მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საერთაშორისო კონფერენცია - "მიგრაცია და განვითარება" გაიმართა. კონფერენციას, რომელიც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის მთავრობასთან თანამშრომლობის 20 წლის იუბილეს მიეძღვნა, IOM-ის ხელმძღვანელი ილიანა დერილოვა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორი რენატე ჰელბდი, საქართველოში ისრაელის ელჩი იუვალ ფუქსი, მოლდავეთის დიასპორასთან ურთიერთობის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე ანასტასია სტურზა, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სესიის მოდერატორი კი ვენის რეგიონული სამსახურის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მარინა მანკე იყო.
კონფერენციის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დიასპორული ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებს დაუთმეს; ამასთან ირლანდიის, ისრაელისა და მოლდავეთის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება ქართველ კოლეგებსაც გაუზიარეს. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, კონსტანტინე სურგულაძის განცხადებით, დიასპორასთან ურთიერთობის სტრატეგიის შედმგომი განვითარებისა და განახლების მიზნით, სამინისტრომ სპეციალური პროექტი შეიმუშავა. მინისტრის თქმით, ქვეყნის ფარგლებსგარეთ, საქართველოს დაახლოებით მილიონნახევარი მოქალაქეა გასული: "ოფიციალური სტატისტიკა, რეალურად, არ არსებობს, რადგან წლების განმავლობაში არავინ აღრიცხავდა, ვინ გადიოდა საზღვარგარეთ და ვინ შემოდიოდა, 2007 წლიდან კი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით, საზღვრისპირა მართვის ელექტრონული სისტემა შეიქმნა. შესაბამისად, საზღვარგარეთ მყოფ ქართველთა მხოლოდ სავარაუდო რაოდენობის დასახელება შეგვიძლია. ამ ეტაპზე, ჩვენი გამოთვლით, 1,5 მილიონამდე თანამემამულე საზღვარგარეთ იმყოფება".
მინისტრის განცხადებით, უწყება დიასპორების გლობალურ ქსელს ქმნის, რომლის საშუალებითაც ემიგრანტები სახელმწიფოსგან მათთვის საინტერესო ნებისმიერ ინფორმაციას მიიღებენ. კონსტანტინე სურგულაძე სატესტო ვერსიის ამოქმედებას 2014 წლისთვის ვარაუდობს: "ქსელური ურთიერთობის ამ ფორმატში ჩვენს თანამემამულეებს საშუალება ექნებათ, დარეგისტრირდნენ და ონლაინრეჟიმში სამინისტროს მიერ შეთავაზებული პროექტები განიხილონ. თანამემამულის სტატუსის საკითხზეც ვმუშაობთ. მოქმედი კანონით, თანამემამულედ მიიჩნეოდა ადამიანი, რომელსაც გააჩნია თანამემამულის ვადიანი მოწმობა, თუ აღნიშნულ მოწმობას ვადა გაუვიდა, პირი თანამემამულე აღარაა და ვფიქრობთ, ეს კანონი შესაცვლელია. რაც შეეხება დასაქმების პროგრამას, საზღვარგარეთ მყოფ ქართველებს სამშობლოში დაბრუნებისკენ არ მოვუწოდებთ, რადგან ეს მხოლოდ მათი გადასაწყვეტია, უბრალოდ, შევეცდებით, საქართველოში ისეთი სამუშაო გარემო შევქმნათ, რომ ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნების სურვილი გაუჩნდეთ".
მიგრაციულ პროცესებში ქართული დიასპორის ჩართვის აუცილებლობაზე ალექსი პეტრიაშვილმაც ისაუბრა. ევროატლანტიკურ საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ სახელმწიფომ თითოეული ემიგრანტის კეთილდღეობაზე უნდა იზრუნოს: "ქართულ დიასპორას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის კეთილდღეობაში, ამიტომ აუცილებელია, სახელმწიფომ ამ ურთიერთობების განმტკიცებასა და განვითარებაზე იზრუნოს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფერენციას ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან - ირლანდიასა და ისრაელიდან საკმაოდ გამოცდილი პირები ესწრებიან, ამ მხრივ მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაც".
რუსუდან შელია