18 ნოემბერს საღამოს, ალბათ, მთელმა საქართველომ ნახა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში თემურ ქეცბაიას შეხვედრა ჟურნალისტებთან.
რა აზრი დაგრჩათ?
შევეცადე, წარმომედგინა, რა ემოციურად ელაპარაკება გასახდელში ეროვნული ნაკრების თავკაცი ფეხბურთელებს. იმის წარმოდგენაც ვცადე, როგორ უნდა დაალაგოს ასეთმა ფეთქებადმა კაცმა გუნდში სიტუაცია და როგორ უნდა შექმნას კარგი ატმოსფერო.
ქეცბაია ძალიან ემოციური გახადა კითხვამ - ხომ არ არის საჭირო ფინანსური მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისთვის?
ქეცბაიამ ემოციურად ისაუბრა იმაზე, თუ რატომ არ თუ ვერ ჩამოვიდა ალექსანდრე ამისულაშვილი ნაკრებში ესპანეთთან საგარეო მატჩისთვის და ისიც კი თქვა - ჟურნალისტები ფეხბურთელებს ალიბებს უქმნითო.
და რატომ არ ილაპარაკა ქეცბაიამ ამისულაშვილის ჩამოსვლა-არჩამოსვლაზე ესპანეთთან მატჩის წინ ან მის შემდეგ?
ძნელია, პოლემიკაში შესვლა ამ ადამიანთან და ამაში წუხელ, ალბათ, ყველა დარწმუნდა.
ქეცბაიამ რამდენჯერმე ახსენა ფრაზა "ნორმალური ქვეყანა" და წუხელ კიდევ ერთი კითხვის დასმის საშუალება არ მომეცა - რომელ ნორმალურ ქვეყანაში ხდება, ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ასეთი ტონით ელაპარაკებოდეს ჟურნალისტებს?
ქეცბაია გადადგომას არ აპირებს - წუხანდელმა შეხვედრამ ამის ვარაუდის საშუალებაც მოგვცა.
რა თქმა უნდა, მისი წასვლით საქართველოს ნაკრებს ფეხბურთელთა ოქროს საბადო არ გაუჩნდება, მაგრამ რატომ არ შეიძლება, რომ სხვასაც მიეცეს შანსი, ჩაიბაროს ეს ნაკრები და იქნებ, უკეთესად იმუშაოს, ვიდრე ქეცბაიამ?!
იხილეთ ვიდეო და სტატია სრულად