ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში რამდენიმე დღის წინ დაწყებით კლასის მოსწავლეების მშობლები დაიბარეს და გააფრთხილეს, რომ ბავშვებს ფული არ გაატანონ სკოლაში. როგორც გაირკვა, უფროსკლასელი ბიჭები პატარებს ფულს ართმევენ და აშინებენ, რომ არ გაამხილონ, თორემ ფიზიკურად გაუსწორდებიან. უკვე ცნობილია, რომ აღნიშნულ სკოლაში ადმინისტრაციამ გამომძალველი მოსწავლეების ვინაობა დაადგინა და გარიცხვით დაემუქრა.
რამდენად გადაჭრის მოსწავლის სახლიდან უფულოდ გაშვება პრობლემას, სხვა საკითხია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ფულის გამოძალვის პრობლემა არა მარტო დაწყებითი კლასის მოსწავლეებს აქვთ. გაცილებით რთულადაა საქმე უფროს კლასებში, რომელთაც არა მარტო ფულის მიტანას აიძულებენ, არამედ აიფონებს, აიპოდებსა და აიპედებსაც ართმევენ. როგორც "ამბები.გე"-ს მაღალი კლასის ერთ-ერთმა მოსწავლემ უთხრა ფულის ე.წ. "დაწერა" ძირითადად სკოლის გარეთ ხდება. სქემა კი შემდეგია:
"არიან "უბნის მეთვალყურე" "კაი ბიჭები", "ძველი ბიჭები". ერთი ბიჭია, ჩვენი სკოლა დაამთავრა და ის ართმევს ფულს ბავშვებს. ოღონდ შარს რომ ვერ მოსდებ. მე-10, მე-11, მე-12 კლასელი ბიჭები ყავს დაძმაკაცებული. ისეთები, ვინც მეტნაკლებად აქტიურები არიან სკოლაში და იცნობენ ხალხს და მაკლერებივით ყავს. ამათ რომ ფული არ მისცენ, კლიენტებივით მიყავთ პოტენციური ფულის მიმცემი ბავშვები. იმას გაყავს ცალკე. ერთი ერთზე ელაპარაკება და მოკლედ ლაპარაკში თუ ჩაგიჭირაა, მერე უნდა გააკეთო - ან ფული მისცე ან აიფონი ან რამე. რომ არ ძველბიჭობენ, ეგეთი ბიჭები მიყავთ ამ ტიპთან და ის ელაპარაკება. თან ისე, რომ ვერ იტყვი ვერაფერს, სულ ბოდიშებით და აი, იქნებ დაგვეხმარო და ასეთი ტექსტებით", - ამბობს მოსწავლე, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბანში ასევე პრესტიჟულ სკოლაში სწავლობს. მისივე ინფორმაციით, არის შემთხვევები როდესაც გოგონებს ოქროს სამკაულების დალომბარდებას სთხოვენ.
პრობლემა მხოლოდ ერთ სკოლაში არ არის. ვაკის ერთ-ერთი სკოლის ყოფილი მოსწავლის მშობლის ინფორმაციით, სკოლაში უფროსკლასელები ჩაგრავდნენ პატარებს.
"ამ სკოლაში უფროსკლასელები მუდმივად ჩაგრავდნენ, ებრძოდნენ პატარებს. გროვდებოდა ე.წ. "ობშჩიაკიც”, გოგონა მყავს, იძულებული გავხდი სხვა სკოლაში გადამეყვანა. ბიჭების მშობლები გაცილებით ცუდ დღეში არიან. ცენტრალურ უბნებში ყველას ეს პრობლემა აქვს", - ყვება ჩვენი რესპონდენტი.
გამომძალველებისგან თავის დაცვას მოსწავლეები სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ. როგორც ჩვენთან საუბრისას ერთ-ერთმა მეთერთმეტე კლასელმა ბიჭმა აღნიშნა, "დანა თავის დასაცავად დააქვს, ფული რომ არ წაართვან".
Ambebi.ge: გთხოვთ, თუ თქვენთვისაც არის ცნობილი მსგავსი ფაქტების შესახებ, მოგვწეროთ კომენტარებში.
ნუცა ახალკაცი, Ambebi.ge