ირაკლი ალასანიას მეუღლემ, ნათია ფანჯიკიძემ ტაქსით მგზავრობისას შვილის ნაჩუქარი საფულე დაკარგა, რომელიც მოგვიანებით კეთილმა ადამიანებმა უკან დაუბრუნეს. თავსგადახდენილ ისტორიას ნათია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აღწერს.
"გუშინ მეგობარს ვხვდებოდი სამსახურის მერე და ტაქსში დამრჩა საფულე. შიგთავსზე დიდად არ მიდარდია, შვილის ნაჩუქარი საფულეა და წლებია მაქვს, ულამაზესი, მოძველებურო სტილის და მოთმინებით ველი, როდის გაიქუცება (კარგი ხარისხია და არ იქუცება იოლად), სიბერემდე მინდა მქონდეს და მინდა კარგად გადაიქექოს... მოკლედ საფულეზე დამწყდა გული ძალიან.
ხოდა, რა მოხდა და ჩემს მერე ჩამსხდარან პატარა გოგოები, უნახავთ საფულე, უიო... შევცოდებივარ, ტაქსის მძღოლს შეშინებია, არ წაიღონ ამ ბავშვებმაო და არ ატანდა, გოგოებს შეეშინდათ, მძღოლმა არ წააცუნცულოს სახლშიო და ატყდა ამბავი. გოგოებმა აჯობეს მძღოლს, აქოშინებული მძღოლი მომადგა "ბეღელში", სადაც სევდიანი და უფულო (მეგობრის ხარჯზე) ვსანსლავდი ყველის ხინკლებს.... მოკლედ, დამიბრუნდა ჩემი საფულე და გავხდი ბედნიერი და ასმაგად ბედნიერი იმის გამო, რომ ყოველთვის მართალი ვარ, როცა ვამბობ, - ქართველებზე საყვარელი და ადამიანური არავინ დაიტრაბახოს რომ არის. და რაღაცნაირი სიხარულით და ღიმილით მაქვს სავსე გული, რომ წარმოვიდგენ ამდენი პატოსანი ადამიანი ერთმანეთს რომ ეჭვის თვალით უყურებდა, ვიზუალურად ვხედავ ამ საყვარელ სცენას. ერთადერთ რამეზე მწყდება გული, რომ მძღოლი ვერ დავასაჩუქრე, კი ვეხვეწე, ცოტა ხანს დარჩი, სანამ მომიტანენ საფულესთქო, მაგრამ იუკადრისა და წავიდა... რამდენიც არ უნდა მიმეცა, მის ადამიანურ ღირებულებას ამით ვერ შავაფასებდი. ეგეთ ადამიანებს კიდევ ვიბრაციით დაუბრუნდებათ სიხარული სამყაროდან, აუცილებლად, მძღოლასაც და იმ საყვარელ გოგოებსაც", - წერს ალასანიას მეუღლე.