ახალი პრეზიდენტის ოჯახის მიმართ საზოგადოების ინტერესი რომ საკმაოდ დიდია, ამაში გასაკვირი არაფერია, არც ის არის ახალი, რომ პრეზიდენტის ინაუგურაცია მოკრძალებული პომპეზურობითა და პროტოკოლის სრული დაცვით გაიმართა, თუმცა, ალბათ, საქართველოს ისტორიაში გიორგი მარგველაშვილი პირველი პრეზიდენტია, რომელსაც ტრიბუნისკენ მიმავალს დედამ პირჯვარი გადასახა და დალოცა...
ძვირფასო მკითხველო, ვიდრე საქართველოს პრეზიდენტის დედას, ქალბატონ მზია გომელაურს წარმოგიდგენდეთ, საჭიროდ ჩავთვალე, თქვენთვის ის პრეისტორია მომეთხრო, რომელიც მარგველაშვილების ოჯახში სტუმრობას ახლდა. როდესაც პრეზიდენტის დეკლარაციაში მითითებული სახლისკენ მივდიოდი, არ დაგიმალავთ, გულის სიღრმეში პესიმისტურად ვიყავი განწყობილი, ვფიქრობდი, ამაო იქნებოდა მცდელობა, გაუფრთხილებლად მისულ სტუმარს პრეზიდენტის ოჯახში შეეღწია. ინგოროყვას 22 ნომერთან დაცვა არ იდგა... არც ბინის პოვნა გამჭირვებია, პირველივე ზარის შემდეგ კარი თავად ქალბატონმა მზია გომელაურმა გამიღო... იგი ისეთივე საინეტერესო და გულწრფელი მოსაუბრე აღმოჩნდა, როგორიც საზოგადოებამ ინაუგურაციის პირდაპირი რეპორტაჟის დროს, პრეზიდენტისათვის პირჯვრის გადაწერის მომენტში იხილა...
მაშ ასე, "ასავალ-დასავალი" გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს პრეზიდენტის დედასთან, ქალბატონ მზია გომელაურთან.
- როგორი შეგრძნებაა, იყოთ საქართველოს პრეზიდენტის დედა?
- სიმართლე გითხრათ, მთლად მყუდროდ არ ვგრძნობ თავს – გიორგის დედა რომ ვარ, ეს განცდა მუდმივად ფეთქავს ჩემში, მაგრამ მისი პრეზიდენტობა ჩემგან შორს არის... ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ჩემმა შვილმა ღირსეულად ატაროს ეს ტვირთი. მე მჯერა გიორგის.... რაოდენ დაუჯერებელიც უნდა იყოს, საარჩევნო კამპანიის პერიოდში არ ვღელავდი და იშვიათად მახსენდებოდა, რომ გიორგი საპრეზიდენტო კამპანიაში იყო ჩართული. მისი პრეზიდენტობა ვერ წარმომედგინა და გულწრფელად გითხრათ, არ მინდოდა. მერჩივნა, ფილოსოფოსად დარჩენილიყო, რადგან ეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. ალბათ, უხერხულია, როცა საკუთარი შვილის ქება გიწევს, მაგრამ გიორგის ძალიან კარგი გონება აქვს...
- რას ფიქრობდით იმ წუთებში, როცა ინაუგურაციის დროს ტრიბუნისკენ მიმავალ საქართველოს პრეზიდენტს პირჯვარი გადაწერეთ? თქვენს პირჯვარს გულგრილი არავინ დაუტოვებია...
- როდესაც გიორგი სახლიდან გადის, პირჯვარს ყოველთვის ვწერ. იმ მომენტში, როცა პირჯვარი გადავსახე, ვფიქრობდი, ღმერთმა გიშველოს, უფალი შენს გვერდით იყოს, შეცდომა არ დაუშვა-მეთქი...
- საინტერესოა, როგორი იყო ბავშვობაში საქართველოს პრეზიდენტი...
- ყველა ბავშვი, რომელიც იბადება და სამყაროს ეცნობა, საინტერესოა, უბრალოდ, ზოგ მათგანს არ უქმნიან პირობებს, რომ გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები. თავის ქებად ნუ ჩამითვლით, მაგრამ ჩემს შვილს სულ ვაძლევდი იმის საშუალებას და უფლებას, რომ ყოფილიყო ის, ვინც არის. მასთან ერთად გავდიოდი მის ბავშვობას, მისი თვალებით ვუყურებდი სამყაროს. ზღაპრებს ვიგონებდი და ცხოველებს ვალაპარაკებდი იმის შესახებ, რაც მინდოდა, რომ გიორგის გაეგო და გაეთავისებინა. ერთხელ მითხრა - შენ ყველაზე კარგი ანდერსენი ხარო. ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენს ურთიერთობაში ის იყო, რომ გიორგი ტყუილს არასოდეს მეტყოდა. არ ვამოწმებდი და ამას ძალიან აფასებდა. იცოდა, რომ მისი მჯეროდა.
