ინტერნეტსაიტებზე, ამა თუ იმ ცნობილი თუ უცნობი ადამიანის ინტერვიუს ქვემოთ ან სხვადასხვა ფორუმზე, ხშირად შეხვდებით აგრესიულ კომენტარებსა და ზღვარგადასულ ლანძღვა-გინებასაც კი. უარყოფითი დამოკიდებულების მსგავსი ფორმით გამოხატვა, ზოგისთვის რატომღაც ნორმად და ცხოვრების წესადაა ქცეული და დღის განმავლობაში, ათასგვარ სისაძაგლეს სხვადასხვა ადამიანის სახელით წერს. არის საიტები, სადაც ცენზურა დაცულია, თუმცა უცენზურო სიტყვაში ზოგიერთ ასოს სხვა ასოთი ცვლიან. მაგალითად, - "ყ"-ს მაგივრად - "ღ", "დღ" და ა.შ. ადამიანების მიმართ მათი აგრესია კი ყოველგვარ ზღვარს სცილდება. მაგალითად, ავიღოთ ინტერნეტპორტალი - ambebi.ge, სადაც ამა თუ იმ თემის შესახებ საკუთარ აზრს უამრავი მკითხველი გამოხატავს. რა რეაქცია აქვთ ამაზე ცნობილ ადამიანებს და უნდა არსებობდეს თუ არა უფრო მკაცრი ცენზურა? ამის შესახებ "პალიტრამედიის" newsroom-ის მთავარ რედაქტორს - ნატა მუმლაძეს და რამდენიმე ცნობილ ადამიანს ვესაუბრე.
დავით ზურაბიშვილი, პოლიტიკოსი:
- მკითხველი სხვადასხვაგვარია და ვისაც რა უნდა, იმას წერს. გააჩნია ინტერნეტსაიტსაც. თუ ავტორიტეტულია, ბევრი ხალხი შედის და რეალურად არსებული განწყობილებების ასახვაა, მაინტერესებს, მაგრამ იქ, სადაც ცოტა და ერთი და იგივე ხალხი წერს, რეალური სურათი არ ჩანს და ასეთებზე ნაკლებად ვრეაგირებ. ბევრია ისეთი, ვინც სხვადასხვა სახელით უარყოფით კომენტარებს წერს. ეს არა მხოლოდ ჩემს შემთხვევაში, სხვებზეც შემინიშნავს. სპეციალობა აქვთ ასეთი. მაგალითად, ერთ-ერთ საიტზე წინასაარჩევნოდ, ბიძინა ივანიშვილსა და იმდროინდელ ოპოზიციაზე ენით აღუწერელი საზიზღრობები იწერებოდა, მაგრამ ამას ერთი კაცი აკეთებდა, ქალის ფსევდონიმებით. ასეთ ადამიანებზე რა უნდა ვთქვა? ზოგს სამსახური აქვს ასეთი, ზოგს - ხასიათი.
ანი გიუნტერი, ტელეწამყვანი, ჟურნალისტი:
- იმ ცნობილი ადამიანებისგან ბევრი ჩემი მეგობარია და ბუნებრივია, მათ შესახებ კომენტარების წაკითხვაც მიწევს ხოლმე. დაფარული ნიკებით უმეტესად წერენ ისინი, ვინც ყველაზე მეტ უარყოფითს აფრქვევს. კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ ადამიანებმა თავიანთი უარყოფითი ემოციები დახარჯონ, თუმცა სამწუხაროა, რომ ეს ხშირად სხვისი შეურაცხყოფისა და დამცირების ხარჯზე ხდება. საკუთარ თავზეც ბევრი სისულელე წამიკითხავს და არ ვთვლი საჭიროდ, რომ პასუხი გავცე. მით უმეტეს, როცა სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე და ისიც გასაგებია, რომ უარყოფით კომენტარებს იმისთვის წერენ, რომ გაბრაზდე.
- თქვენ რა რეაქცია გაქვთ ამაზე?
- მეცინება ხოლმე. რაც უფრო შეურაცხმყოფელი და აბსურდულია კომენტარი, მით უფრო მეცინება. თუმცა, ისეთი არაფერი დაწერილა, რომ მდგომარეობიდან გამოვეყვანე. ცხენიდან რომ გადმოვვარდი, ბევრი უარყოფითი კომენტარი დაიწერა, რამაც ჩემი მეგობარი გააღიზიანა, მაგრამ მოგეხსენებათ, ძალიან მალე ავდექი და ბოდიში, რომ ცუდის მსურველებს ბოროტი აზრები ვერ ავუხდინე. კრიტიკა კარგი სტიმულია იმისთვის, რომ უფრო მეტი გააკეთო და ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის მივესალმები. შეიძლება არაჯანსაღიც იყოს, რაიმე არ მომწონსო, დაწეროს ადამიანმა, მაგრამ როდესაც ჰაერიდან მოტანილი სისულელეა, არანაირი დატვირთვა არა აქვს ჩემთვის.
- ambebi.ge-ზე თუ შედიხართ?
- ambebi.ge-ზე ბევრი რამ იდება და ვკითხულობ ხოლმე, თუმცა კომენტარებს - ნაკლებად. უფრო "ფეისბუკის" კომენტარებს ვადევნებ თვალყურს, საჭირო თემასთან დაკავშირებით. ჟურნალისტი ვარ და ბუნებრივია, მაინტერესებს ხალხის აზრი ამა თუ იმ მოვლენაზე. ვინ ვის რატომ გასცილდა, ამას, რა თქმა უნდა, არ ვკითხულობ. არ მესმის, სხვისი პირადი რაში უნდა გაინტერესებდეს? თუ ძალიან ახლობელი არ არის, მსგავსი შინაარსის სტატიასაც კი არ ვკითხულობ, არათუ კომენტარებს და თუ ახლობელია, მისი ოჯახური მდგომარეობა ისედაც მეცოდინება და საიტებზე დაწერილი ჭორებიდან სიმართლეს მაინც ვერ გაიგებ. მე თვითონ ჟურნალისტიც ვარ და რესპონდენტიც და კარგად ვიცი, რა შემიძლია ვილაპარაკო და რა - არა.
- თქვენი აზრით, როგორი კატეგორიის ხალხია ინტერნეტში სხვისი ლანძღვით დაკავებული?
- ყველაზე მეტად მაღიზიანებს, როცა ადამიანს გარეგნობის გამო ლანძღავენ. ეს არ შეიძლება მიიჩნეოდეს ნაკლად ან ღირსებად. თუ გარეგნული ნაკლი აქვს ადამიანს, როგორ შეიძლება ამის გამო მისი კრიტიკა? განსაკუთრებულ ყურადღებას პლასტიკურ ჩარევებსა და ოპერაციებზე ამახვილებენ. ეს ადამიანის პირადია, მან ასე გადაწყვიტა და მისი არჩევანია, საკუთარი თავი ისეთი შექმნა, როგორიც უნდოდა. გარეგნობით ადამიანის წარმატება არ განისაზღვრება. მეორე უკიდურესობაცაა, როცა ვინმე განსხვავებულ აზრს გამოთქვამს, საპასუხოდ შემდეგ მას ლანძღავენ, - შურსო. ამ დროს, შესაძლოა, სულაც არ შურდეს და უბრალოდ, არ მოსწონდეს. ავტომატურად შურიანად ითვლები.
- უნდა იფილტრებოდეს თუ არა საიტებზე უარყოფითი კომენტარები?
- ცენზურა მეტ-ნაკლებადაა დაცული, გინება მგონი არ იბეჭდება და ყველაფერზე საკუთარი აზრი შეუძლიათ გამოხატონ. არ ვარ იმის მომხრე, რომ მხოლოდ დადებითი კომენტარები დაიწეროს, თუმცა ეთიკის ნორმები აუცილებლად უნდა დავიცვათ. შინაგანი სინდის-ნამუსის ამბავია. საკუთარ თავზე ხშირად გამიგია, რომ თურმე ჭორფლიანი და მშრალი სახის კანი მაქვს და ყველაფერს მაკიაჟით ვფარავ. ასეთ ჭორს ყურადღება როგორ უნდა მივაქციო?
