მართალია, რატი გაჩეჩილაძე ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' პროექტის მიღმა დარჩა, მაგრამ გული არ გაუტეხია. უახლოეს მომავალში აპირებს, რომ სამეჯლისო ცეკვების ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებში მიიღოს მონაწილეობა. ყველაზე მეტად რუმბა, ჩა-ჩა-ჩა, ჯაივი და პასადობლი უყვარს. თუ ოდესმე დის, შორენა გაჩეჩილაძის, და სიძის, გოჩა ჩერტკოევის, სამეჯლისო ცეკვებში მიღწეულ შედეგებს გაიმეორებს, მხოლოდ მაშინ იტყვის, რომ ტყუილად არ უშრომია.
- ოთხი წელი ცხოვრობდი ამერიკაში, თბილისში ოჯახის გადაწყვეტილებით დაბრუნდი?
- თბილისში დაბრუნების გადაწყვეტილება მე თვითონ მივიღე. მინიმუმ ოთხი წელი თბილისში ვიქნები და მერე შეიძლება, სხვა ქვეყანაში წავიდე. ჩამოსვლისას ყველა მეკითხებოდა, რატომ და რისთვის ჩამოხვედიო. ყველა ხომ ამერიკაში წასვლაზე ოცნებობს. პირველად იმიტომ წავედი, რომ ჩემი და გამეცნო. ჩემი ნახევარდა შორენა პირველად თექვსმეტი წლის ასაკში გავიცანი. თავიდან თვე-ნახევარი დავრჩი. ნახევარი წლის მერე გადავწყვიტე, რომ ისევ ამერიკაში ჩავსულიყავი და დავრჩენილიყავი. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ცეკვაზეც ამერიკაში დავიწყე სიარული. ოთხი წელი ჩემი მეწყვილე ვერ ვიპოვე. ამას რომ ვამბობ, ყველას უკვირს. ამერიკაში მეწყვილე როგორ ვერ იშოვეო. დალასში ვცხოვრობდი, სადაც სამეჯლისო მოცეკვავეები ბევრნი არ იყვნენ.
- როგორც ვხვდები, ცეკვაზე უარს არასდროს იტყვი.
- ცეკვაზე ვერასდროს ვიტყვი უარს. მოცეკვავეები ვამბობთ ხოლმე, ცეკვის გარდა არაფრის გაკეთება არ შეგვიძლიაო. ცეკვის გარდა მათემატიკაში ვიყავი მაგარი. ფეხბურთზე დავდიოდი ცხრა წელი. ფეხბურთს ცეკვის გამო დავანებე თავი. სხვას არაფერს ვაკეთებ, ვიღვიძებ, მოვდივარ სტუდიაში და მერე მთელი დღე აქ ვარ. სამი ჯგუფი მყავს და ჩემს მეწყვილეს მარიამ იაქაშვილთან ერთად ბევრს ვვარჯიშობ. თბილისში ვიპოვე ჩემი მეწყვილე.
- აპირებ, მასთან ერთად შეჯიბრებებში მიიღო მონაწილეობა?
- თვის ბოლოს მივდივართ უკრაინაში. კიევში ევროპის ჩემპიონატი ტარდება სამეჯლისო ცეკვებში. იქიდან ერთი კვირის მერე გერმანიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე წავალ და იმედია, საქართველოს ვასახელებ.
- შენთან ერთად გიგი გაჩეჩილაძეც მოდის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე?
- გიგი წამოვა, რომ მსაჯობის ლიცენზია გაიუმჯობესოს. ევროპის ჩემპიონატზე ჩემთან ერთად ''თელას'' კიდევ ექვსი წყვილი მოდის. მსოფლიო ჩემპიონატზე კი კიდევ ერთი წყვილი ბათუმიდან.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია