იშვიათად მინახავს ქალბატონი, საკუთარ სიყვარულზე ისეთი აღტაცებით ლაპარაკობდეს, როგორც ახალგაზრდა პიანისტი - თათი შარანგია. იგი თავს უბედნიერეს ადამიანად მიიჩნევს, რომ ღმერთმა სანდრო შელიას შეახვედრა... დაახლოებით ერთი წელია, ერთად არიან, მაგრამ ისეთი შეგრძნება აქვთ, თითქოს მთელი ცხოვრებაა ერთმანეთს იცნობენ. ეს მათთვის პირველი ქორწინება არ არის. მოგეხსენებათ, თათის პირველი ქმარი ექსპრეზიდენტ შევარდნაძის შვილიშვილი - ლაშა გახლდათ, რომლისგანაც მას ორი ვაჟი ჰყავს. თათი და მისი პატარები დღეს სანდროსთან ერთად ცხოვრობენ.
- სანდრომ, თქვენ გამო სერიოზული გადაწყვეტილება მიიღო: ამერიკაში ხანგრძლივი ცხოვრების შემდეგ, თქვენთან ერთად თბილისში ჩამოვიდა.
- ბოლო ერთი წლის მანძილზე, არაჩვეულებრივ ემოციებთან ერთად, საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა.
- რას გულისხმობთ?
- ჩემგან ბავშვებს ყურადღება რომ არ მოჰკლებოდათ, თბილისი 3 კვირაზე მეტხანს, არასოდეს დამიტოვებია. ამერიკიდან 1 თვით ან მეტი ხნით ჩამოვდიოდი და 2-3 კვირით ისევ სანდროსთან მივდიოდი. მიხარია და მადლობელი ვარ მისი, რომ ჩემი და ჩემი შვილების გამო, ამერიკაში ამდენწლიანი ცხოვრების შემდეგ, საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა.
- სანდრო ამერიკაში რამდენი წელი ცხოვრობდა?
- იქ 18 წლის განმავლობაში იყო და ცნობისათვის, ძალიან სერიოზული დაწესებულების, ამერიკის ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტის უფროსი დირექტორია... ჩემი სამივე ბიჭის (სანდროსი და ორი ვაჟის) ერთად დანახვა - ჩემთვის ახდენილი ოცნებაა! მიგვაჩნია, რომ ედუარდ-გიორგისა (ის 3 წლის და 7 თვის გახლავთ) და ალექსანდრეს (2 წლისა და 4 თვის) ახლა მნიშვნელოვანი წლები აქვთ განვითარებისთვის და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ მომავალს მყარი საფუძველი ჩავუყაროთ. ბავშვებს ძალიან ნათელი გონება აქვთ და ყველაფერს ადვილად ითვისებენ. უკვე ფრანგულადაც დაიწყეს ლაპარაკი. მალე დათოს - სანდროს შვილს პირველი ქორწინებიდან, თბილისში ჩამოვიყვანთ, რაც ძალიან მახარებს. ვგიჟდები მასზე, დადებითი ენერგიის მქონე ბავშვია და მასში სანდროს ვხედავ...
- თქვენს უფროს შვილს, დიდი ბაბუის, ედუარდ შევარდნაძის სახელი ჰქვია. მოკლედ, თქვენ ხართ ედუარდ შევარდნაძის (უმცროსი) დედა...
- ბატონ ედუარდს ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემდი და ჩემს შვილს მისი სახელი ამიტომაც დავარქვი. მინდა, რომ მისი სახელისა და გვარის ღირსეული გამგრძელებელი იყოს. ყოველთვის ვგრძნობდი ბატონი ედუარდისგან გულწრფელ სიყვარულს. ედუარდ-გიორგი, მისი თხოვნით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მონათლა ისევე, როგორც თავად ბატონი ედუარდი.
- ცნობილი პიანისტი ხართ...
- 6 წლის ვიყავი, როდესაც დედამ მუსიკის გაკვეთილზე მიმიყვანა, რადგანაც ძალიან უნდოდა, მუსიკოსი ვყოფილიყავი. ის ძალიან მეხმარებოდა, ყოველდღიურად ჩემთან ერთად მეცადინეობდა... თავიდან ცნობილი მუსიკოსის - ტატიანა დუნენკოს ბაღში მიმიყვანა. ერთხელ, ბავშვებს გვითხრეს, ფორტეპიანოზე ერთმანეთს რამდენიმე ნოტი გადააბითო. დავალების შესრულების შემდეგ, ქალბატონმა ტატიანამ დედას უთხრა, - ეს გოგო მუსიკაში სერიოზულ განაცხადს გააკეთებსო...
ამის შემდეგ პირველი გაკვეთილი არაჩვეულებრივ მუსიკოსთან - ირმა რუხაძესთან მქონდა და ჩემი მომავალი სწორედ მასთან შეხვედრამ განაპირობა. ადრეული ასაკიდან ვმართავდი კონცერტებს, ვმონაწილეობდი როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნულ კონკურსებში. როდესაც პირველად მივიღე გრან-პრი, მივხვდი, რომ კონკურსი ჩემი სტიქია გახლდათ. საერთოდ, იმ ადრენალინს, რომელსაც სცენაზე ყოფნისას ვგრძნობ, ვერაფერს შევადარებ. ბედნიერი ვარ, რომ დავამთავრე პარიზის ნაციონალური კონსერვატორია და ვსწავლობდი ქალაქში, რომელშიც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ შოპენი, ლისტი, კორტი და სხვა არაერთი გამოჩენილი მუსიკოსი. სწავლის გაგრძელებას ახლა უკვე ამერიკაში ვაპირებ, მაგრამ მანამდე, თბილისში, კერძოდ კი "ჯიპაში" დავიწყე სწავლა საზოგადოებასთან ურთიერთობის განხრით. დიდი ხანია, ეს სფერო მაინტერესებს. მომწონს, როდესაც ბევრს ვმუშაობ. მიმაჩნია, რომ ადამიანმა ყოველდღიურად უნდა იშრომოს წინსვლისათვის, რათა საინტერესო ცხოვრება ჰქონდეს და გარშემო მყოფებისთვისაც საინტერესო იყოს.
- ალბათ თქვენი საქმიანობა თქვენს მეუღლეს, სანდრო შელიას ძალიან მოსწონს, არა?
- მინდა აღვნიშნო, რომ იმ ყველაფერს, რასაც ჩემს პროფესიაში ვაკეთებ, ნამდვილად ვერ გავაკეთებდი, რომ არა ჩემი არაჩვეულებრივი მეუღლე - სანდრო. ის ყველაფერში მხარში მიდგას და ყოველდღიურად ცდილობს, ოცნებები ამიხდინოს... ვფიქრობ, ჩვენი გაცნობა ნამდვილად უფლის ნება იყო. მასთან ურთიერთობის შემდეგ მივხვდი, რა არის ნამდვილი სიყვარული. ადამიანებს, ვისაც ეს გრძნობა ეწვევათ, მსოფლიოს შეცვლა შეუძლიათ...
- თქვენი შვილები ვისთან იზრდებიან?
- ბავშვები ჩემთან და სანდროსთან იზრდებიან. მიხარია, რომ ისინი თვალ-ყურს ადევნებენ სანდროს ცხოვრების სტილს და ხედავენ, როგორი შრომისმოყვარე, მზრუნველი, თბილი და მიზანდასახული ადამიანია. სანდრო ბიჭებს თან ჰყვება... შაბათ-კვირას ბავშვები მამასთან არიან. ლაშა ძალიან თბილი და ყურადღებიანი მამაა. მუდმივად ცდილობს, პატარები გაახაროს და ბიჭებსაც უყვართ მასთან მისვლა...
- თქვენ და ლაშას როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- ჩვენ ძალიან ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს, არასოდეს გვქონია დაპირისპირება...
- თქვენი ოჯახის შესახებაც გვიამბეთ.
- ჩვენი ოჯახი ძალიან თბილი და შეკრული გახლავთ. ვინც ჩემი ოჯახის წევრებს იცნობს, დამეთანხმება, რომ კეთილი ბუნების ადამიანები არიან. თანაც, ყოველთვის ჩუმად აკეთებენ სასიკეთო საქმეებს. მიხარია, რომ ჩემს შვილებს მათი სისხლიც აქვთ. ვოცნებობ, მეც ისეთი მშობელი ვიყო, როგორიც ისინი არიან ჩვენთვის და ისეთივე ბავშვობა ვაჩუქო ჩემს პატარებს, როგორიც მათი წყალობით მე და ჩემს და-ძმას გვქონდა. ჩემი და - მარიამი ჩემი საუკეთესო მეგობარი და მრჩეველია. ძალიან ჭკვიანია. ლონდონში, ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტში UCL-ში სწავლობს. ვფიქრობ, ეს დიდი მიღწევაა. ჩემი ძმა - ლუკა, არაჩვეულებრივი, კეთილი სულის ბავშვია. ძალიან კარგად სწავლობს და ყველაფრით მამაჩემს ჰგავს. მისთვის დიდი სიხარულია, როცა სხვას ბედნიერებას ანიჭებს.
იხილეთ ფოტოგალერეა
ლალი ფაცია
(გამოდის ხუთშაბათობით)