ია მეტრეველის თამაშით კლუბში "რა, სად, როდის" ყველა აღფრთოვანებულია. თვითონ კი საკუთარი თავით კმაყოფილი არაა. გული სწყდება, რომ ქართული ენა ბავშვობიდანვე კარგად არ ისწავლა. ქართულად თამაში ძალიან უჭირს. როდესაც კითხვა ქართველი მწერლების ნაწარმოებებიდან ციტატებს შეეხება, ყოველი მეორე სიტყვა არ ესმის და საბოლოოდ კითხვას ვერ იგებს. რუსულად გაცილებით კარგად თამაშობს. ამ ყველაფრის მიზეზი კი ისაა, რომ ია თოთხმეტ წლამდე რუსეთში იზრდებოდა.
რატომ ეგონა, რომ თბილისში სულ ზაფხულის არდადეგები იყო
- მამას რამდენიმე ფოტოზე სამხედრო ფორმა აცვია, ახლაც სამხედროა?
- ახლა 74 წლისაა და დიდი ხანია, პენსიაზეა. დედაც პენსიონერია. დედა პროფესიით ინჟინერ-მშენებელი და არქიტექტორია. მამა სამხედროს გარდა პროფესიით ინჟინერ-ელექტრიკოსი იყო. ამ შემთხვევაში მათ საერთოდ არ ვგავარ, ჰუმანიტარი ვარ.
- როგორც ვიცი, მათი ერთადერთი შვილი ხართ.
- სამწუხაროდ, არც და მყავს და არც ძმა. მთელი ბავშვობა დედმამიშვილზე ვოცნებობდი.
- დედასთან ერთად ფოტო სად გაქვთ გადაღებული?
- 1975-დან 1977 წლამდე სვერდლოვსკში, ახლანდელ ეკატერინბურგში ვცხოვრობდით. მერე ჩელიაბინსკში გადავედით იმის გამო, რომ მამა სამხედრო იყო. ორივე ქალაქი ურალშია.
- რუსული აქცენტი, ალბათ იმიტომ გაქვთ, რომ რუსეთში ქართულად საერთოდ არ ლაპარაკობდით.
- თბილისში რომ ჩამოვედი, ძალიან ბევრი ლაპარაკობდა რუსულად და ქართულის ცოდნა არ დამჭირდა. პუშკინის ინსტიტუტში ჩავაბარე, რუსული სექტორი მაქვს დამთავრებული. ქართულის სწავლა მაშინ გადავწყვიტე, როცა კლუბში "რა, სად, როდის" დავიწყე თამაში.
- ალბათ ძალიან გაგიჭირდათ ასე გვიან ენის შესწავლა.
- გული მწყდება, რომ ბევრი დრო დავკარგე. შემეძლო, უფრო კარგად მცოდნოდა ქართული.
- მომდევნო სურათიც, სავარაუდოდ, რუსეთში გაქვთ გადაღებული.
- ზუსტად არ მახსოვს, ფოტო რომელ ქალაქში გადავიღე. სანატორიუმში ვისვენებდით, სადაც ულამაზესი პარკი იყო. პარკში ძალიან ბევრი ციყვი იყო. ხელში მზესუმზირა მქონდა და ციყვი ჭამდა.
- რუსეთში გატარებული წლები როგორ გახსენდებათ?
- საბჭოთა პერიოდში წყნარი სიტუაცია იყო მთელ ქვეყანაში, მაგრამ სულ ვოცნებობდი, რომ თბილისში დავბრუნებულიყავით და სულ აქ გვეცხოვრა ოჯახს. ორივე ბებია და ბაბუა თბილისში ცხოვრობდა. ზაფხულის არდადეგებზე ჩამოვდიოდით და სულ მქონდა შეგრძნება, რომ თბილისში მთელი წლის განმავლობაში ზაფხულის არდადეგები იყო.
მახსოვს, როდესაც სულ პატარა ვიყავი და ჩელიაბინსკში ამინდის პროგნოზს ვუყურებდი, დეკემბერში აცხადებდნენ, რომ თბილისში 16 გრადუსი იყო, ჩელიაბინსკში კი იყო მინუს 35 გრადუსი და სულ ვამბობდი, თბილისში მინდა ცხოვრება, არ მინდა ასეთი ცივი ზამთარი-მეთქი.
- გაქვთ ურთიერთობა ბავშვობის მეგობრებთან?
- ჩელიაბინსკის სკოლის მეგობრები უფრო ვურთიერთობთ. ხანდახან "ფეისბუქზე" ვწერთ ერთმანეთს. თუმცა თბილისში მცხოვრებ კლასელებსაც იშვიათად ვნახულობ.