საინტერესოა, კანონის თანახმად რა პრივილეგიებით სარგებლობა შეეძლება უკვე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. როგორც გავარკვიეთ, ეს პრივილეგიები ძირითადად რეგულირდება "საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონით", ასევე საქართველოს პრეზიდენტის №591 ბრძანებულების თანახმად, რომელიც სპეციალურ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას ითვალისწინებდა.
ამ ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს ექსპრეზიდენტის დაცვასა და უსაფრთხოებას როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ, ასევე, საქართველოს ექსპრეზიდენტისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური გამართულობისა და უსაფრთხოების კონტროლს. საქართველოს ექსპრეზიდენტის დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელს საქართველოს ექსპრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი. კანონის თანახმად, "საქართველოს ექსპრეზიდენტის დაცვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: საქართველოს ექსპრეზიდენტის, აგრეთვე მისი ოჯახის წევრების დაცვისა და უშიშროების ღონისძიებათა უზრუნველყოფა; საქართველოს ექსპრეზიდენტსა და მისი ოჯახის წევრებზე შესაძლო თავდასხმის აღკვეთა; თავდასხმის შემთხვევაში საქართველოს ექსპრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფა; საქართველოს ექსპრეზიდენტის გადაადგილების მუდმივ და დროებით მარშრუტებზე დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა". ასევე დებულებაში ვკითხულობთ, რომ: "სახელმწიფო დაცვის სამედიცინო განყოფილების ძირითადი ამოცანებია: საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის სამედიცინო დახმარებით უზრუნველყოფა საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ".
გვესაუბრება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გვიმრაძე:
- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, ექსპრეზიდენტს უფლება აქვს სახელმწიფო დაცვით სიცოცხლის ბოლომდე ისარგებლოს. რაც შეეხება საპენსიო უზრუნველყოფას, ეს რეგულირდება სპეციალური საკომპენსაციო და სასტიპენდიო რეჟიმით, ამისთვის ფიქსირებული თანხა არ არსებობს, ეს დამოკიდებული იქნება იმ წლის ბიუჯეტის პროექტზე, როდესაც ექსპრეზიდენტს საპენსიო ასაკი დაუდგება.
- ექსპრეზიდენტი შევარდნაძე თავის დროზე საცხოვრებელი რეზიდენციით უზრუნველყო სახელმწიფომ, ამას კანონი ითვალისწინებს?
- კანონში მსგავსი არაფერი წერია, როგორც ჩანს, შევარდნაძის შემთხვევაში ერთი კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღეს. კანონი ასევე ითვალისწინებს ექსპრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრების პენსიითა და ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფას.
ნათია დოლიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)