საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდება. სარეიტინგო ტესტ-მატჩი, 14:00 საათზე, რუსთავში, "ხარების" სარაგბო მოედანზე გაიმართება. საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი. გუნდს მის ნაცვლად მამუკა გორგოძე უკაპიტნებს. მოედანზე დისკვალიფიკაციის გამო ვერ გავა ვიტო კოლელიშვილიც.
"სამწუხაროდ, მოხდა ცვლილებები - დისკვალიფიკაცია აქვს ვიტო კოლელიშვილს და საკმაოდ ძლიერი ძალა დაგვაკლდა, ტრავმის გამო მე გამოვეთიშე თამაშს. რაც შეეხება მომზადებას, სათანადო მომზადება გავიარეთ, განვიხილეთ ბევრი ნიუანსი, გავაკეთეთ ვიდეოანალიზი. ვფიქრობ, რომ თამაში ჩვენკენ უნდა იყოს, იმიტომ, რომ გამარჯვებულის ფსიქოლოგია გვაქვს. პირველი თამაში, ასე ვთქვათ, გადავაგორეთ, მოვიგეთ. მეორე თამაშიც სარეიტინგოა და აუცილებლად უნდა მოვიგოთ. იმედი მაქვს, ხალხიც მოვა და მხარს დაგვიჭერს. რევანში გვაქვს ასაღები, თან, თამაში საქართველოშია. ასე რომ, ყველა ფაქტორია იმისათვის, რომ მოვიგოთ," - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ირაკლი მაჩხანელმა.
რუსთავის მერის, დავით ჯიქიას ინფორმაციით კი, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
საქართველოს ნაკრებმა ერთი კვირის წინ, ასევე სარეიტინგო ტესტმატჩში, კანადა დაამარცხა ანგარიშით 19:15. "ბორჯღალოსნები" ზუსტად ერთ კვირაში თბილისში, სამოასთან გამართავენ შეხვედრას.