2010 წლიდან დაწყებული, გაზმომარაგება თბილისელებს ნამდვილ თავსატეხად ექცათ. საუბარია პოლიეთილენის მილებზე, რომლის საშუალებითაც 120 ათასი ოჯახის გაზიფიცირება მოხდა და გაყალბებულ სერთიფიკატზე, რომლის თანახმად ამ სამუშაოების ჩატარება ხორციელდება.
სპეციალისტები განმარტავენ, რომ გაზმომარაგებისთვის უვარგის პოლიეთილენის მილებს ვარგისიანობის ვადა მალე ეწურებათ და შესაძლოა, ამ წინდაუხედაობამ ერთ დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილის სიცოცხლეც კი შეიწიროს. საუბარია რამდენიმე ათას ოჯახზე და როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ეს ადამიანები ნელი მოქმედების ბომბზე სხედან. რაც შეეხება ექსპერტთა ოფიციალურ დასკვნას, აღმოჩნდა, რომ აღნიშნული პოლიეთილენის მილები არა გაზისთვის, არამედ მხოლოდ ცხელი და ცივი წყლისთვისაა განკუთვნილი. გარდა ამისა, მათ გააჩნიათ გამოყენების სტანდარტები, რომლის დაცვაც არ ხდება. აღნიშნულ საკითხზე "ამბები.გე" დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის - "ვექტორის" ექსპერტ გიორგი ნიკოლაიშვილს ესაუბრა."თბილისის, რუსთავის და ქუთაისის მოსახლეობა დიდ საფრთხეშია. აღნიშნული მილები გაზმომარაგებისთვის გამოსაყენებლად უვარგისია და ის აკრძალულია საერთაშორისო ნორმებით. კატეგორიულად დაუშვებელია მისი გამოყენება მრავალბინიან სახლებში და ისიც მიწისქვეშ, ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით სეისმურად აქტიურ ზონაში და მიწისქვეშა ბიძგების დროს ისინი შესაძლოა ისე დაზიანდეს, რომ გამოიწვიოს აფეთქება. რაც შეეხება ჩვენს დასკვნას და ეს სამხარაულის სახელობის თბილისის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომაც დაადასტურა, უვარგისია არა მარტო მილები, არამედ დაუშვებელია მისი გადაბმის ადგილების, ანუ "ფიტინგების" გამოყენება. პოლიეთილენის მილების გადაბმა დასაშვებია მხოლოდ შედუღებით. "ფიტინგების" მუშაობის პერიოდი, კი მხოლოდ 5-7 წელია, მერე გამოდის წყობიდან. გარდა ამისა, გაზგამტარი მილები გაყვანილია სატელეფონო-ინტერნეტისა და დენის სადენებთან ახლოს, რაც დაუშვებელია. გაჟონვა რომ მოხდეს, აფეთქება მოხდება. ამიტომ ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე რისკის ქვეშაა. ეს ოჯახები ბომბზე სხედან, ჩვენი ქვეყანა ახალ საკონცენტრაციო ბანაკად არის ქცეული და ამას მიხედვა სჭირდება.
გარდა ამისა, საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმისა, რომ შპს "ჩარკვმა" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის უფროსის დახმარებით, გააყალბა მონაცემები, რაც იმას გულისხმობს, რომ ქარხანა-დამამზადებელი სერთიფიკატიდან, თვითნებურად ამოიღეს "ცხელი და ცივი წყალი" და ჩადებულია "ვარგისია გაზისთვის". ეს არის კანონის უხეში დარღვევა, აქ რომ დიდი პოლიტიკა არ ყოფილიყო და ვიღაცის ნება, ყოფილ ხელისუფლებას ვგულისხმობ, აქ სადაო არაფერი იქნებოდა. მინდოდა ეკონომიკის მინისტრი ჩამეყენებინა საქმის კურსში და მეთქვა, რომ ეს ადამაინები, ვინც ამ საქმეში ფიგურირებენ, ისევ სამინისტროში მუშაობენ, თუმცა მე მასთან არ მიშვებენ.", - ამბობს გიორგი ნიკოლაიშვილი.ამ საკითხით რამდენიმე თვის წინ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისელების" თავჯდომარე გულიკო ზუმბაძეც დაინტერესა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, "ყაზტრანსგაზის" ახალი დირექტორი ირაკლი გაბუნია უკვე გამოეხმაურა ამ პრობლემას და შეწყდა კიდეც ამ მილების გამოყენება, თუმცა პრობლემა ისევ რჩება და ეს სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს.
გულიკო ზუმბაძე. "მესმის რომ "ყასტრანსგაზი" პანიკას ერიდება და აცხადებენ კიდეც, რომ ჯერ უბედური შემთხვევა არ მომხდარა, თუმცა ეს არ იძლევა დამშვიდების საშუალებას, რადგან როცა არსებობს პრობლემა, აუცილებელია იქვე ვიფიქროთ პრევენციაზეც. რაც შეეხება თავად მილების გამოყენების ინსტრუქციას, თავად თურქული მწარმოებელი კომპანია "ფირატი" არ აღიარებს მას, როგორც გაზის ტრანსპორტირებისთვის გამოსაყენებელ მასალას. არსებობს ასევე ვარგისიანობის ვადა, სადაც მითითებულია რომ, ვარგისია ექსპლოატაციაში შესვლიდან მხოლოდ 12 თვე. რა მოხდება მერე? რამდენიმე ათასი ადამიანი დიდი საფრთხის წინაშე დგას.
მე მაქვს ხელთ "ყაზტრანსგაზის" ყოფილი დირექტორის ანა თაქთაქიშვილს წერილი, რომელსაც ის ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას პასუხად წერს, რომ თუ მოსახლეობას უნდა ალტერნატიული მილები, გადაიხადონ და გავუკეთებთო. მართალია ახლა უკვე სხვა დირექტორია, თუმცა მათი პასუხებიც, რომ "სადარბაზოები ღიაა და განიავდება", ან "რამდენიმე წელი ხომ მაინც გაუძლებს", არაა დამაიმედებელი. ფაქტია რომ აუცილებელია სასწრაფო რეაქცია. გარდა ამისა, მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ პოლიეთილენის მილების შემოტანით ძალიან დიდი თანხა დაიზოგა. წარმოიდგინეთ, რომ თუკი პოლიეთილენის მილებით კორპუსის სამბინიანი სართულის გაზიფიცირება 60 ლარი ჯდება, ლითონის მილებით ეს 360 ლარი ღირს. ანუ "ყაზტრანსგაზმა" 600% ეკონომია გასწია და თითო სართულიდან 300 ლარი მოგება დაიტოვა. შესაბამისად საერთო მოგებამ, 30-40 მილიონი ლარი შეადგინა."ნათია ოსანაძე, Ambebi.ge