ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს სჯერა, რომ მათ ცხოვრებაში მომხდარ უსიამოვნებებს შელოცვა და "ყვავის ფრთები" უშველის. "ყველა სიახლე" დაინტერესდა, რა კატეგორიის კლიენტურა აკითხავს თბილისელ მკითხავებს. აღმოჩნდა, რომ მათი რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე გვეგონა.
ნათია კ. რიგით 74-ეა. პატარა ოთახთან კი ხალხმრავლობაა. შემოსასვლელში 74 კაცი თავისთავად ვერ დაეტევა, ამიტომაც ზოგიერთი თავის რიგს მანქანაში ელოდება. აქ მხოლოდ ქალები არ არიან, ძლიერი სქესის წარმომადგენლებსაც ბევრს შეხვდებით, თანაც ახალგაზრდებს. ამ ადამიანთა უმრავლესობა თბილისში მცხოვრებია. ყველას საკუთარი პრობლემა აქვს, მაგიურ ოთახს მორიდებით შესცქერიან და ელიან, ჯადოსნური კარი როდის გაიღება და მკითხავის თანაშემწე მათ გვარს როდის დაიძახებს. გარემო მისტიკურია, სწორედ ისეთი, როგორიც ცნობილი მკითხავის სახლს შეეფერება. ხანგრძლივი და დამქანცველი ლოდინის შემდეგ ნათიას რიგიც მოდის და ისიც შიშნარევი ცნობისმოყვარეობით აღებს კარს. სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე და რიცხვი - სულ ეს მონაცემებია საჭირო იმის გამოსაცნობად, როგორი იქნება მისი ბედი. პრობლემა კი სხვადასხვანაირია - ზოგის ფინანსური, ზოგსაც ქმრის დაბრუნება უნდა... ნათია მიყვება, რომ აქ ნაცნობის წყალობით მოხვდა. იმისთვის, რომ იმ დიდი რიგის ნაწილი გამხდარიყო, "ჩაწყობაც" კი დასჭირდა. როგორც აღმოჩნდა, დიდი რიგის გამო ქალბატონი მკითხავი ხალხის ნაწილს ახლობელ მოლასთან გზავნის. მომსახურების ღირებულება ფიქსირებულია და ორმოცდაათ ლარს შეადგენს. თუკი შედეგი არ მოჰყვა, ვიზიტები კიდევ უფრო ხშირდება და ფასიც იწევს.
როგორც გავარკვიეთ, VIP-კლიენტებიც არსებობენ: პოლიტიკოსები, მათი ცოლები და უბრალოდ, ცნობილი ადამიანები... "შვილს მარტო ვზრდიდი. ბიზნესი დავიწყე და საკმაოდ წარმატებითაც. ჩემმა ვაჟმა, რომლისთვისაც სიცოცხლესაც გავწირავდი, ცოტა ხნის წინ გამომიცხადა, რომ შეყვარებულია და ცოლის მოყვანას აპირებს. ის გოგო რომ გავიცანი, არ მომეწონა, ჩემს ვაჟზე გავლენას ახდენს, სულ გაღიზიანებულია, მეჩხუბება, ჩემი არაფერი მოსწონს, სახლშიც არ მოდის და მეუბნება - მრცხვენია, შენი შვილი რომ ვარო. ერთხელ ხელითაც კი შემეხო. დარწმუნებული ვარ, რაღაც გაუკეთა, დღევანდელი გოგონები ყველაფერს კადრულობენ. აქ ჩემი ბიჭის ფოტო მოვიტანე. ფაქტობრივად, შვილს ვკარგავ... ჯერ ჩემი რიგი არ მოსულა, მაგრამ ორი დღეც რომ მომიხდეს ყოფნა, აუცილებლად უნდა შევიდე", - ამბობს ქალბატონი, რომელიც თავის რიგს თითქმის სამი საათია, უცდის.
ჩვენ შევძელით მოლასთან გასაუბრება. ტელმანი უკვე მრავალი წელია ამ საქმეშია. მისი თქმით, განსაკუთრებული ნიჭი მას მამისგან ერგო.
"ჩვენ ჯადოს არ ვაკეთებთ, ეს ადამიანის სრული განადგურებაა, ხშირად სასიკვდილო ჯადოს გაკეთებასაც კი მთხოვენ, მაგრამ პირიქით - მე იმ ადამიანებს ვეხმარები, ვისაც გაკეთებული აქვს. ჯადოს მოხსნა ძალიან ძნელია, ხშირად მას რამდენიმე თვეც კი სჭირდება. ბევრს არ სჯერა ამის, მაგრამ დამერწმუნეთ, არსებობს და ძალიან საშიშია, გაბოროტებულ ადამიანს ყველაფერი შეუძლია, მე კი ასეთ ბოროტებას ვებრძვი".
ქეთი საგინაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)