"ყველა სიახლე" ამჯერად ავტოხელოსნების თავგადასავლებზე გიამბობთ. 55 წლის ნოდარ ცეცხლაძე (ხელოსანი):
- უცნაური და შარიანი კლიენტები არ გვაკლია. ერთხელ ერთმა ასეთმა კლიენტმა ჩემივე ქანჩით გამიტეხა თავი. ოღონდ ბოლოს საავადმყოფოში თვითონვე მიმიყვანა. რამდენიმე ასეთი ტრავმის შემდეგ იძულებული გავხდი, ვარჯიში დამეწყო, ყველა ჩხუბში დაზარალებული მარტო მე რომ არ ვყოფილიყავი (იცინის). ერთხელ კი ერთმა მოინტელიგენტო ქალბატონმა საშინლად გამლანძღა, მანქანის ხელოსნების მთელი მოდგმა კი ძირიანად მოგვთხარა. მიზეზი ჩვენი პროფესიული ტერმინოლოგია იყო - რუსული ჟარგონების გამოყენებისა და ქართული ენის ასე დამახინჯებისთვის ხალხმა სასამართლოში უნდა გიჩივლოთო. თავი ვეღარ შევიკავე მის გამოსვლაზე და სიცილი ამიტყდა. ამაზე სულ გადაირია. ბოლოს მივხვდი, რომ მთლად რიგზე ვერ იყო მისი საქმე და დასამშვიდებლად იქით ვუხადე ბოდიშები. დამშვიდდით, ქალბატონო, მეც არ მომწონს რუსული ტერმინოლოგიით რომ ვსაუბრობთ, უბრალოდ, ამ სახელწოდებების ქართული შესატყვისი არ გვაქვს და ამიტომ ვლაპარაკობთ ნახევრად რუსულად-მეთქი. ამაზე ცოტა დამშვიდდა და წასვლის წინ დამემუქრა - მე დაგიწერთ მანქანის ხელოსნებს სპეციალურ ლექსიკონს და აბა, მერე ერთი კიდევ რუსულად გისაუბრიათო... მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა და ყოველდღე ველოდებით, როდის მოგვიტანს ის ქალბატონი "მატორშიკებისა" და "ხადავშიკების" ლექსიკონს.
ორი წლის წინ ერთმა გოგომ მომიყვანა მანქანა - ზეთი გამოვუცვალე და რაღაც პრობლემა აქვსო. იმ სულელს საჭმლის ზეთი ჩაუსხამს. ახალბედა მძღოლი იყო, მანქანაც სულ რამდენიმე დღის ნაყიდი ჰქონდა. ზეთის ჩასხმა რომ დასჭირდა, მეგობრისთვის უკითხავს, რომელი ზეთი ჩავასხაო, ის კიდევ გახუმრებია, "ოლეინა" იყიდეო და ამანაც დაუჯერა.
ესაუბრა მარი ონეზაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)