ბავშვობაში ძალიან ცელქი იყო. ჯერ კიდევ სკოლაშიც კი არ დადიოდა, ეზოს ბიჭებთან ერთად ფუნიკულიორზე ფეხით რომ წავიდა. მახსოვს, ყველა ავნერვიულდით და ვეძებდით. ბოლოს ჩემმა ბიძაშვილმა სათამაშო მანქანებთან იპოვა. როცა ჰკითხეს – გიორგი, არ იფიქრე იმაზე, მშობლები რომ ინერვიულებდნენო, ხელით მიანიშნა და თქვა – აი, აქამდე მახსოვდნენ, მერე აღარო. იმდენად ცელქი იყო, ქალბატონმა ლიანა შეწირულმა მითხრა, ოღონდ თავის თავს რაიმე არ ავნოს და კარგ ატესტატს მივცემო. მიუხედავად სიცელქისა, მასწავლებლებსა და ბავშვებს ძალიან უყვარდათ.
- და როგორ სწავლობდა სკოლაში?
- სკოლაში კარგად არ სწავლობდა. პირველი კლასიდან მეათეს ჩათვლით, სამოსანი იყო, თუმცა, ეს არასოდეს მიდარდია. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მას უამრავი გატაცება ჰქონდა. აინტერესებდა ცხოველთა ქცევა, ფიზიოლოგია, ისტორია. ძალიან კარგად ხატავდა. ხუთი წლის იყო, ინგლისურის მასწავლებელი რომ მოვუყვანე. გიორგი გავაფრთხილე, ეს ქალი ორი დღის წინ ჩამოვიდა ლონდონიდან და არცერთი ენა არ იცის-მეთქი. ნელიმაც იცოდა, რომ გიორგისთან ინგლისურის გარდა, არცერთ სხვა ენაზე არ უნდა ესაუბრა. ოთხი წლის განმავლობაში ინგლისურის მასწავლებელი თითქმის ყოველდღე დადიოდა. წლის ბოლოს უკვე ისე გამართულად საუბრობდა, რომ გიორგიმ და ნელიმ ინგლისურად იჩხუბეს. ნელიმ ყვავილი მოწყვიტა, გიორგიმ კი ცოცხალი ორგანიზმის მოწყვეტა გააპროტესტა... თუ სკოლის პერიოდში სხვა რაღაცებით იყო გატაცებული და სწავლა ნაკლებად აინტერესებდა, პლატონის წაკითხვის შემდეგ თავად აირჩია ფილოსოფიის ფაკულტეტი და მთელი არსებით ჩაუღრმავდა ფილოსოფიას. დღეს გიორგი ორი წიგნის ავტორია ფილოსოფიურ ანთროპოლოგიაში.
გიორგი სანახევროდ დუშეთში გაიზარდა, სადაც ჩემი ახლო ნათესავები ცხოვრობდნენ, ამიტომაცაა რომ იქაურობა ძალიან უყვარს. დუშეთში იყიდა კარკასული სახლი, სადაც ყველაფერი თავისი ხელით გააკეთა. არც კი ვიცოდი, თუ ასეთი ხელმარჯვე იყო. ამ ფილოსოფოს, წიგნიერ კაცს, იმის ნაცვლად, რომ დაბადების დღეზე წიგნი, კალმისტარი და რვეული ვუყიდო, "ატვიორკას", "პლოსკოგუბცს", "სვარკის" აპარატს და ამგვარ ხელსაწყოებს ვჩუქნი...
თბილისში არაფერს აკეთებს, დუშეთში კი, როგორც გითხარით, თითქმის ყველაფერი თავისი ხელით გააკეთა - თავად დააგო იატაკი, კაფელ-მეტლახი, გააკეთა კიბე და ა.შ. აი, ასეთ ადამიანზე ამბობენ, პლასტელინიაო...
- როგორც ჩანს, ამ ფრაზამ გული გატკინათ...
