ახალქალაქში, მღვდელმთავრის რეზიდენციის ეზოში, საგანგებოდ აშენებულ ეკვდერში ტურინის სუდარის ზუსტი ასლია დაბრძანებული. ტურინის სუდარა არის ქსოვილი, რომელშიც მაცხოვარი ჯვარცმის შემდეგ შეახვიეს. უფლის გარდაცვალებიდან მესამე დღეს, გამთენიისას, საფლავზე მისულ მენელსაცხებლე დედებს საფლავში სწორედ ეს სუდარა დახვდათ - ასეთია სახარებისეული მონათხრობი მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის შესახებ.
ტურინის სუდარის ასლის საქართველოში ჩამობრძანებისა და სუდარაზე მისი მეცნიერული კვლევების შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მუზეუმის დირექტორმა ნინო მურცხვალაძემ მოგვითხრო.
მისივე თქმით, ტურინის სუდარის ასლი საქართველოში ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტ ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) ძალისხმევით ჩამოაბრძანეს. მან ამ თხოვნით ტურინის სუდარის კომისიის ხელმძღვანელს, დეკანოზ ჯუზეპე გიბერტის 2008 წელს იტალიაში, ტურინში ყოფნის დროს მიმართა. ვინაიდან თავად სუდარა სპეციალურ სკივრში ინახება და მას 25 წელიწადში ერთხელ ან განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოაბრძანებენ, მეუფე ნიკოლოზს უფლის სუდარის მოლოცვის შესაძლებლობა არ მიეცა. იტალიელმა დეკანოზმა პირობა მისცა ქართველ მღვდელმთავარს, რომ ტურინის სუდარის ზუსტ ასლს საქართველოსთვის დაამზადებდა. მან პირობა შეასრულა.
კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ტურინის სუდარის ასლი ახალქალაქში ჩამოაბრძანეს და 2010 წელს მისთვის სპეციალურად აშენებულ ეკვდერში მოათავეს. ასე რომ, ახალქალაქში ჩასულ მომლოცველთა ჯგუფებსა თუ ტურისტებს შეუძლიათ ტურინის სუდარის ასლი იხილონ და მისი კვლევების შესახებ შეიტყონ.
ეკვდერში ტურინის სუდარის ასლი შუშის ქვეშაა გაშლილი. სუდარის სიგრძე 4,36 მ-ია, სიგანე - 1,10 მ. ეს არის ქსოვილზე გადატანილი, ორიგინალის საუკეთესო ხარისხის ფოტო.
"ერთი შეხედვითაც კარგად იკითხება ქსოვილზე გადასული სახის ნაკვთები, შუბლზე ეკლის გვირგვინისგან გაჩენილი სისხლის კვალი, გადაჯვარედინებული ხელები, მაჯებზე - სამსჭვალისგან სისხლის ნაკვალევი.
ასევე უკვე აღსრულებული მაცხოვრისთვის რომაელი ჯარისკაცის მიერ მარჯვენა ფერდში ნაძგერები მახვილის კვალი", - გვითხრა ნინო მურცხვალაძემ.
ტურინის სუდარა ყოველთვის იწვევდა განსაკუთრებულ ინტერესს. თუმცა ბევრს მიაჩნდა, რომ ეს გამოსახულება ნამდვილი არ იყო და რომ შუა საუკუნეებში შეიქმნა ევროპაში უცნობი მხატვრის მიერ. ამიტომ, ვატიკანმა, რომის პაპმა იოანე-პავლე II-მ, მეცნიერებს ნება დართო, დაეწყოთ სუდარის შესწავლა - ავთენტიფიკაციის პროცესი. რადიონახშირბადული მეთოდით ქსოვილის ასაკის დასადგენად მკვლევარებმა სუდარას თავსა და ბოლოში ორი ნაჭერი მოაჭრეს.
დასკვნებში აღნიშნულია, რომ ტურინის სუდარაზე ნამდვილად სისხლის ლაქებია. მისი სპექტრული ანალიზით დადასტურდა, რომ სისხლი ნამდვილად ადამიანს ეკუთვნოდა. დნმ-ის ანალიზით, ქრომოსომათა განლაგებით, დადგინდა მისი სქესი, ასაკი და ეთნიკური წარმომავლობა. სისხლი ეკუთვნის 30-40 წლამდე ასაკის, მკვეთრად გამოხატული სემიტური ტიპის მამაკაცს, სისხლის ჯგუფი - მე-4, უარყოფითი რეზუსით. მასში ცილოვანი კომპონენტების ანომალიურად მაღალი კონცენტრაცია კი იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანი, ვისაც სისხლი ეკუთვნოდა, უაღრესად ძლიერი ტკივილების დროს სტრესულ მდგომარეობაში გარდაიცვალა. ღრმა კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მაცხოვრის სიკვდილის მიზეზი ფილტვების უკმარისობა გახდა.
