პრაღაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ გრიგორი კარასინმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ "მანიაკალური მტრობა, რომელიც ღვივდებოდა საქართველოს წინა მთავრობის მიერ, წარსულში დარჩა".
მისი თქმით, მხარეებს წინ ელოდება ერთობლივი გადაწყვეტილებების ძიების კონსტრუქციული პერიოდი, რომელიც დაეფუძნება ორივე მხარის ინტერესებს.
"ეს დაეფუძნება პატივისცემის წესებს, ხალხზე ზრუნვას, ჰუმანიტარულ კავშირებს, იმას, რომ გადავდგათ შემხვედრი ნაბიჯები, გადავწყვიტოთ ეკონომიკური და სოციალური საკითხები, რომ ერთად მივიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებებში. ერთი სიტყვით უამრავი საკითხია",-განაცხადა კარასინმა.
ზურაბ აბაშიძემ კი აღნიშნა, რომ სასურველია პროგრესი იყოს ჟენევის დისკუსიებშიც. "ჩვენი მხრიდან ამისთვის ყველაფერი კეთდება. ჩვენ დავადასტურეთ, რომ საქართველოს პრემიერი და ახალი პრეზიდენტი მხარს უჭერენ ჩვენი დიალოგის გაგრძელებას. ჩემის მხრიდან უნდა აღვნიშნო ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელიც შეასრულა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ამ დიალოგის დაწყებაში",-განაცხადა აბაშიძემ.
გრიგორი კარასინის კომენტარის თარგმანი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.