ambebi.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიას, "შემზარავი ფაქტი: ზესტაფონელმა ბიჭმა ძაღლს ნაჯახით თავი მოაჭრა და ფოტო ინტერნეტით გაავრცელა", მკითხველის დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეთა ნაწილმა ცხოველთა დამცველთა ინიციატივით გამართულ აქციაში მონაწილეობაზე განაცხადა თანხმობა.
რაც შეეხება სტატიის გამოხმაურებას, მკითხველის კომენტარების უმრავლესობაში ახალგაზრდის ქმედება დაგმობილია. "მე მგონი ამ ბიჭს ფსიქოლოგის დახმარება ჭირდება ან ფსიქიატრის", - წერს ერთ-ერთი მკითხველი.
Ambebi.ge დაინტერესდა, თუ რას ფიქრობენ ფსიქოლოგები ზესტაფონის რაიონში მომხდარ ამ შემზარავ ფაქტზე.
ფსიქოლოგი გიორგი კალანდარიშვილი:
- ფსიქოლოგიური კუთხით, ამ შემთხვევის მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება ყოფილიყო. კონკრეტულად ამ პიროვნების შემთხვევაში, როგორ იყო არ ვიცი, მაგრამ როგორც წესი, არის ხოლმე ძალადობა ოჯახში ან ზოგადად სამეგობრო წრეში. ანუ ადამიანი, რომელიც განიცდის ძალადობას საკუთარ თავზე, ხშირად ასევე იქცევა, რაც შესაძლოა, არა ადამიანების, არამედ ცხოველების მიმართ გამოვლინდეს.
ეს ადამიანი ფსიქოლოგიურად რომ შევაფასოთ, მას აგრესიის დიდი მუხტი ჰქონდა, რომელიც ამგვარად გამოხატა. რაც შეეხება მის მიერ აღნიშნული ფაქტის ამსახველი ფოტოს მისივე ნებით, საჯაროდ გამოქვეყნებას, ეს შეიძლება იყოს, მესიჯი, რომ შესაძლოა, ის ცუდად არის ან პროტესტს გამოხატავს რაღაცის მიმართ;
არ ვიცი კონკრეტულად ამ პიროვნების შემთხვევაში რა იყო. ასეთი ინტერპრეტაციაც შესაძლებელია, რომ ვთქვათ, ის ვერ უბედავდა თავისი ადრესატს და ძაღლზე განახორციელა აგრესია და მესიჯიც გაგზავნა, დადო სურათი და თქვა, რომ ასე მძულხარ...
მეორეს მხრივ, შესაძლოა ამ ადამიანში არის რაღაც, რაც აიძულებს, ასეთი ფსიქიურად არაჯანსაღი ქმედება განახორციელოს და გამოხატოს საზოგადოებაში თავისი სათქმელი. ფსიქიატრები და ფსიქოლოგები უნდა ჩაერთონ და გაირკვეს რა ხდებოდა.
მე ვფიქრობ, ამ ადამიანს სჭირდება არა იმდენად სასჯელი, არამედ მუშაობა, რომ გაირკვეს, საიდან არის ამდენი აგრესია. აუცილებელია გარკვევა, რა მდგომარეობაში ჩაიდინა, რამ უბიძგა.
გიორგი კალანდარიშვილისგან განსხვავებულია მანანა მელიქიშვილის მოსაზრება. ფსიქოლოგისთვის მიუღებელია საზოგადოების იმ ნაწილის რეაქცია, რომელიც ფაქტის მიმართ პროტესტს სარჩელის შეტანითა და აქციის სახით გამოხატავს.
მანანა მელიქიშვილი:
- მე არ შევაფასებ ამ კონკრეტულ ადამიანს; არ მინახავს, არ დავლაპარაკებივარ. შეიძლება ვიღაცამ გადაუღო, თვითონ არ გააკეთა, იქნებ ფოტომონტაჟია, ჩვენ არაფერი ვიცით... თუმცა საერთოდ, ის არის დემონსტრატიული ტიპი.
შესასწავლია ეს ყველაფერი. იქნებ იმ ძაღლმა მე შემიღრინა და იმის მაგივრად, რომ ხეზე ავმძვრალიყავი, ავდექი და ჩავარტყი. თუ ადანმიანს არ აქვს ფსიქიკური გადახრა და ასეთ აგრესიას ახდენს, სჭირდება გარკვეული მუშაობა ფსიქოლოგთან, რომ ასწავლოს სწორი ქცევა.
რა თქმა უნდა, რეაქცია უნდა ჰქონდეს მშობელს, მასწავლებელს, მეზობელს, მაგრამ საპროტესტო აქცია არის გადაჭარბებული. თუ სრული ინფორმაცია აქვთ, რომ აღნიშნული პიროვნება არის სადისტური მიდრეკილების, ეს უკვე დაავადებაა და მკურნალობა სჭირდება. ასეთი დემარშით კი პირიქით, მას მიეწებება იარლიყი, რომ ის არის ცუდი, ბოროტი, და შესაძლოა შემდეგ მან შეითვისოს ეს როლი - შეიძლება მომავალში უარესი გააკეთოს.
ამ ახალგაზრდის მიმართ სარჩელის შეტანა გამორიცხულია. ზოგადად, რომ იყოს ცხოველების დაცვის აქცია, გავიგებ, მაგრამ ამაზე რომ არის მიბმული, ვერ მივიღებ. არ ვიცი, ვინ არის მაგრამ ვცდილობ დაცვიცვა.
ამასთან, ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ შესაძლოა, ამგვარი ქცევის ერთ-ერთ მიზეზად გარემოც განვიხილოთ და საზოგადოებაში არსებულ ზოგად აგრესიულ ფონზე აკეთებს აქცენტს.
"საპატიო ადამიანები პარლამენტში ერთმანეთს ურტყამენ. იქნებ ახალგაზრდა თაობა ფიქრობს, რომ ასე ძალადობით უნდა წყდებოდეს პრობლემები", - ამბობს ფსიქოლოგი მანანა მელიქიშვილი.
ბელა თაბუაშვილი, Ambebi.ge
ასევე იხილეთ : ზესტაფონელმა ბიჭმა ძაღლს ნაჯახით თავი მოაჭრა და ფოტო ინტერნეტით გაავრცელა