყვანეს გენერალი კოტე აფხაზი და 15 მამულიშვილი, გიმნაზიების შენობები და ა. შ. გადაეცეს, დაუბრუნდეს კანონიერ პატრონს - ხალხს.
ვიმედოვნებთ, რომ ორი რეგენტი: პატრიარქი და პრემიერ-მინისტრი, გულანთებულ მამულიშვილებთან ერთად, გააძლიერებენ ქართული მონარქიზმის იდეოლოგიას, საქართველოს დაუბრუნებენ კავკასიის ღერძის ფუნქციას.
ქართული მონარქიზმის თავისებურებანია - რწმენის სიმტკიცე, ეროვნული და სახელმწიფოებრივი კონცეფციის შედუღაბება მართლმადიდებლობასთან. ამიტომ ამკვიდრებდა გრიგოლ ხანძთელი სახელმწიფო სტრატეგიას: "ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირიცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების…"
ქართული ეკლესია აერთიანებდა ყველა მართლმადიდებელს, მათ შორის ჩრდილო კავკასიელებს.
ბაგრატიონების მეფობამ განადიდა, ჩამოაყალიბა, დაამკვიდრა საქართველო, გამოავლინა ქართული ეთნოსის საუკეთესო თვისებები, ბიძგი მისცა კულტურულ-მეცნიერული საგანძურის შექმნას. ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანმა ისტორიამ ცხადყო, რომ ერის გენეზისი გადიოდა არა რევოლუციებსა და პარტიულ იდეოლოგიებზე, არამედ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე, რწმენაზე, მეფობაზე. ქრისტიანი მეფე იყო ხატი ზეციური მეფისა. სამეფო ხელისუფლება ღვთივდადგენილია და ღვთივკურთხეული. მეფობა, როგორც ზნეობრივი მისია, გულისხმობს მარადიულ ფიქრსა და ქმედებას, ზნეობრივი საწყისების განვითარებას, თვითმყოფადობის შენარჩუნებას, სტაბილურობას.
ბატონო ბიძინა!
უწმინდესთან და უნეტარესთან, ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქთან, ჩვენი საერთო აზრის შეჯერების (კონფერენციები, პუბლიკაციები, სემინარები…) შედეგად, ამჟამინდელი ურთულესი სიტუაციის გათვალისწინებით, უფლებამოსილი ვართ განვაცხადოთ:
ჩვენ ვგმობთ საპრეზიდენტო ინსტიტუციებს და ვთავაზობთ "ქართულ ოცნებას" (რომელსაც მხარს ვუჭერდით არჩევნებში) რეფერენდუმის ჩატარებას სისტემის შეცვლის თაობაზე, რომლის საბოლოო სახე იქნება კონსტიტუციური მონარქია - გენეტიკური კოდის, ზნეობის, ტრადიციის მატარებელი. მონარქი იყურება საუკუნეთა მიღმა თავისი მემკვიდრის სახით და აგრძელებს წინაპრების დანატოვარს. ის არ ფიქრობს წამიერზე, 4-6-წლიან კამპანიაზე და პირადულ ინტერესებზე, გამდიდრებაზე, არამედ მომავალზე, ქვეყნის სტაბილურ განვითარებაზე, ეროვნულ სამართლიანობაზე…
საქართველოში აღზევება ბაგრატიონთა დინასტიისა, რომელიც, ვახუშტი ბაგრატიონის დეფინიციით, გამორჩეული იყო "მხნეობით, სიბრძნე-ქველობით, ქვეყნისათვის თავდადებულობით", სასიკეთოდ დაეტყობოდა ქვეყანას, საქართველოს ყველა მოქალაქეს. მიტაცებული მუხრანი უნდა დაუბრუნდეს ქართლს, მეფეს.
მონარქი იქნება ხალხის ნების ეთნოფსიქოლოგიის, ზნეობის, მართლმსაჯულების განსახიერება. ის იქნება გარანტი დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარებისა, ქვეყნის გამთლიანებისა.