ზურა მანჯავიძე, მომღერალი:
- სიმართლე გითხრათ, არ შემინიშნავს, ეტყობა, არ მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ კომენტარები - კარგია თუ ცუდი, რომ მენახა, ნერვები მომეშლებოდა (იცინის). სატელევიზიო ინტერვიუებშიც ბევრი ჩხუბი მიწევს ხოლმე და ახლა ინტერნეტშიც რომ ჩხუბი დავიწყო, ამის არც დრო მაქვს და არც ნერვები (იცინის). ისე, სიმართლე გითხრათ, ზოგიერთი ცნობილი ადამიანი იმსახურებს კიდეც კრიტიკას, მაგრამ ვიღაცისთვის მათი ლანძღვა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დამსახურებულ ლანძღვას უნდა შეეგუონ, ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთზე მეც ცუდი წარმოდგენის ვარ. როცა რაიმეს აშავებ, პასუხისთვის მზად უნდა იყო. ზოგადად, ლანძღვა, რა თქმა უნდა, ეთიკური არ არის და ვისაც მეტი საქმე არ აქვს, რომ ინტერნეტში იჯდეს და ილანძღოს, ეს მისი პრობლემაა. ალბათ უნდა იყოს საშუალებები, რომ სხვისი სახელით დამწერს პასუხიც მოსთხოვო. კონტროლის მექანიზმებიც უნდა არსებობდეს. მოსახლეობის აზრის დაფიქსირება, ერთგვარი სოციოლოგიური გამოკითხვასავითაა, მაგრამ რეგულირება აუცილებელია, უზრდელობაში არ უნდა გადავიდნენ.
სოფო ხალვაში, მომღერალი:
- რაც მეორე შვილი შემეძინა, მას შემდეგ, ინტერნეტისთვის ნაკლებად მცალია, თუმცა ინტერვიუებზე დაწერილ კომენტარებს არც მანამდე ვადევნებდი თვალყურს. ორი შვილის დედას, მაგის დრო ნამდვილად არ მაქვს. საერთოდ, ყველას აქვს საშუალება აზრი ღიად გამოთქვას ინტერნეტით და სარგებლობენ, - რასაც ფიქრობენ, ყველაფერს წერენ, ეს კი ადამიანზე ან უარყოფითად მოქმედებს, ან - დადებითად. ჩემთვის ეს უმნიშვნელოა.
გიორგი ყიფშიძე, მსახიობი:
- ვერაფერს გეტყვით, უარყოფითი კომენტარები და ჩემი ლანძღვა არსად მინახავს. თუმცა, ვფიქრობ, ზოგადად, ეს არასწორი და მიუღებელია. შეფასება უარყოფითიც უნდა მიიღო და დადებითიც, უნდა მოუსმინო და მერე გააანალიზო, სწორი იყო თუ არა, რამდენად გამოგადგება და ა.შ.
ნანიკო ხაზარაძე, ტელეწამყვანი:
- კომენტარებს თვალყურს არ ვადევნებ, მაგრამ ჩემ შესახებ უარყოფითი რამ არ შემინიშნავს. თუ ვნახავ, მერე გეტყვით, რა რეაქცია მექნება (იცინის). მნიშვნელობა არა აქვს, ადამიანი ცნობილი იქნება თუ უცნობი, სხვისი ლანძღვა მართებულად არ მიმაჩნია.
მარკუს მეტრეველი, მომღერალი:
- ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია, მაგრამ ადამიანებისა და ოჯახების ლანძღვა-გინება მიუღებელია. მე თუ ვმღერი, ამით შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, ვისაც უნდა მოუსმინოს, ვისაც არ უნდა - გადართოს. ყველამ თავის პირად ცხოვრებას მიხედოს და სექსუალური ცხოვრება დაარეგულიროს, ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში სწორედ ესაა და სხვისი ცხოვრების წეს-ჩვეულებებს ამიტომაც განიხილავენ.
- საზღვარგარეთ ცხოვრებისას უცხოურ საიტებზე თუ შეგინიშნავთ მსგავსი უარყოფითი კომენტარები, როგორიც საქართველოშია?
- არც ერთი ადამიანი და არც ერთი საიტი არ დაუშვებს ლანძღვა-გინებას, ცენზურა მაღალ დონეზეა. მწვავე კრიტიკა შეიძლება, მაგრამ დედის გინებასა და განადგურებაზე გადასვლა, როგორც ეს აქ ხდება, არავითარ შემთხვევაში. ქართველებმა კრიტიკაც კი არ ვიცით ნორმალური. ყველამ საკუთარ თავში ვეძიოთ შეცდომები და ძალიან წარმატებულები ვიქნებით, თუ ამას გამოვასწორებთ. სხვისი ცუდი ნუ გვიხარია!
