თანატოლებისგან განსხვავებით, 2 წლის რომასთვის გართობის საუკეთესო საშუალება მსოფლიო რუკის შესწავლა გახლავთ. ბავშვმა საქართველოს რუკა და მსოფლიო რუკის 80% უკვე აითვისა. ამჟამად, დროშები აინტერესებს... მისი ასაკისათვის უცნაური ინტერესის მქონე ბიჭუნასთან საუბარი ვერ შევძელი: თანატოლების მსგავსად, საბავშვო გადაცემები მასაც უყვარს და ჩემთან საუბარს ტელევიზორის ყურება არჩია. სამაგიეროდ, ნიჭიერი ბიჭუნას შესახებ მამამისს ვესაუბრე.
დავით გრძელიძე, რომას მამა:
- რომა ჯერ კიდევ წლის და 2 თვის იყო, როცა რუკით დაინტერესდა: საქართველოს რუკა რომას ძმების საძინებელ ოთახში გაკრული გვაქვს. არ ვიცი, ბიჭუნა ფერებმა დააინტერესა თუ რა მოხდა, მაგრამ იმ ადგილას რომ გაივლიდა, რუკას თითს დაადებდა და გვანიშნებდა (მაშინ ლაპარაკი არ იცოდა) - ეს რა არისო? დედამისმა აუხსნა - ეს ფოთია, ბათუმი, ქობულეთი... მეორე დღეს ვეკითხებოდით, რუკაზე სად მდებარეობდა მაგალითად - ფოთი? ნასწავლი არ ავიწყდებოდა. ყოველდღე თითო ქალაქის მდებარეობის შესახებ ვეუბნებოდით. ზღვისპირა ქალაქები რომ შეისწავლა, "ხმელეთზეც" გადმოვედით - მიჰყვა და მიჰყვა... წლინახევრისამ საქართველოს რუკა თითქმის მთლიანად აითვისა. პატარა ქალაქებსაც (ბაღდათი, ვანი, ვალე, აბასთუმანი...) დაუბრკოლებლად პოულობდა.
- რუკის მიმართ ინტერესი არ განელებია თუ რადგან იმახსოვრებდა, საკუთარი ინიციატივით ასწავლიდით?
- ინტერესი არ განელებია, პირიქით - გასართობად რუკა უფრო აინტერესებს, ვიდრე - სათამაშოები. ახლა მსოფლიო რუკა მოვიტანეთ. ერთი ხალიჩაზეც დაფენილი აქვს. ზედ დაწვება და ქვეყნების შესახებ გვეკითხება, - ეს რა არისო? ბევრი მეც არ ვიცოდი... წინათ თუ ქვეყნის დასახელებას ვეუბნებოდით და რომა რუკაზე თითით გვიჩვენებდა, ახლა შეგვიძლია, თითით ჩვენ ვანიშნოთ, ქვეყნის დასახელება კი თავად თქვას.
- სიტყვა "ქვეყნის" მნიშვნელობა თუ იცის?
- არა მგონია, რომ ჯერ ეს ესმოდეს, მაგრამ რომას მხედველობითი მეხსიერება აქვს. მაგალითად, გუშინ წვეულებაზე ვიყავით. ბიჭუნამ ჟანგიანი ღობე დაინახა, რომელსაც ალაგ-ალაგ საღებავი გაცლილი ჰქონდა. ფიგურები კონტინენტებს მიამსგავსა. ღობესთან მიმიყვანა და მითხრა: ეს აფრიკაა, ეს - ავსტრალიაო. იმ ღობესაც რუკას ეძახდა.
- ალბათ, რუკა ძმებზე უკეთ იცის, არა?
- მართალია. ჩემი უფროსი შვილი 16 წლის არის, შუათანა - 14-ის. რომა პატრიარქის ნათლული გახლავთ. შინ, სადაც სალოცავი კუთხე გვაქვს, ბავშვი მიდიოდა და პატრიარქის სურათს კოცნიდა. შემდეგ სურათი ძირითად ოთახში (სადაც ხშირად ვართ) გამოგვატანინა და გვაიძულა, იქ დაგვედო. სურათთან ხშირად მიდიოდა.