საქართველოში არ მომხდარა სამეფო დინასტიის მოსპობა-განადგურება ქართველი ხალხის ნებით. უახლესი ისტორიის 20-წლიანი ტრაგიკული მოვლენების ანალიზის, სააკაშვილისა და მისი მთავრობის რეჟიმის მანკიერი სწრაფვის აღმოსავლური ავტორიტარიზმის დამკვიდრების ჟამს, როდესაც გეგმიურად განადგურდა სოფლის მეურნეობა და მრეწველობა, მეცნიერება და კულტურა, როცა მოსახლეობის უმრავლესობა ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, ჩვენ ვხედავთ ხსნას მხოლოდ კონსტიტუციურ მონარქიაში. ამჟამინდელ "გლობალისტურ" მსოფლიოში, ნატოს 8 ქვეყანაში (26 ქვეყნიდან), ევროკავშირის 7 ქვეყანაში (27 ქვეყნიდან) კონსტიტუციური მონარქიაა. საქართველო იქნება პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში, რომელიც დინასტიას აღადგენს კონსტიტუციური მონარქიის სახით. მომავალი მეფე, პარლამენტთან ერთად, გააერთიანებს საქართველოს, დაიბრუნებს დაკარგულ პროვინციებს, გააძლიერებს ქვეყანას, ყველა მოქალაქეს, ეთნიკურ აფხაზებს, ოსებს, ბერძნებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, ჩრდილო კავკასიელებს. საქართველო დაიბრუნებს კავკასიის ღერძის ფუნქციას "ნიკოპსიიდან დარუბანდამდე".
ჩვენ, თავად-აზნაურთა საკრებულოს, მონარქისტულ მოძრაობა "სამეფო გვირგვინის" წევრებს, გარკვეული კონცეფცია და სამოქმედო პროგრამა გვაქვს ხალხური დიპლომატიის გამოყენებით. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია:
1. სახელმწიფო ენის სტატუსის ამაღლება, სახელმწიფო ენის სტრუქტურებში ჩართვა ყველა ერისა, ქართული ენის აღორძინება. დ. გულიას ბოლო ნაშრომის მიხედვით, რომელშიც ამტკიცებს, რომ ქართველია და ქართული კულტურის პირმშოა, პროპაგანდა აფხაზეთში შერვაშიძეების, ემუხვარების, მარშანიების… თავდადებისა, ერთიანი ისტორიისა და კულტურის განვითარების რთულ გზაზე.
2. ნიკო ბაგრატიონის სახელობის თავად-აზნაურთა სკოლა-ლიცეუმის ბაზაზე უმაღლესი რანგის სასწავლებლის შექმნა, რომელიც უფასოდ მოამზადებს აფხაზთა ისტორიული გვარების (შერვაშიძეები, მარშანიები, ჩხოტუები, ინალ-იფები…) შვილებს. თბილისში სკოლასთან დაარსებულ პანსიონატში უფასოდ ვასწავლით 10-10 ბავშვს ჩრდილო კავკასიელების ყველა ტომიდან… საქართველო, თბილისი იყო განათლებისა და კულტურის ცენტრი. ყველა უმაღლეს სასწავლებელში მიეცეს აფხაზებს, ოსებს, ინგილოებს, ლაზებს, ჩეჩნებს, ადიღეველებს და სხვებს უფასო, ლიმიტირებული ადგილები.
3. აღდგეს არნ. ჩიქობავას მიერ დაარსებული კავკასიოლოგიური განყოფილება თსუ-ში.
4. შეიქმნას გვართა მუზეუმი (ერთადერთი მსოფლიოში), რომელიც ასახავს საქართველოში გავრცელებული 25 000 გვარის ეტიმოლოგიას, ისტორიას, გამოჩენილი მოღვაწეების ბიოგრაფიებს და რომელიც გადაიქცევა ქვეყნის ეროვნულ ცენტრად.
5. გიორგი შერვაშიძის პრემიის მინიჭება ხელოვნების ყველა დარგში (უნდა ამაღლდეს სახელმწიფო დონეზე).
