ავლაბრის რეზიდენციაში მისული მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილს ჩანაწერებს უტოვებენ. ჩანაწერების გაკეთების სურვილი თავად სასახლის დასათვალიერებლად მისულმა მოქალაქეებმა გამოთქვეს, რისთვისაც მათ შესაბამისი რვეული გამოუყვეს.
რამდენიმე ჩანაწერის მოკლე შინაარსი ასეთია: "ბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ კარგად ყოფნას და ჯანმრთელობას. იმედს გამოვთქვამთ, რომ სულ მალე ერთიან და ძლიერ საქართველოში ვიცხოვრებთ. თქვენ დიდი წვლილი გაქვთ შეტანილი მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის"; "დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, რომ თქვენ იბრძოდით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. თქვენ დარჩებით ჩვენს გულებში", "მიშა, მართლა მაგარი ხარ. მოვა ჩვენი დრო დარწმუნებული ვარ შენთან ერთად", "ჩვენო საყვარელო პრეზიდენტო, იმრავლოს შენმა ჯიშმა. მიყვარხარ და მომავალი ჩვენი და თქვენი საქართველოსია. მომავალ შეხვედრამდე", "მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს პატრიოტი და მამულიშვილი, საამაყო პრეზიდენტი. არაფერი მინახავს ამ სასახლეში გრანდიოზული. შიდა ინტერიერი სადა და უბრალოა. ეს სასახლე უნდა დარჩეს პრეზიდენტის სასახლედ".
ავლაბრის რეზიდენციის დათვალიერების მსურველთათვის სასახლის კარი დღეს 12 საათის შემდეგ გაიღო. მოქალაქეები რეზიდენციაში 2-2 ჯგუფად, 30-30 კაცის შემადგენლობით შეჰყავთ. მათ გიდი ემსახურებათ.
მოქალაქეები სასახლეში მარტივი შემოწმების შედეგად, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე შედიან.