გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო დროს ამ დაავადების შემთხვევათა მატება შეიმჩნევა. ამ დაავადებისას ადამიანი შრომისუნარიანობას კარგავს, ამიტომ ის განვითარებული ქვეყნების სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. გვესაუბრება ექიმი- ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ლია ივანიძე:
- გაფანტულ სკლეროზს ბევრი აიგივებს ჩვეულებრივ სკლეროზთან, რომელიც ხანდაზმულობასა და მეხსიერების დაქვეითებასთან არის დაკავშირებული. თუმცა გაფანტული სკლეროზი ნერვული სისტემის სრულიად განსხვავებული დაავადებაა, რომელსაც საკმაოდ მძიმე გამოვლინება და მიმდინარეობა ახასიათებს. ეს არის ნერვული სისტემის ქრონიკული არაპროგნოზირებადი დაავადებაა, რომელიც უმეტესად პროგრესირებს. ამ დაავადებისას ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი, მხედველობის ნერვები, რაც ორგანიზმში შესაბამისი ორგანოების მოშლას იწვევს. იწყება ადამიანის ძირითადი ფუნქციების დარღვევა - გადაადგილების, კოორდინაციის, მხედველობის. დაავადებას ახასიათებს ქაოსურად გაფანტული დემიელინიზებული (დემიელინიზაცია მიელინის გარსის დაშლას ნიშნავს) კერების წარმოქმნა. მიელინი ლიპიდურ- ცხიმოვანი ნივთიერებაა, რომელიც გარს ეკვრის ნერვულ ბოჭკოებს. გაფანტული სკლეროზის დროს მიელინის გარსი განილევა, რასაც იმუნური სისტემის უჯრედები განაპირობებს და რის გამოც ნერვული სისტემის ფუნქციები თანდათან ირღვევა. ნერვული სისტემის იმპულსები ტვინიდან შეფერხებით გადაეცემა სხვადასხვა ორგანოს და მძიმედ აისახება პაციენტის როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.
- რა იწვევს გაფანტულ სკლეროზს?
- ზუსტი მიზეზი, სამწუხაროდ, ცნობილი არ არის. გაფანტული სკლეროზი მემკვიდრეობით დაავადებად არ მიიჩნევა. დაავადების მაპროვოცირებელ მექანიზმებად თვლიან აუტოიმუნურ პროცესებს, ინფექციებს, გარემო ფაქტორებსა და სხვა. გაფანტული სკლეროზი ხშირად მწვავდება გაზაფხულსა და ზაფხულში. გამწვავებას შესაძლოა, ხელი შეუწყოს უბრალო ვირუსულმა ინფექციამ, გასტროენტერიტმა. მისი ერთ- ერთი მნიშვნელოვანი მაპროვოცირებელი ფაქტორია ემოციური სტრესი. დაავადება უმეტესწილად გავრცელებულია ამერიკისა და ევროპის ქვეყნებში, აზიის ქვეყნებში შედარებით ნაკლები შემთხვევებია დარეგისტრირებული. ვარაუდობენ, რომ დაავადება ბავშვობაში გადატანილ ვირუსულ ინფექციას, ან ფილტვში გამავალ ნეიროტროპულ ვირუსს უკავშირდება.
დაავადების მიმდინარეობაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მიმდინარე აუტოიმუნურ, ნეიროალერგიულ პროცესებს, რომელთა საფუძველზეც ორგანიზმის იმუნური სისტემა საკუთარი ნერვული ბოჭკოების მფარავ მიელინის გარსს ებრძვის და ინელებს. მიელინის გარსს განახლება- აღდგენის უნარი შესწევს, ასე რომ, ნერვულ სისტემაში მიმდინარეობს რემიელინიზაციის პროცესიც. ამით აიხსნება ზოგჯერ ორგანიზმში მდგომარეობის სავსებით ან ნაწილობრივ გაუმჯობესება.
- რა ასაკში ვლინდება დაავადება, რა სიმპტომები და თავისებურება ახასიათებს?
