მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის შემოქმედებით ცხოვრებაში სიახლეებია: ორ ფილმში გადაიღებენ. გარდა ამისა, მისი პერსონაჟი პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" დააბრუნეს, მართალია ისე აქტიურად არ ჩანს ეკრანზე, მაგრამ მაინც უხარია, რომ საყვარელი გმირის თამაში უწევს...
"ამბები.გე" ზუზუ ბეჟაშვილს დაუკავშირდა.
- მესიამოვნა, რომ ჩემი გმირი, რომელიც ძალიან მიყვარს, სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ისევ გამოჩნდა...
ასევე მაქვს გადაღებები მოკლემეტრაჟიან ფილმზე. ახალგაზრდა, საინტერესო რეჟისორთან ვმუშაობთ და კიდევ ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს ქართულ-რუსული პროექტის, სადაც მთავარი გმირი - გოგი უნდა განვასახიერო. ფილმს ჰქვია "გოგი ჩამოვიდა". საინტერესო სცენარია, რომელიც ინტელექტუალური იუმორითაა გაზავებული, რასაც ხაზს განსაკუთრებით ვუსვამ, რადგანაც ეს ის იუმორია, რომელიც არ მძულს. მეორე ფილმიც იგივე პროდიუსინგის მიერ იქნება გადაღებული და ვფიქრობ, მასზე მუშაობა "გოგიზე" ადრე დაიწყება, სადაც ასევე კარგი როლი მაქვს...
ლოდინი არ მიყვარს, მაგრამ ცუდ ხასიათს შველის, როცა მახსენდება, რომ ეს პროექტი მელოდება. "გოგი" მხოლოდ კინოთეატრებზე ("ამირანი" და "რუსთაველი") არ არის გათვლილი. მას "ესენგე"-ს ქვეყნების 170 კინოთეატრში აჩვენებენ. როგორც პროდუსერები ამბობენ, ფილმში რუსი მსახიობებიც ითამაშებენ...
- როგორ მოხვდი ამ ფილმში?
- პროდიუსერმა დათო აბდალაძემ და არა მარტო მან, ჩემი თავი მთავარი გმირის როლზე შემოქმედებით ჯგუფს შესთავაზა, გადაუგზავნა ჩემი ყველანაირი მონაცემი, რაც გამაჩნია. შემდეგ მოსკოვიდან ჩამოვიდა პროდუსერი, რომელიც შემხვდა.
- კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერე?
- დოკუმენტზე ჯერ ხელი არ მომიწერია, ესეც მალე მოხდება, გავერკვევი კონტრაქტის პირობებში და მერე. რაც მთავარია, ეს არის ქართულ-რუსული ერთობლივი პროექტი.
- ამ პროექტში ვინ წარმოადგენს ქართულ მხარეს?
- ამაზე ლაპარაკისგან ჯერ თავს შევიკავებ, რადგან არ ვიცი, მათ აქვთ თუ არა ამის შესახებ საუბრის სურვილი. ვილაპარაკებ მხოლოდ ჩემზე...
- გოგის როლის შესასრულებლად როგორ ემზადები და რაზეა საერთოდ ეს ფილმი?
- იცით, რამდენი ხანია ეს სცენარი წავიკითხე და სახლში მიდევს? თავიდან რომ გავეცანი, მაშინვე მომინდა ამ როლის თამაში. ამ პერსონაჟზე ვფიქრობ და ბევრ რამეს ჩემს თავში ვცვლი კიდეც, ანუ როგორი წარმომიდგენია გმირი, რომელიც უნდა განვასახიერო, მაგრამ საბოლოოდ რეჟისორის მოთხოვნებიც ხომ უნდა დავაკმაყოფილო?..
- მოკლედ, გოგი უკვე "მომწიფებული" გყოლია...
- თუ ჩემი წარმოდგენა დაემთხვა რეჟისორისას და ერთ ენაზე ვილაპარაკებთ მე, რეჟისორები და სცენარისტები, ბედნიერება იქნება... სცენარისტი ამირან ამირანაშვილია (სამწუხაროდ, პირადად არ ვიცნობ). რეჟისორია ევგენი გრიგორიევი, პროდუსერი მოსკოვიდან რეზო შარაბიძე გახლავთ. ქართული მხარის რეჟისორს კი საიდუმლოდ თუ სურპრიზად შემოვინახავ.
წინასწარ ლაპარაკი დიდად არ მიყვარს, მაგრამ უკვე იმდენი შეხვედრა მქონდა და იმდენი მილოცვა მივიღე თვითონ პროდუსერებისგან, რომ არ ვფიქრობ, რომ წინასწარ ლაპარაკი გამომდის.
- ე.ი. გადაღება გაზაფხულზე იწყება, ხომ?
- ზუსტი თარიღის დასახელება გამიჭირდება, რადგან კვლავაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. სავარაუდოდ, უფრო გაზაფხულ-ზაფხულში.
- სად იქნება გადაღება?
- გადაღებები რამდენადაც ვიცი, თბილისში, ბათუმსა და მოსკოვში იქნება. ზოგიერთი ობიექტისთვის რუსთავს გამოიყენებენ და კიდევ ბევრ ლოკაციას (საზღვარი, მატარებელი, გემი).
- ისე, სცენარის წინასწარ გათქმა არ შეიძლება, მაგრამ მოკლედ რომ გვითხრა ფილმი რაზეა?
- ფილმი მეგობრობაზეა... ჩემი გმირი მსახიობია, რომელიც თბილისში იტალიურ ეზოში ცხოვრობს, სადაც მეზობლად რუსი ტიპი ჰყავს, რომელთანაც ბავშობა გაატარა. ისინი ერთმანეთს შეჰპირდნენ, შვილი პირველად ვისაც გაუჩნდება, პატარას მეორე მონათლავს.
რუსი საცხოვრებლად მურმანსკში მიდის, სადაც დაოჯახდება და იქ ჩემს გმირსაც ეპატიჟება, რათა ახალშობილი მონათლოს. გოგი მურმანსკში მოსკოვის გავლით მიდის და საზღვრიდან მისი თავგადასავლების სერია იწყება. რუსების ოჯახში კი ყოველ შაბათ-კვირას სუფრა იშლება, - საქართველოდან სტუმარს ელიან. ჩემი გმირი მათთან ფილმის ბოლოს ჩადის...
- ამბავი მომეწონა...
- ჰო, მეც მომწონს და ვნახოთ, რა გამოვა...
- წარმატებებს გისურვებ.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის