ბოლო დროს საქართველოში სამწუხაროდ სუიციდის შემთხვევები გახშირდა, არაერთმა ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ტრაგედია დუშეთის რაიონის სოფელ ბაგაშიც დატრიალდა. ფიჩხზე წასული გლეხები საშინელი სურათის თვითმხილველი გახდნენ, მათი თანასოფლელი, 20 წლის ლევან ზურაბაშვილი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს...
"მაღალი, საოცრად ლამაზი ბიჭი მყავდა. თავის მაჯის სიმსხო ორ ტოტზე თავი ჩამოიკიდა და დამღუპა. იმდენად დიდი იყო, რომ ხემ მის წონას ვეღარ გაუძლო და გადაიხარა", - გვითხრა ლევანის მამამ, ზაზა ზურაბაშვილმა. იგი მომხდარში იეღოველებს ადანაშაულებს!..
დეტალების გასარკვევად დუშეთში ჩავედი. ზურაბაშვილების სახლამდე რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით მომიხდა...
- ყოფილი პოლიციელი ვარ, სოფელში კუკარაჩას მეძახდნენ, მაგრამ ახლა უმუშევარი ვარ, - გზადაგზა მესაუბრება ზაზა. ამასობაში სახლსაც მივადექით, სადაც სიდუხჭირე აშკარად თვალში საცემია. ზურაბაშვილების ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია და სახელმწიფოსგან დახმარებას იღებს. ზაზა ზურაბაშვილმა კარადიდან ოჯახის ალბომი გადმოიღო, კედლიდან ლევანის სურათი ჩამოხსნა და საუბარი დაიწყო:
- 27 წლის ვიყავი, ცოლი რომ შევირთე. პოლიციაში ვმუშაობდი, სამ შვილს ვზრდიდით და, ალბათ, ბედნიერები ვიქნებოდით, იეღოველთა სექტას რომ არ დავეღუპეთ. ჩემი სიდედრ-სიმამრი და მათი ნათესავები იეღოველები გახდნენ და ჩემი მეუღლეც ჩაითრიეს. კონგრესებზე დაჰყავდათ, აძლევდნენ ლიტერატურას. აქედან დაიწყო ოჯახში უბედურება. ჩემი მეუღლე დიდ დროს თავის მშობლებთან ატარებდა, იქ იყო იეღოველთა ბუნაგი, ბავშვებიც დაჰყავდა კრებებზე... მთაში გაზრდილი კაცი ვარ, ირგვლივ უამრავი წმინდა სალოცავი გვაქვს და ბუნებრივია, შევეწინააღმდეგე ცოლს. როცა შინ ამ ლიტერატურას ვნახავდი, მაშინვე ღუმელში შევუძახებდი. ბოლოს იმდენად დაიძაბა ურთიერთობა, რომ 1999 წელს განვქორწინდით. მეუღლემ შვილებიც წაიყვანა. გოგონები ძალიან პატარები იყვნენ, ბიჭი - სასკოლო ასაკისა.
ლევანის მონათვლა მოვასწარი ქრისტიანულად, გოგონებისა - ვეღარ... ბავშვების ნახვის უფლებას არ მაძლევდნენ, იქ რომ მივიდოდი, ხან ქვებს მესროდნენ, ხან მლანძღავდნენ, ახლაც ჩამესმის ჩემი შვილების განწირული ხმა, გაიქეცი, მამიკო, მოგკლავენო... მერე ჩემი ყოფილი მეუღლე საბერძნეთში წავიდა და ბავშვები მშობლებთან დატოვა.