არაოფიციალური სტატისტიკური მონაცემით, საქართველოში 250 000-მდე ნარკომანია. გაეროს აღიარებით, მიუხედავად დიდი მცდელობისა, ნარკომანიასა და ნარკოტიკებთან ბრძოლაში საბოლოო წარმატებას ვერც ერთმა ქვეყანამ მიაღწია, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა მასთან ბრძოლის მეთოდებზე, მათ შორის, დეკრიმინალიზაციასა თუ ე. წ. მსუბუქი ნარკოტიკების, მათ შორის, მარიხუანას ლეგალიზების საკითხზე. გვესაუბრებიან არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი ვექტორის" ხელმძღვანელი კოკა ლაბარტყავა და ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე.
კოკა ლაბარტყავა: - ლეგალიზების არა, მაგრამ იმის მომხრე ვარ, რომ მარიხუანას მოწევის გამო ადამიანს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ უნდა ემუქრებოდეს, არც მკაცრი ადმინისტრაციული სასჯელი, ჩვენ, ის ადამიანები, ვინც მძიმე ნარკოტიკზე ვიყავით დამოკიდებულნი, ვამბობთ, რომ ასეთი მიდგომა ზიანს აყენებს ამ ადამიანების ოჯახის წევრებს, ბევრი მათგანი უსახლკაროდ დარჩა, მათი შვილები - ულუკმაპუროდ. თუ ადამიანები ქუჩაში, სხვის თვალწინ მოიხმარენ ნარკოტიკს, შეიძლება ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ, მაგრამ სანქციები შესაბამისი უნდა იყოს, ამ თანხით ბიუჯეტი არ უნდა ივსებოდეს.
ზურაბ სიხარულიძე: - არ ვეთანხმები ნარკოტიკის "მსუბუქად" და "მძიმედ" დაყოფას, მარიხუანა ჩვეულებრივი ნარკოტიკია, ზოგადად, შეიძლება ნაკლებ ზიანს იწვევდეს, მაგრამ არც ისე უვნებელია - ფსიქიკის მძიმე დაზიანებას იწვევს; მისი ლეგალიზება მიუღებელია, რუსთაველზე ნამდვილად არ უნდა აბოლებდე მარიხუანას, მაგრამ დეკრიმინალიზაცია, ვფიქრობ, შესაძლებელია - მისი გარკვეული რაოდენობით, პირადი მოხმარებისთვის ფლობის გამო მოქალაქე არ უნდა ისჯებოდეს. ასეთი სიები მთელ მსოფლიოშია. რაც შეეხება სამედიცინო მხარეს, მარიხუანას სისტემატური მოხმარება იწვევს დამოკიდებულებას, ფსიქოზს, ჰაშიშური ფსიქოზი კი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პათოლოგიაა ფსიქიატრიასა და ნარკოლოგიაში, არსებობს მოსაზრება, რომ შიზოფრენია და ჰაშიშური ფსიქოზი ძალზე ჰგავს ერთმანეთს. მარიხუანას ხშირი მოხმარება იწვევს ათასნაირ ფობიას, ორგანულ დაზიანებებს, თავის ტვინის ქერქის ატროფიას, სასუნთქი გზების პრობლემებს, ასევე, ხასიათის მკვეთრ ცვლილებას, ეიფორიის შეგრძნებას, თუმცა რიგ შემთხვევაში, მომხმარებელი შეიძლება, დეპრესიაში ჩავარდეს, სედატიური ეფექტიც აქვს, გააჩნია ადამიანის ფსიქიკას, რა ფონი ხვდება "წამალს".ე.წ. კლასიკური ნარკოტიკებისგან განსხვავებით, მარიხუანას მოწევა არ იწვევს შიდსს, ც ჰეპატიტს, ნაკლებია კრიმინალის ალბათობა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ ნარკომანების 99%-ისთვის, ვინც დღეს დამოკიდებული ინტრავენური ნარკომანია, პირველი ნარკოტიკი სწორედ მარიხუანაა, მაგრამ არიან ისეთებიც, მთელი ცხოვრება მარტო მარიხუანას რომ მოიხმარენ...
"დაბოლილმა" საცოლის ოჯახში მოვშარდე და სათამაშო ძაღლს დავაბრალე
ლაშა: საცოლის მშობლებთან ხელის სათხოვნელად მივდიოდი და მეგობრებმა გასამხნევებლად მარიხუანას მოწევა შემომთავაზეს, მეც დავთანხმდი. კარგ ხასიათზე მივადექი მათ სახლს, საცოლის მშობლები ჯერ შინ არ იყვნენ, ოთახში შესვლისას დავინახე ლეკვი, რომელსაც დიდხანს ვეფერე. უეცრად, ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება მომინდა, არ ვიცოდი, სად ჰქონდათ საპირფარეშო.. დიდხანს ვიცადე და ბოლოს, ვეღარ მოვითმინე... იმედი მქონდა, რომ ყველაფერი ძაღლს დაბრალდებოდა, ასეც მოვიქეცი. მხოლოდ მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ძაღლი სათამაშო ოყო, ცხადია, ჩემი საცოლე ყველაფერს მიხვდა.
ცნობისთვის: ბელგიაში რამდენიმე წლის წინ მარიხუანა მსუბუქ ნარკოტიკად მიიჩნიეს; მისი მოხმარება ლეგალიზებულია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი საზოგადოებრივ წესრიგს არ არღვევს და სხვას არ მიჰყიდის, თუმცა, სასტიკად აკრძალულია მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ავსტრალიის რამდენიმე შტატში მარიხუანა ნაწილობრივ ლეგალიზებულია, დაშვებულია მისი შენახვა და გამოყენება პირადი მოხმარებისთვის, 25 გრამამდე. 2009 წლიდან არგენტინაში ჰაშიშის შენახვა სისხლის სამართლის დანაშაულად აღარ ითვლება, ამ ნარკოტიკისადმი ასევე ლოიალური მიდგომა აქვთ ბრიტანეთს, გერმანიას, კანადას, მექსიკას.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)