ნატა მუმლაძე, "პალიტრამედიის" "newsroom"-ის მთავარი რედაქტორი:
- "პალიტრამედიის" თითქმის ყველა საიტზე გვაქვს პრემოდერაციის სისტემა. საიტზე განთავსებამდე ჩვენი მოდერატორი ყველა კომენტარს კითხულობს, ფილტრაცია ხდება, თუმცა ვდებთ როგორც დადებით, ისე უარყოფით კომენტარებს, რადგან სხვაგვარად მოქცევისას მკითხველის აგრესია მოყვება. მას აქვს უფლება, თავისი აზრი გამოთქვას. მხოლოდ ისეთ კომენტარებს ვშლით, სადაც უცენზურო გამონათქვამებია. მთავარია, ცენზურის ნორმებში ჯდებოდეს.
- ხშირად მოდის უცენზურო სიტყვებით სავსე კომენტარები?
- კი, ძალიან ბევრია, კომენტარების თითქმის ნახევარი იშლება. მეტი კომენტარი არის იქ, სადაც პიროვნება არ ჩანს და შეგიძლია, ნებისმიერი ნიკსახელი მიიწერო. მაგალითად, ჩვენს საიტებზე - ambebi.ge, marao.ge, kvirispalitra.ge, palitratv.ge უარყოფითი კომენტარები მრავლადაა. ზოგადად ხალხი ძალიან აგრესიულია.
- ვისზე ყოფილა ყველაზე მეტი აგრესიული ან დადებითი კომენტარი?
- პატრიარქია ერთადერთი, რომელზეც მხოლოდ დადებითი კომენტარებია. იშვიათად, რომ მასზე ვინმემ რაიმე უარყოფით კონტექსტში თქვას. დანარჩენ შემთხვევაში, თითქმის თანაბარი რაოდენობითაა დადებითიც და უარყოფითიც. ცალკე ვერავის გამოვყოფ.
- ერთი და იმავე კომპიუტერიდან ზოგი სხვადასხვა სახელით ბევრჯერ პოსტავს, ამის კონტროლი შესაძლებელია?
- არა, ამას ვერ ვხედავთ, თუმცა არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც კომენტარებს მუდმივად აკეთებენ, ყველა სტატიაზე, მათ უკვე წესები იციან. მკითხველები ხშირად ერთმანეთშიც კინკლაობენ და ჩხუბობენ. ეს კომენტარები საზოგადოებრივი აზრის დანახვის საშუალებას გვაძლევს და ხშირად სტატიისთვის ახალი თემაც კი ჩნდება. ასე რომ, ბევრ საინტერესოსა და სასარგებლოსაც ვკითხულობთ.
- ანუ საიტის ინტერესებიდან გამომდინარე, ცენზურა აუცილებელია.
- სიმართლე გითხრათ, ზოგჯერ შენიშვნასაც გვაძლევენ, რომ ჩვენი ცენზურა სუსტია და კომენტარები უფრო მეტად უნდა გავფილტროთ და დავბლოკოთ, მაგრამ დაბლოკვის შემთხვევაში აგრესია ჩვენზე გადმოდის - საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას არ გვაძლევთო. ვთვლი, რომ ამის უფლება ჩვენს მკითხველს უნდა ჰქონდეს.
- კომენტარებში ლანძღვა რესპონდენტებს აღიზიანებთ და ყოფილა შემთხვევა, როცა მათ "გზისთვის" წაუყენებიათ მოთხოვნა, რომ ინტერვიუ საიტზე არ დადებულიყო, რადგან მათი ახლობლები და ოჯახის წევრები უარყოფითი კომენტარების გამო ღელავენ და განიცდიან, როცა მათ უსამართლოდ აუგად მოიხსენიებენ. ასეთ შემთხვევაში რესპონდენტები ნაწყენდებიან...
- აქაც ხშირად დაურეკავთ და უთხოვიათ, ინტერვიუზე კომენტარები გათიშეთო, მაგრამ ვთვლი, რომ როდესაც "სტატიის თემა", საზოგადოების ინტერესის ობიექტი ხარ და შენზე რაღაცას წერენ, უნდა შეგეძლოს, რომ სხვისი აზრის მიმართ გულგრილი იყო. აზრთა სხვადასხვაობა, რა თქმა უნდა, იქნება. ზოგს ძალიან მოეწონები, ზოგს - არა. რა პრინციპით უნდა გავუშვა მხოლოდ დადებითი და უარყოფითი დავბლოკო? ეს არასწორია.
თამთა დადეშელი
(გამოდის ხუთშაბათობით)