სუდარაზე აღბეჭდილ ზურგის გამოსახულებაზე ჩანს გამათრახების კვალიც. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სხეულს 98-დან 100 დარტყმამდე აღენიშნება. როცა აღადგინეს მათრახების მოდელები, მიიღეს ძველი რომაული "ფლაგრუმი".
ეპარქიის მუზეუმის დირექტორის თქმით, სუდარის დეტალური შესწავლით ცნობილი გახდა, რომ მაცხოვარი 70 სმ სიმაღლის სვეტზე ჰყავდათ მიბმული და, შესაბამისად, მარცხნიდან და მარჯვნიდან, მას ორი ჯალათი ამათრახებდა. ერთი ტანდაბალი, მეორე - ტანმაღალი,
ბოლოს კვლევებში "ნასას" სპეციალისტები ჩაერთვნენ. "ნასას" ფოტოგრაფთა დაკვნებით, სუდარაზე გადასული გამოსახულება არა მხოლოდ ფოტოგრაფიული ნეგატივია, არამედ მაცხოვრის სხეული მასზე სამ განზომილებაში, 3D-შია აღბეჭდილი. ამის გამო "ნასას" ფოტოგრაფებს საშუალება მიეცათ, არა მხოლოდ აღედგინათ მაცხოვრის ფოტო - როგორ გამოიყურებოდა იესო, არამედ აღედგინათ მისი სხეულის მოდელიც. ამდენად, ცნობილია მიახლოებითი პარამეტრები. სხეულის წონა შეადგენდა, სავარაუდოდ, 70-დან 80 კგ-მს. სიმაღლე - 1,75მ-დან 1,85 მეტრამდე. როგორც სუდარაზე აღბეჭდილი გამოსახულება ცხადყოფს, მაცხოვარს თვალებზე მონეტები ჰქონდა დაფარებული. ასე კრძალავდნენ ძველი ებრაელები მიცვალებულებს.
რა მოხდა მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომისას ისეთი, რის გამოც ქსოვილზე ასეთი გამოსახულება გადავიდა? დღემდე მთავარ თეორიად მიიჩნევა ე.წ. ცეცხლოვანი სხეულის თეორია, რომელიც რუსმა ფიზიკოსმა ალექსანდრ ბელიაკოვმა ჩამოაყალიბა. ამ თეორიას სხვა მეცნიერებიც მიემხრნენ.
ბელიაკოვის თეორიის მიხედვით, მაცხოვარი სხეულიდან გავიდა თანამედროვე ფიზიკისა და ქიმიისთვის აუხსნელი ატომურ-მოლეკულური გარდაქმნების შედეგად, რომელსაც თან ახლდა ძლიერი გამოსხივება, რომელიც ბირთვულ აფეთქებას, სავარაუდოდ, 1000-ჯერ მაინც აღემატებოდა.
მურცხვალაძის განცხადებით, "ბელიაკოვმა თავისი თეორიის განსამტკიცებლად ორი არგუმენტი მოიყვანა. ერთი ის, რომ როდესაც ჰიროსიმასა და ნაგასაკიში ატომური ბომბები ააფეთქეს, ადამიანების გამოსახულებები კედლებსა და ასფალტზე ჩრდილებად გადავიდა, ანუ, მსგავსი პროცესი ბირთვულ გამოსხივებას თან სდევს. მეორე ფაქტი არის ის, რომ აღდგომის ყოველ დღესასწაულს წინ უსწრებს მაცხოვრის საფლავზე ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლა. ცნობილია, რომ ეს განსაკუთრებული ფენომენია, ვინაიდან პირველ წუთებში წვის პროცესი არ მიმდინარეობს. თანამედროვე ფიზიკა ვერ ხსნის ამ მოვლენას. სწორედ მსგავსი რამ მოხდა მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომისას. მოკლედ რომ ვთქვათ, მაცხოვრის სხეული სუდარიდან სინათლის სახით გავიდა", - განმარტა ეპარქიის მუზეუმის დირექტორმა.
მოამზადა ეკა ბახუტაშვილმა
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)