როგორც ცნობილია, საზოგაროებრივი მაუწყებლის დირექტორი თამაზ ტყემალაძე, გადაცემის "ლიხს იქით და ლიხს აქეთ", რეგიონეში მივლინებული გადამღები ჯგუფის დაფინანსებას ადგილობრივი ბიუჯეტიდან ითხოვდა. ტყემალაძე დახმარებისთვის მუნიციპალიტეტების პირველ პირებს წერილობით მიმართავდა. შესაბამისი დოკუმენტები, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ნინო დანელიამ გაასაჯაროვა. მისი განცხადებით, საზმაუს დირექტორი მაუწყებლის შესახებ კანონმდებლობას უხეშად არღვევს.
თამაზ ტყემალაძემ "გურია ნიუსთან" განაცხადა, რომ ფინანსური დახმარება არავისთვის უთხოვია. გთავაზობთ, ამონარიდს "გურია ნიუსის" ინტერვიუდან:
- ბატონო თამაზ, ჩოხატაურის ბიუჯეტიდან თქვენ მიერ გამოგზავნილ ჯგუფს, 5 ადამიანს, კვების თანხა აუნაზღაურეს. ჩვენ ამის დამადასტურებელი დოკუმენტი გვაქვს.
- ძალიან ცუდად მოქცეულან. რომ ჩამოვა ჯგუფი დავსჯი სუყველას.
-დოკუმენტი, რომელიც "გურია ნიუსმა" მოიპოვა ცხადყოფს, რომ თქვენი გამოგზავნილი ჯგუფის კვების ღირებულება აანაზღაურა ადგილობრივმა ბიუჯეტმა.
- ვინ გითხათ მერე მაგას რომ ანაზღაურებენ. ვინ სთხოვდა? შეიძლება ოქროს ბეჭდებიც უყიდონ და ლიმუზინებით გამოუშვან მაქედან. მანდ რა ხდება, მე არ ვიცი.
-თქვენ ფიქრობ, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებმა ჩაიდინეს არასწორი ქმედება, როდესაც თქვენი წერილის საფუძველზე ჟურნალისტების კვების თანხა გადაიხადეს?
-მათ გულში რა აქვთ, მე რა ვიცი. მანდ ზოგი "ნაციონალური მოძრაობის" გველია და ზოგი იქიდან მოფრენილი შპიონი. მე ის ვიცი, რომ ჩემი საქმე უნდა გავაკეთო ძალიან კარგად. წერილის ფინალს წაგიკითხავთ, იქნებ ის უფრო საინტერესოა: _ ჩვენ გაგაგებინებთ ეთერის დროს. საჭიროების შემთხვევაში, თუ რამე მოხდება ისეთი, დაგვიკავშირდით ამ ტელეფონებზე. პატივისცემით, მე ვაწერ ხელს, თამაზ ტყემალაძე. ეს არის ჩემი პირადი წერილი. ეს არ არის მაუწყებლის ბეჭდით და კანცელარიაში გატარებული. ეს ერთი და მეორე, თქვენ რომ ხართ "გურია ნიუსი", მე ვაკვირდები და ძალიან კარგ წერილებს წერთ, ეს რა დასაინტერესებელია ამიხსენით. ამ მყრალი და ამ გიჟი, დორბლმორეული, გოგუაძის და გახელაძის იდიოტიზმს უნდა აჰყვეს ამხელა პრესა?
-ბატონო თამაზ, ძალიან გთხოვთ, კორექტულად. თქვენ ამბობთ, რომ ბეჭედი არ არტყია, თუმცა დოკუმენტს, რომელიც მე მაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბეჭედი აქვს დარტყმული.
- მერე რა. ეგ ოფიციალური წერილია და უნდა ჰქონდეს, აბა, რა. ეს არაოფიციალური წერილი გაგაცანით იმისთვის, რომ როგორც ჟურნალისტმა ყველაფერი იცოდეთ. მე რა ვიცი, საწყალ ჟურნალისტს ვინ ბორში დაუსხა და ვინ რაღაცა. ამას ვინ ქექავს საერთოდ, ვის გაუქექია დღემდე. და მეორე - 25 მილიონი რომ შეჭამეს ამ ტელევიზიაში, რატომ არავის არ გაინტერესებთ, ვინ შეჭამა და სად არის ეგ ფული?
-თქვენი აზრით, არ არის საინტერესო, როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ტელევიზიისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები იხარჯება?
- არავინ არ სთხოვს ამ თანხების დახარჯვას და ვინც ხარჯავს, ეგ იმას მოსთხოვონ.
იხილეთ ვრცლად