საქართველოში ოჯახების ნგრევის სტატისტიკა საგანგაშო მაჩვენებელს მიუახლოვდა. არსებული ინფორმაციით, განქორწინებების რიცხვი ბოლო ათი წლის განმავლობაში 2-ჯერ გაიზარდა. ოჯახების ნგრევას სხვადასხვა მიზეზი აქვს, თუმცა ბოლო დროს მსოფლიოში და საქართველოშიც გახშირდა შემთხვევები, როდესაც განქორწინების მიზეზი სოციალური ქსელია.
მაგალითად, ინდოეთში ქალი ქმართან განქორწინებას მხოლოდ იმის გამო ითხოვდა, რომ მან დაოჯახების შემდეგ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სტატუსი "თავისუფალი" "დაქორწინებულით" არ შეცვალა. მართალია, მსგავსი ფაქტი ქართულ რეალობაში ჯერ არ ყოფილა, თუმცა სოციალურმა ქსელმა ბევრ წყვილს აურია ურთიერთობა.
ნინო 37 წლისაა, მისი ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა ახალგაზრდა ქალი, რომელიც მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში გაიცნო:
"ჩემი მეუღლე მთელი დღეების განმავლობაში კომპიუტერთან იჯდა. ერთხელაც "ფეისბუქი" ჩართული დარჩა და იქ ქალისგან მოწერილი შეტყობინება მოვიდა. ჩემს ქმარს საკუთარ ფოტოებს უგზავნიდა და შეხვედრაზე უთანხმდებოდა. როგორც ჩანს, ეს მათი პირველი შეხვედრა არ იყო... არც კი ვიცოდი, რა უნდა მექნა. გადავწყვიტე, გარკვეული პერიოდი არაფერი მეთქვა, იქნებ ამ ამბავმა სერიოზული სახე არ მიიღოს-მეთქი, თუმცა პირიქით მოხდა. მეუღლე ჩემს მიმართ გაცივდა, სულ იმას იმიზეზებდა, ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ამიტომაც მიწევს კომპიუტრთან გვიანობამდე ჯდომაო. საძინებელში დილამდე არ შემოდიოდა. როდესაც ვუთხარი, ყველაფერი ვიცი-მეთქი, არც კი გაუპროტესტებია, განქორწინებაზე დამთანხმდა".
როგორც აღმოჩნდა, სოციალური ქსელის გამო ოჯახების დანგრევა მთელ მსოფლიოში გახშირდა. ამ მხრივ განსაკუთრებით ამერიკელები გამოირჩევიან. ამერიკელი იურისტები წყვილებს აფრთხილებენ: თუკი რაიმეს დამალვა გსურთ, ფრთხილად იყავით, შეიძლება ის "ფეისბუქის" მეშვეობით გამჟღავნდეს... დღესდღეობით "ფეისბუქს" მილიარდამდე მომხმარებელი ჰყავს. მათი 50 პროცენტი რეგულარულად ათვალიერებს ყოფილი პარტნიორებისა და მეუღლეების პროფილს. როგორც სხვადასხვა სააგენტოები იუწყებიან, შესაძლოა 2020 წლისთვის სოციალური ქსელი განქორწინების მთავარ მიზეზად დასახელდეს. ასე რომ, სამწუხაროდ, კიდევ ხშირად მოვისმენთ: "განვქორწინდით "ფეისბუქის" გამო.
მოამზადა ქეთი საგინაშვილმა