"საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯგუფი, გადაცემის - "ლიხს იქით და ლიხს აქეთ", მოსამზადებლად 30 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით მოვლინებული იქნება ჩოხატაურში. გთხოვთ გაუწიოთ დახმარება," - ამ წერილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თამაზ ტყემალაძე ჩოხატაურის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს უგზავნის.
აღნიშნული წერილის საფუძველზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს ჩოხატაურის ბიუჯეტიდან "კვების ქირა" გადაუხადეს.
ჩოხატაურის გამგებლის, თამაზ ჯინჭარაძის განმარტებით, "საზოგადოებრივი მაუწყებლიდან" ჟურნალისტების ტრანსპორტირებასაც ითხოვდნენ. "დამირეკეს და მითხრეს, რომ თბილისში მიკროავტობუსი უნდა გამეგზავნა, ჩამომეყვანა ჟურნალისტები და აქაც ტრანსპორტი მომსახურებოდათ, მერე კი უკან დამებრუნებინა. მათი მოთხოვნების შესასრულებლად, 3 000 ლარი მაინც იქნებოდა საჭირო. ერთადერთი რაც შევძელით, მათი სასტუმროში განთავსება და კვება იყო" , - ამბობს გამგებელი.
გადაცემა - "ლიხს იქით და ლიხს აქეთ", რომლის პროექტის ავტორი თავად თამაზ ტყემალაძეა, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" 15 ოქტომბრიდან გადის და როგორც ირკვევა, სოლიდური ბიუჯეტიც აქვს. ამიტომ გაუგებარია, რატომ ითხოვს ბიუჯეტიდან დაფინანსებული მაუწყებელი ჟურნალისტების ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებას.
იხილეთ ვრცლად