- მახსოვს, პირველ კურსზე ვიყავი, როცა ბატონმა კოტე ბაქრაძემ გვითხრა – ბიბლიაში წერია – ღმერთი არ არსებობსო, თუმცა, იქვე განმარტა – მანამდე წერია, სულელია, ვინც ასე ფიქრობსო. ეს იყო იმის მაგალითი, თუ რას ნიშნავს კონტექსტიდან ამოვარდნილი ფრაზა. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად მეტკინა გული. შეიძლება, საკუთარი თავი ისე გაწირო, რომ პლასტელინი იმ კონტექსტში ახსენო, როგორც შემდეგ გიორგის კონკურენტებმა გაახმოვანეს?! გადახედეთ ამ კაცის წარსულს. 9 წლის განმავლობაში იბრძოდა რეჟიმის წინააღმდგეგ. განათლების მინისტრობის დროს მთელ გამომცემლებს დაუპირისპირდა იმისთვის, რომ სკოლაში წიგნები უფასოდ დაერიგებინათ. ბენდუქიძეს მხოლოდ იმიტომ დაუპირისპირდა, რომ ითხოვდა, ერთი წლის ნაცვლად, ხუთი წელი ჰქონოდა სტუდენტს ფულის გადახდის ვადა. და არაერთი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება...
- დღეს როგორია საქართველოს პრეზიდენტის გრაფიკი?
- ხან რა დროს ბრუნდება სახლში, ხან რა დროს. ხშირად ჩაფიქრებულია. სახლში თითქმის სულ კომპიუტერთან ზის ან ტელეფონზე საუბრობს.
- სადილებს ვინ აკეთებს პრეზიდენტის ოჯახში?
- ძირითადად მე ვტრიალებ სამზარეულოში. ჩემს შვილიშვილს ჩემი გაკეთებული არ მოსწონს, მაგრამ გიორგის რაც არ უნდა გავუკეთო, ყველაფერზე ამბობს, რა გემრიელია, ფანტასტიკურიაო. ძალიან ბევრ ყავას სვამს, რომელსაც მამა უხარშავს. მშობლებს არასოდეს მოგვმართავს სახელებით - მე დეს მეძახის და მამას - მა... სხვათა შორის, მამა ძალიან მძიმედ განიცდის, როცა გიორგის ვინმე უსამართლოდ აკრიტიკებს.
ჩემი თავი გიორგის ცხოვრებაში წარმომედგინა როგორც ბანი ქართულ მრავალხმოვანებაში, რაც დანარჩენ ხმებს გადაცდომის საშუალებას არ აძლევს. ასე ვიყავი ყოველთვის, მის ბავშვობასა და ყმაწვილობაში, გიორგის გადაცდომის საშუალებას არ ვაძლევდი...
- ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია იმან, რომ გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება...
- ამ ფაქტზე მითქმა-მოთქმის ნაცვლად, შეიძლება, ასეთი პასუხი ყოფილიყო გაცემული: საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც თვითონ განსჯის თავისი პირადი ცხოვრების გზას!
- რა რჩევას მისცემს დედა საქართველოს ახალ პრეზიდენტს?
- დიდი ხანია, გიორგისთვის რჩევა არ მიმიცია. არ სჭირდება! ბევრჯერ აღმოჩნდა, რომ ის არის სწორი და არა მე. გიორგიმ თავისი საქმე ჩემზე კარგად იცის. მჯერა, რომ ყველა განსცადელს გაუძლებს და სწორი გზით ივლის.
დუშეთში არის ერთი ამაღლებული ადგილი, რომელსაც კურკო ჰქვია. როდესაც გიორგი პატარა იყო, ხშირად მივდიოდით იქ და მზის ჩასვლას ვუყურებდით. ლამის ყოველდღე ესმოდა ჩემგან - "ღმერთო, მიეცი ძალა, არასოდეს მოიდრიკოს ძლიერთა წინა". ეს სიტყვები ბავშვობიდანვე ჩაენერგა. ეს იყო ჩემი ლოცვა და ახლაც ამ სიტყვებს გავიმეორებდი. იგი არასოდეს მოდრეკილა სიძნელეების წინაშე. უფალს ვევედრები, მისცეს ძალა, რომ ნებისმიერ ცდუნებას გაუძლოს. ადამიანი ხშირად დგას ცდუნების წინაშე, მითუმეტეს, ქვეყნის პირველი პირი. აქამდე უფალმა სუფთად მოიყვანა. ახლა უფრო დიდი იქნება ცდუნებები და ვლოცულობ, ამ ცდუნებებს ღირსეულად გაუძლოს. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ნივთიერ ცდუნებებს... მე მჯერა გიორგის და დარწმუნებული ვარ, ღირსეულად შეასრულებს აღებულ ვალდებულებას!
ბოლოთქმა
ნათქვამია, დედის ლოცვას ყველაზე დიდი ძალა აქვსო... ჩვენც ვუერთდებით ქალბატონ მზიას და გიორგი მარგველაშვილს ვუსურვებთ, ღირსეულად ეზიდოს პრეზიდენტის ტვირთი!
ნატო ფოცხიშვილი
გაზეთი "ასავალ-დასავალი"