- გაფანტული სკლეროზი 15- დან 60 წლამდე ასაკში, ნებისმიერ დროს შეიძლება გამოვლინდეს, უფრო ხშირია ქალებში. სიმპტომატიკა მრავალფეროვანია. დაავადება შეიძლება დაიწყოს მგრძნობელობის სხვადასხვაგვარი მოშლით. ზედა და ქვედა კიდურებში ჩნდება დაბუჟების, ჭიანჭველების ცოცვის და ჩხვლეტის შეგრძნება, ვითარდება მხედველობითი, ვესტიბულური და მოძრაობითი დარღვევები, - კუნთების სისუსტე ან სპასტიურობა (დუნე მოძრაობები), ინკორდინაცია, ადვილად დაღლა, სისუსტე, შარდის შეკავების კონტროლის მოშლა. სქესობრივი ფუნქციის დარღვევა, მრავალწლიანი მიმდინარეობისას ინტელექტის დაქვეითებაც აღინიშნება.
- როგორი მიმდინარეობა ახასიათებს და როგორია დიაგნოსტიკის მეთოდი?
- გაფანტულ სკლეროზს არაპროგნოზირებადი მიმდინარეობა ახასიათებს, ზოგჯერ რემისია ხანგრძლივია, მაგრამ ზოგჯერ სწრაფად პროგრესირებს და ავთვისებიანი მიმდინარეობით გამოირჩევა. დიაგნოსტიკა რთულია, რადგან ადრეულ სტადიაში დაავადებას გამორჩეული კლინიკური ნიშნები არ ახასიათებს.
- როგორია გაფანტული სკლეროზის ტრადიციული მკურნალობა და იყენებს თუ არა თანამედროვე მედიცინა სხვა ახალ მეთოდებს?
- ვინაიდან გაფანტული სკლეროზი იმუნური სისტემის ერთგვარი დეფექტის შედეგია, მკურნალობის ტრადიციული მეთოდის მთავარ სამიზნეს სწორედ იმუნური უჯრედები წარმოადგენს. პრეპარატებიდან ძირითადად იმუნომოდულატორებს იყენებენ, მაგალითად, ინტერფერონს. ინტერფერონით მკურნალობისას აგრესიული ტიპის იმუნური პასუხი, რომელიც გამოწვეულია თ1 ლიმფოციტებით, გადაჰყავთ არააგრესიულში, რომელიც გამოწვეულია თ2 ტიპის ლიმფოციტებით. ამის შედეგად ნაკლებად ხდება მიელინის გარსის დაზიანება, იმუნური სისტემის მოდულაცია, მდგომარეობის შეცვლა და მიელინის დაზიანების შეფერხება. მართალია, ამ დაავადების ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, მაგრამ ჰოლანდიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სტრესი იმუნური სისტემის ბუნების შეცვლას იწვევს, რაც გაფანტული სკლეროზისთვის დამახასიათებელი მოვლენაა - ორგანიზმის იმუნური სისტემა ნერვული ბოჭკოების მიელინის გარსს ანადგურებს, რადგან უცხო სხეულებად აღიქვამს. გარდა ამისა, ადრეულ სტადიაში გაფანტული სკლეროზის მკურნალობისას ახალ მეთოდს იყენებენ - ეს არის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია. ამერიკელმა და ევროპელმა მეცნიერებმა ღეროვანი უჯრედებით მრავალი პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება შეძლეს. დადგინდა, რომ ამ მეთოდით წარმოქმნილი ახალი უჯრედები უკვე აღარ უტევენ მიელინის გარსს და პაციენტების მდგომარეობის აშკარა გაუმჯობესება იწყება. მკურნალობის ამ მეთოდით შესაძლებელია დაავადების მიზეზის - თავისა და ზურგის ტვინის დამზიანებელი აუტოიმუნური თ- ლიმფოციტების ლიკვიდაცია. ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია დაავადების ადრეულ ეტაპზე პათოლოგიური პროცესის პროგრესირებას აჩერებს. ოპერაცია არ ტარდება შორს წასული ფორმების შემთხვევაში, როცა უკვე მრავალი წელია აღინიშნება მოძრაობის დარღვევის, შარდის გამოყოფისა და ამ დაავადების სხვა მძიმე გამოვლინებებით.
გაფანტული სკლეროზით დაავადებულებისთვის არასასურველია მზის აბაზანები, საუნა და სხვა სითბური პროცედურები. ზაფხულში უნდა მოერიდონ სიცხეს. სასურველია, რომ რეგულარულად შეასრულონ მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშები, პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესებაზე დადებითად მოქმედებს ასევე ცურვა.
ლიკა კერატიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)