საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალებს დაარსებიდან 14 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით სპეციალური ოპერაციების პირადი შემადგენლობა იუბილეს ვაშლიჯვრის ბაზაზე საზეიმოდ აღნიშნავს. სამხედრო მოსამსახურეებისთვის პროფესიული დღის მისალოცად ვაშლიჯვარში უკვე მივიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. სპეციალურად ამ დღისთვის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროები საბრძოლო სროლების საჩვენებელ სწავლებას მართავენ.
ტაქტიკურ სწავლებაში "მოწინააღმდეგეზე პირდაპირი იერიში UH-IH ტიპის შვეულმფრენები და "კობრას" ტიპის საბრძოლო მანქანები მონაწილეობენ. სამხედრო მოსამსახურეები ამოცანების შესრულების დროს გადაადგილების და ბრძოლის წარმოების სხვადასხვა ტაქტიკურ მეთოდებს იყენებენ.
საჩვენებელი წვრთნის დასრულების შემდეგ სასროლეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ პირად შემადგენლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი მიესალმებიან და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურს ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი კიკნაძეს სახელმწიფო ჯილდო- ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენი გადაეცემა.
სტუმრები დღესვე სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე არსებულ სამხედრო აღჭურვილობას და სპეციალურ შეიარაღებას დაათვალიერებენ.