- მშობლები რა პროფესიის ბრძანდებით? გეოგრაფიასთან კავშირი თუ გაქვთ?
- მეუღლე ბიოლოგია, მაგრამ პატარას გამო ამჟამად არ მუშაობს. მე კი 20 წელია, სტომატოლოგად ვმუშაობ.
- რომას შესახებ კიდევ რას გვეტყვით, როგორი ბავშვია?
- ძმებთან შედარებით მეტყველებაც ადრე დაიწყო. დედმამიშვილებს მოფერებით სახელებს არქმევდა. მაგალითად, უფროს ბიჭს თორნიკე ჰქვია. როცა რომას სურს, რომ თორნიკემ რაიმე სურვილი შეუსრულოს, ძმას "კოკოს" ან "კოკუჩიას" ეძახის, სხვა დროს კი ჩვეულებრივი სახელით მიმართავს... ახლა აფრიკაში შემავალი ქვეყნებით დაინტერესდა. რამდენიმე მათგანი ისწავლა და რუკის გარეშეც იცის - აფრიკას რომელი ქვეყნები ეკუთვნის. გუშინ მანქანაში ვისხედით და ვეკითხებოდი, - აბა, აფრიკაში რომელი ქვეყნები შედის-მეთქი? 4-5 ქვეყანა ჩამოთვალა. ჯუჯა სახელმწიფოებს თუ არ ჩავთვლით, მსოფლიო რუკის 80% ათვისებული აქვს. რუკის ქვემოთ სახელმწიფოების დროშებია გამოსახული. რამდენიმე მათგანი რომამ თვითონ ამოირჩია და მათ შესახებ გვკითხა. გუშინწინ ბანგლადეშის დროშას დაადო ხელი - ეს რა არისო? ეტყობა, ფერები მოეწონა. წინათ მეც არ ვიცოდი - ბანგლადეშის დროშით ცხოვრებაში არ დავინტერესებულვარ. ფერებსაც ადვილად იმახსოვრებს. ცეკვა, სიმღერა აინტერესებს. ახლახან "ბიბლუსიდან" ანბანი მოვუტანეთ. დაინტერესდა - ადვილად იმახსოვრებს...
რომას კარგი მეხსიერება რომ აქვს, ფაქტია, მაგრამ დავინტერესდი - თუკი ბავშვმა "ქვეყნის" მნიშვნელობაც არ იცის, 2 წლის ასაკში მისთვის მსოფლიო რუკის ცოდნა ზედმეტი ხომ არ არის? პატარის ნიჭის გამოყენება რომასთვის უფრო სასარგებლოდ ხომ არ შეიძლება? გადავწყვიტე, ფსიქოლოგს - ქალბატონ ირინა ტაბუციძეს (პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცენტრ "პიკის" დირექტორი) დავკავშირებოდი, რომლისგანაც საინტერესო პასუხი მივიღე:
- ზოგადად, 2 წლის ბავშვებს იმის უნარი არ აქვთ, რომ ამხელა ინფორმაციას ფლობდნენ. ალბათ, ეს განსაკუთრებული ნიჭია. როგორც უნდა მოინდომოს, ვერც ერთი მშობელი ვერ შეძლებს, რომ 2 წლის ბავშვს ამდენი რამე ძალით ასწავლოს. როგორც ჩანს, ბავშვს თავად აქვს ამის შესაძლებლობა და სურვილი. უბრალოდ, სპონტანურად იმახსოვრებს. ძალიან მცირე ასაკში, ასე სწავლობენ "ვეფხისტყაოსანს", ითვისებენ უცხო ენებს... ამაში საგანგაშოც არაფერია და ალბათ, არც გენიოსობის შემთხვევაა. ფაქტია, რომ პატარას ნიჭი აქვს. თუ აინტერესებს და სწავლობს, ეს პრობლემა არ არის.
ეთო ყორღანაშვილი
(გამოდის ხუთშაბათობით)