თურქულმა ავიაკომპანია Atlasjet-მა 12 ოქტომბერს, თბილისი-სტამბულის მიმართულებით ფრენები დაიწყო. პირველი რეისით, მგზავრებთან ერთად თბილისში კომპანიის სათაო ოფისის წარმომადგენლები ჩამოფრინდნენ.
Atlasjet-ის პირველ რეისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლები და ჟურნალისტები დახვდნენ.
ცნობისთვის: Atlasjet-ი (Atlasjet International Airlines) არის თურქეთის ნომერ პირველი კერძო ავიაკომპანია, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე არსებულ მოთამაშეებთან კონკურენციას საქართველოსთვის უპრეცედენტო სერვისით გეგმავს.
ავიაკომპანია სტამბულის მიმართულებით ოქტომბრის განმავლობაში კვირაში სამჯერ იფრენს, შემდგომ კი ყოველდღიურ რეგულარულ რეისებს შეასრულებს. მომავალი წლის ზაფხულიდან მას ანტალიის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება აქვს დაგეგმილი. Atlasjet-ის წარმომადგენელთა განცხადებით, ისინი ქართველ მომხმარებელს ბევრ საინტერესო შეთავაზებას უმზადებენ, მათ შორის მომავალი ზაფხულის სეზონისთვის, თუმცა რა შეთავაზებაზეა საუბარი, ამ ეტაპზე არ ხმაურდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ავიაბაზარზე უკვე 3 თურქული ავიაკომპანიაა: Turkish Airlines-ი, Atlasjet-ი და Pegasus Airways-ი.
Atlasjet-ი, საქართველოს ბაზარზე რიგით 28-ეა.
კომპანიის ქართული წარმომადგენლობის გენერალური დირექტორის სამირ ხალილოვის განცხადებით, ისინი „დისქაუნთერ“ ავიაკომპანიას არ წარმოადგენენ და აქვთ სრული სერვისი: ბორტზე კვება და სასმელები, ბიზნეს–კლასის სრულყოფილი მომსახურება და ქართული ბაზრისთვის უპრეცედენტო შეთავაზება – ავტობუსი, რომელიც მგზავრებს დედაქალაქის ცენტრიდან და ქალაქ რუსთავიდან აეროპორტამდე უფასოდ მიიყვანს. რაც შეეხება ფასებს, კომპანია ამ მხრივაც აპირებს ქართულ ბაზარზე კონკურენციის გაწევას და სტამბულის მიმართულებით მგზავრობას მომხმარებელს 77 ევროდ სთავაზობს.
„ქართული ბაზარი ბიზნესის კეთებისთვის ძალიან პერსპექტიულია. აქ მოქმედებს მშვენიერი კანონები და პრივილეგიები არა მხოლოდ უცხოური, არამედ ქართული ავიაკომპანიებისთვისაც. ჩვენ სპეციალური მარკეტინგული კვლევა ჩავატარეთ, რომელმაც დაგვანახა, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება ძალიან მიმზიდველი, ტურისტული ნაკადი კი მზარდია. საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები იმდენად მარტივად და სწრაფად წარიმართა, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებულები დავრჩით. ჩვენ ვართ თურქეთის კერძო ავიაკომპანია ნომერ პირველი და მგზავრებს მაქსიმალურ კომფორტს ვთავაზობთ,“ – აცხადებს სამირ ხალილოვი.