მორიგი სწავლებისას, აშშ-ის სამხედრო ფლოტის სარაკეტო კრეისერ USS Chancellorsville-ს უპილოტო საფრენი აპარატი დაეცა. ინციდენტი კალიფორნიის სანაპიროსთან, ღია ზღვაში მოხდა. სწავლების მიზანი ხომალდის საბრძოლო სისტემების მუშაობის უნარიანობის შემოწმება იყო. ფლოტის კუთვნილი BMQ-74-ის ტიპის უპილოტო თვითმფრინავი ხმელეთიდან იმართებოდა და სავარაუდოდ, ტექნიკური გაუმართაობის გამო კრეისერის მარცხენა ბორტს დაეცა. მომხდარის შედეგად ხომალდს რაიმე მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუღია. სხეულის უმნიშვნელო დაზიანება ეკიპაჟის ორმა წევრმა მიიღო.
BMQ-74-ის ტიპის უპილოტოები ამერიკული ფლოტის განკარგულებაში 1968 წლიდანაა. მას მფრინავი სამიზნის სახით და მოწინააღმდეგის სარაკეტო შეტევის იმიტაციისთვის იყენებენ. მისი ფრენის მაქსიმალური სიჩქარე 972 კმ/სთ-ია.
ინციდენტის შემდეგ ხომალდმა გეზი სან-დიეგოში მდებარე აშშ-ის ფლოტის ბაზისკენ აიღო, სადაც შესაბამისი სამსახურები სარაკეტო კრეისერისთვის მიყენებულ ზარალს დაითვლიან.
მოამზადა ნუკრი მგელაძემ flot.com-ის მიხედვით.