იაკობ გოგებაშვილის "დედაენაზე" ბევრი ითქვა და ბევრიც ითქმება. ბოლო ხანს ვითარება იმანაც გაართულა, რომ 2009 წელს გრიფირებული "დედაენა" 2011 წლიდან რეკომენდებულ სახელმძღვანელოთა სიიდან ამოვარდა. არადა, გოგებაშვილის "დედაენის" მიხედვით შედგენილი სახელმძღვანელოები სკოლებში ისწავლება, - გვითხრა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა. მისი თქმით, ეს პრობლემაა.
- აქ ჩნდება პრობლემა - რას ნიშნავს "მიხედვით"? ამ საანბანე სახელმძღვანელოებს სხვა ავტორები ჰყავთ, თუმცა, ფაქტობრივად, სიტყვასიტყვით მისდევენ გოგებაშვილს, მხოლოდ სტილისტურ-ორთოგრაფიული შესწორებებია ენის თანამედროვე ნორმებით გათვალისწინებული; ამასთან, "ავტორები" გოგებაშვილის ტექსტიდან გამომდინარე, კითხვებს სვამენ და სავარჯიშოებს ადგენენ. ამას პლაგიატი ჰქვია... მეორენი კი პირიქით, ამბობენ, რაღა დროს გოგებაშვილის "დედაენით" სწავლებაა, გოგებაშვილი 100 წლის წინ გარდაიცვალა, თანამედროვე ბავშვი სხვა სამყაროში ცხოვრობსო, რაც, რბილად რომ ვთქვათ, საკითხის უცოდინარობით მოსდით. გოგებაშვილის შემდეგ მართლაც ბევრი რამ შეიცვალა და ეს ახალმა სახელმძღვანელომ უნდა ასახოს, მაგრამ მთავარია, გოგებაშვილისეული პრინციპები არ დაირღვეს. "დედაენას" - ანბანის სწავლების გოგებაშვილისეულ მეთოდს - ამ წლის დასაწყისში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, ახლა კი იუნესკოს მივმართავთ, რომ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიტანოს. "დედაენით" სწავლების მეთოდი უნიკალურია, იგულისხმება პირველივე გაკვეთილზე შემოტანილი "აი ია" და შემდეგ, მარტივიდან - რთულისკენ, ნაცნობიდან უცნობისკენ სვლა. "აი ია"-ს ჩანაცვლება შეუძლებელია. გოგებაშვილმა "დედაენის" შედგენისას ყველა ნიუანსი გაითვალისწინა - რამდენჯერ უნდა განმეორდეს ტექსტში ახალი ასო-ბგერა, რა რიგითობით ისწავლებოდეს ანბანი და ა.შ, ანგარიშს უწევდა ასო-ბგერის ფონეტიკურ ბუნებას, გრაფიკას, რამდენად არის ახლოს ადრე შესწავლილ ასო-ბგერებთან და ა. შ...
- "დედაენის" ერთ-ერთ ახლანდელ სახელმძღვანელოში ასოები განსაზღვრული რიგითობით ისწავლება ა და ი, შემდეგ - დ და ე, მ და ს და ა.შ...
- პირველი კლასის ამ სახელმძღვანელოს საავტორო ჯგუფის ხელმძღვანელია აწ გარდაცვლილი ვახტანგ როდონაია, ამ მეთოდის ავტორი - მარიამ მირიანაშვილი. ეს არის უცნაური სახელმძღვანელო, ასო-ბგერა ა-ს შესასწავლად შემოაქვთ ისეთი სიტყვები, როგორიც არის აკვარიუმი, აქლემი და არწივი. გოგებაშვილი ამბობს, წერა-კითხვის სწავლებისას ბავშვი ნაცნობ სამყაროში უნდა შევიყვანოთო, არის კი ყველა ქართველი ბავშვისთვის ნაცნობი ისეთი ცხოველი, როგორიც არის აქლემი, ან განა ყველა 6 წლის ბავშვმა იცის, რა არის აკვარიუმი? მეორე მხარეა, თვითონ ამ სიტყვების შედგენილობა, 9-ასოიანი აკვარიუმიდან ერთ ასოს ვასწავლით, რაც ბავშვისთვის რთულია. ამ მეთოდზე საუბრისას აცხადებენ, რომ ასე ასწავლიან ევროპაში - ჯერ კითხვას და მერე წერას, რომ ბავშვმა სიტყვა ისე უნდა დაიმახსოვროს, როგორც ნახატი, მაგრამ არ ითვალისწინებენ იმას, რაც ჯერ კიდევ იაკობ გოგებაშვილმა თქვა, - ჩვენი ენა უნიკალურია და ევროპული ენებისგან განსხვავებით, ერთ ბგერას მხოლოდ ერთი ასო შეესაბამება, ევროპულ ენებში კი ერთი ბგერა შესაძლოა 3-4 ასოთიც გადმოიცეს, ერთი ასო სხვადასხვაგვარად შეიძლება იქნეს წაკითხული სხვადასხვა შემთხვევაში... რატომ ვართულებთ საქმეს? აქ მიმბაძველობა გაუმართლებელია. რაც შეეხება ასოების თანმიმდევრობას, გოგებაშვილი ა-სა და ი-ს შემდეგ ასო-ბგერა თ-ს ასწავლის, რომელიც გრაფიკული თვალსაზრისით ყველაზე ახლოს არის ა-სა და ი-სთან. ამ წიგნში ერთ გაკვეთილზე ბავშვმა ასოც უნდა ისწავლოს, სიტყვაც და მისი შესატყვისი ცნებაც უნდა აღიქვას, ანუ როგორც იაკობი ამბობს, სამი სიძნელე ხვდება, თუმცა, უმჯობესია ერთ გაკვეთილზე ერთი სიძნელე შეხვდეს. ან ნაცნობია კი 6 წლის ბავშვისთვის ისეთი სიტყვები, როგორიცაა პონი, დასი, მოლარე, ჰაერობურთი, რომელიც ამ სახელმძღვანელოში გვხვდება? განა სხვა, უფრო ნაცნობი სიტყვების მოძებნა არ შეიძლება ამა თუ იმ ასობგერის შესასწავლად?
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)