6. მუდმივი სემინარების, ფესტივალების, კონცერტების ჩატარება საერთო სათაურით: "კავკასია - ჩვენი საერთო სახლია," "კავკასიური რასის" გენეზისი;
7. აფხაზების, ოსების, სომხების, ბერძნების, აისორების… ჩართვა საერთო ქართული, სახელმწიფო კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამებში, თავად-აზნაურთა საკრებულოს ეგიდით "ქართული კულტურისა და ენის შემსწავლელი კურსების" დაარსება "გვართა მუზეუმში".
8. საზაფხულო ბანაკების შექმნა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ბაზაზე (დავით-გარეჯი, გონიო, გელათი, ბიჭვინთა, მცხეთა…), დიასპორების ჩართვა "გვართა მუზეუმის" დაარსებაში;
9. აფხაზებისა და ოსების, ბერძნებისა და რუსების მონათვლა საპატრიარქოში.
10. ფესტივალის ჩატარება: "მე ვარ საქართველოს მოქალაქე."
11. პროფესიონალების კურთხევა "სამებაში" ექიმების, პედაგოგების, ხელოვნების წარმომადგენლების, მეცნიერების, სოფლის მეურნეობის მუშაკების, მრეწველების, სხვადასხვა ეროვნების სპეციალისტების, რომლებიც ქართული ეკლესიის წიაღში გაერთიანდებიან.
12. კაზინოების, სამორინეების, აზარტული თამაშების აკრძალვა საქართველოს ტერიტორიაზე.
13. კოტე აფხაზისა და 15 დახვრეტილი გმირის უკვდავსაყოფად ვაკის პარკის მიდამოებში ეკლესიისა და ძეგლის აგება (პროექტის განხორციელებაში მერიის წარმომადგენლები ხელს გვიშლიდნენ).
14. მომზადდეს ქართლის გული - მუხრანი - "სამეფო რეზიდენციად" , შეიქმნას მუხრან-ბატონების სასახლეების ბაზაზე კავკასიური აგრონომიულ-ვეტერინარული სასწავლებელი, რომელიც მთელ კავკასიას გაუზრდის მაღალი რანგის სპეციალისტებს.
15. ამ იდეების ხორცშესხმაში ჩვენ დაგვეხმარება გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი კრედიტი, რომელიც ისევ საქართველოს დაუბრუნდება.
16. სახელმწიფო, ეროვნული ნაკრძალების, ტყეების, ქონების, საგვარეულო ბუდეების, მიწების გასხვისების, მიტაცების, განადგურების პრეცედენტების მკაცრი გაკონტროლება ამჟამინდელ საქართველოში, რომელიც 2012 წ.
1 ოქტომბერს გათავისუფლდა ანტიეროვნული მთავრობის მარწუხებიდან, ერი "ქართული ოცნების" პროგრამების შესრულებას და სამართლიანობის აღდგენას შეუდგა, ვფიქრობთ, დადგა ჟამი პოლიტიკური სისტემის შეცვლის, ახალი კონსტიტუციისა და საკანონმდებლო ბაზის შექმნისა კონსტიტუციური მონარქიის სახით ქვეყნის მომავალი გაბრწყინებისათვის.
ღრმა პატივისცემით, გულწრფელი იმედითა და მოკრძალებული მოლოდინით,
ელენე აბაშიძე - გეოლოგი, აკადემიკოსი; ია ბაგრატიონ-მუხრანელი - თავად-აზნაურთა საკრებულოს ვიცეწინამძღოლი, ჟურნალისტი; შოთა ჩხეიძე აკადემიკოსი; გიორგი ანდრონიკაშვილი - პროფესორი; მედეა აბაშიძე - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; ვაჟა აბაშიძე - თავად-აზნაურთა საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარე; ზაზა ჩიქოვანი -პედაგოგი; ზვიად ჯაფარიძე - მხატვარი; ბუდუ სირბილაძე - "სამეფო პალიტრის" ხელმძღვანელი, შოთა ზედგინიძე - ეკონომისტი, მამა გიორგი (გუგუშვილი) - ნიკო ბაგრატიონის სახ. სკოლა-ლიცეუმის მოძღვარი და მრავალი სხვა…
01.03. 2013 წ.
თბილისი", - აღნიშნულია ღია წერილში.