საპარლამენტო უმცირესობის წევრისა და გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის განცხადებით, ბარბარე რაფალიანცის საქმე გახსნილია, თუმცა "ქართულ ოცნებას" მისი გახმაურება არ აწყობს. ღვინიაშვილი არ აკონკრეტებს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს, სოფელ კოლაგში გარდაცვლილი ბავშვის საქმის გახსნის შესახებ ინფორმაცია საიდან აქვს.
"მაქვს ინფორმაცია, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმე გახსნილია, მაგრამ არ ახმაურებენ, რადგან "ქართულ ოცნებას" არ აწყობს. იმიტომ არ ახმაურებენ, რომ როგორც კი ამას იტყვიან, ის ადამიანი, ვინც მე ტრაგედიის ღამეს დამადანაშაულა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი, რომელიც ახლა კულტურის მინისტრის მოადგილეა, ცრუ დასმენისთვის უნდა დაისაჯოს. მე ძალიან კარგად ვიცი სისხლის სამართლის კოდექსი და ცრუ დასმენა დანაშაულია. სრულიად ნათელია, რა მოხდა ამ ღამეს, "ქართულმა ოცნებამ" გამოიყენა ეს წინასაარჩევნოდ და ცოცხების ფონზე ამომრჩეველი ამ ტრაგედიით დამძიმებული მიიყვანა საარჩევნო ყუთებთან," - განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.
შეგახსენებთ, 2013 წლის 19 ნოემბერს, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის დროს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იჩქარა, როდესაც გამოძიების დასრულების თარიღი გამოაცხადა.
საქმის სწრაფი გამოძიების პირობა კი, ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ დადო. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრების სიცრუის დეტექტორზე შემოწმების შემდეგ შსს იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბავშვის მკვლელობაში დედა და დეიდა მონაწილეობდნენ.
იხილეთ ვრცლად