ფიზიკოსი ბიძინა მინდორაშვილი პრემიერ ბიძინა ივანიშვილს, ხელისუფლებასა და კერძო ბიზნესს გრანდიოზულ პროექტს სთავაზობს. საქმე ენერგიის აქამდე უცნობი წყაროს გამოყენებას ეხება... დღეს სწორედ ის ქვეყნებია ყველაზე განვითარებული, რომლებიც ინოვაციურ ტექნოლოგიებს ფლობენ - ამ ტექნოლოგიებით ვაჭრობა დაუშრეტელი შემოსავლისა და სიმდიდრის წყაროა. თუ "ვერსიის" რესპონდენტს დავუჯერებთ, საქართველოსაც შეუძლია, ტექნიკური ინოვაციების ქვეყნად იქცეს. ეს განცხადება ვიღაცას შეიძლება, ამბიციურად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია: არ არსებობს მეცნიერების დარგი, ქართველებს თავიანთი ღირსეული წვლილი რომ არ შეეტანათ.
- ექსპერტების შეფასებით, მსოფლიოს გაზისა და ნავთობის მარაგი მხოლოდ 50-60 წელი ეყოფა, ამ ფონზე ერთი წამითაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დედამიწის დღევანდელი კეთილდღეობა სწორედ ნახშირწყალბადოვანი ნედლეულის - ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის აქტიურ მოხმარებას ეფუძნება. 50-60 წლის შემდეგ, როცა ნახშირწყალბადი გამოილევა, ჩვენი ცივილიზაციაც განადგურებას დაიწყებს, ეს პროცესი კი ხანგრძლივი და მტკივნეული იქნება. პესიმისტი არ ვარ, მაგრამ ჯერ არაა ის ენერგომატარებელი აღმოჩენილი, რომელიც ისეთ მოქნილ საწვავს, როგორიც ნახშირწყალბადია, წარმატებით შეცვლის.
ეს ფუნდამენტური ფიზიკის საქმეა, მაგრამ მეცნიერები ველის არაპრაქტიკული, თეორიული კვლევებით არიან დაკავებულები, რაზეც კოლოსალური თანხა იხარჯება. თეორიული კვლევები, ცხადია, აუცილებელია, მაგრამ ცოტა დამაფიქრებელია, რომ შედეგი შორეულ პერსპექტივაშიც არ ჩანს.
1931 წელს, აშშ-ში ელემენტარული ნაწილაკების პირველი ამჩქარებელი ქარხანა აიგო, რასაც მსგავსი მშენებლობების ბუმი მოჰყვა, ყველაფერი კი შვეიცარიაში, ე.წ. ცერნში დიდი ადრონული კოლაიდერის აგებით დასრულდა. ყველა ეს ქარხანა პროტონული, ელექტრონულ-პოზიტრონული ან შერეულია. ყველა ეს ნაწილაკი სტაბილურ და ძირითად ელემენტარულ ნაწილკად მიიჩნევა, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ძირითადი ელემენტარული ნაწილაკი, რომელიც არასტაბილურია, მაგრამ ძირითად ელნაწილაკებს შორის ყველაზე მძიმეა და მისი გამოყენების სფეროც შეიძლება გაცილებით დიდი იყოს. ეს ნაწილაკი ნეიტრონია.
- თქვენი გამოგონებაც ამ ნაწილაკს ანუ ნეიტრონს უკავშირდება?
- აგიხსნით, საქმე რასთანაც გვაქვს: ნეიტრონი რომ არ არსებობდეს, არც ატომური ბომბი იქნებოდა. ჩემი გამოგონებაც - "სივრცისა და მისი გრავიტაციის ფიზიკური თეორია"- სწორედ ნეიტრონს უკავშირდება. სხვათა შორის, ეს გამოგონება საქპატენტში მაქვს გაგზავნილი.
ნეიტრონი და პროტონი არსებითად განსხვავებული ელნაწილაკებია, თუმცა შესაბამის ხელსაწყოში სპეციალური პროცედურებით დამუშავების, ერთმანეთის შეჯახებისა და ანიჰილაციის (ნაწილაკთა გარდაქმნა) შედეგად, სწორედ იმ მეტად საჭირო, ზემძლავრ და, პრაქტიკულად, ულევ ენერგიას იძლევა, რომელიც ყველა არსებულ ელექტრომატარებელს წარმატებით შეცვლის, თან ნეიტრონების ანიჰილაციით მიღებული ენერგია აბსოლუტურად უსაფრთხოა.
ნეიტრონი, როგორც გითხარით, ერთ-ერთი ძირითადი, მაგრამ არასტაბილური ნაწილაკია, ამიტომაც ატომბირთვიდან გამოვარდნილი ნეიტრონი, 10-15 წუთში პროტონად, ელექტრონად და ანტინეიტრონად იშლება. ბირთვიდან გამოთავისუფლებული ნეიტრონები ნახევარდაშლას ერთ წამზე ადრე განიცდიან, ამიტომ მიიჩნევენ, რომ მისი გამოყენება შეუძლებელია და იმის წარმოდგენაც ძნელია, რომ სპონტანური დაშლის პროცესს როგორმე ხელი შეუშალო. ჩემი თეორიით კი, ეს შესაძლებელია და თუკი ნეიტრონის დაშლას შევაფერხებთ, ხელში შეგვრჩება უახლესი ტიპისა და რადიკალურად განსხვავებული კლასის ენერგომატარებელი, რომელიც გამოყენებული იქნება უნივერსალური ძრავის შესაქმნელად. ეს ძრავა დღემდე არსებულ ყველა ძრავას შეცვლის, წყალქვეშა ნავიდან დაწყებული შორეული ფრენის კოსმოსური ხომალდით დამთავრებული. ყველაფერ ამისთვის ფიზიკური კვლევების ჩატარებაა საჭირო. მზად მაქვს ყველა საჭირო ნახაზი და მოქმედების გეგმა, მაგრამ მის განხორციელებას საკუთარი სახსრებით, ცხადია, ვერ შევძლებ. ყველაფერი სახელმწიფოსა და კერძო პირებზეა დამოკიდებული...
P.S. მეცნიერები უფულონი არიან. სახელმწიფოს დანიშნულება კი ისიცაა, რომ მათ ყურადღება მიაქციოს. იგივეს თქმა ბიზნესმენებზეც შეიძლება. ბიზნესის ინტერესი ფინანსური მოგებაა და ეს ბუნებრივიცაა. ზემოხსენებული პროექტი კი, სწორედ მოგებაზეა ორიენტირებული. ასე რომ, ბიძინა მინდორაშვილის წინადადებით დაინტერესება ღირს...
დავით დევიძე