დედა უფრო გიყვარს თუ მამა? - პატარაობისას გვეკითხება ვიღაც უცხო დეიდა და მაშინ, როცა საერთოდ ვერ ვაცნობიერებთ, რა არის სიყვარული, რატომ უნდა გიყვარდეს ერთი მეორეზე მეტად, რისი გაგება უნდა ამ ქალს, ან ჩვენ რა უნდა ვუპასუხოთ, ვიწყებთ პირველი ნაბიჯების გადადგმას იმ გზაზე, სადაც უამრავი "დეიდა" მოწიფულობის შესაბამისად, უამრავ უტაქტო კითხვას დაგვისვამს.
კითხვა, რომელსაც "დეიდები" ჩვენი სკოლაში სწავლის პერიოდში ყველაზე ხშირად სვამენ, ასეთია : შეყვარებული გყავს? არადა, ამას ისეთი "შორეული ახლობელი" გეკითხება, თანაც ისეთი საზიზღარი ცნობისმოყვარეობით, გულის გადაშლის სურვილი საერთოდ არ გაგიჩნდება.
გაცილებით უფრო მძიმე შემთხვევაა 20 წელს გადაცილებული ახალგაზრდების შემთხვევაში, კითხვა - "არ თხოვდები/ცოლი არ მოგყავს?" აი, 30 წელს ზევით დაუქორწინებელი ქალები და მამაკაცები კი გამუდმებულ ზეწოლასა და სტრესს განიცდიან, რადგან დიდი ხნის უნახავ ადამიანთან ნებისმიერი შეხვედრა ამ შეკითხვით იწყება.
უტაქტო და ამავდროულად, დამთრგუნველ გარემოებებში, ბადალი არ ჰყავს კითხვას - "ჰა, რას შვრები ახლა, ბავშვს არ აჩენ?". ეს განსაკუთრებით სტრესულია, თუ წყვილს უშვილობის პრობლემა აწუხებს. ის, ვინც ვითომ, ამ კითხვის ტაქტიანად დასმას ცდილობს, კითხვას ასეთ ფორმულირებას აძლევს - "რამე ახალი ხომ არ არის შენსკენ?" - და ამ დროს აუცილებლად, მუცელზე გიყურებს. საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს, რამხელა ტკივილი ადგება ცოლ-ქმარს, როდესაც გამუდმებით უკირკიტებენ იმას, რაზეც წყვილი სულ ნერვიულობს.
მაგრამ საქმე ის არის, რომ "დეიდის" ინტერესს ვერც დაბადებული ბავშვი აოკებს. მათი ცნობისმოყვარეობა უსასრულოა და სამშობიაროს კიბეებთან უკვე ისმის კითხვა - "მეორეს როდის აჩენ", ორი შვილის დედას ეკითხებიან, "მესამე წრეზე როდის მიდიხარ"? სამი შვილის შემთხვევაში, მეოთხეს კითხულობენ და ასე, უსასრულოდ. ხო, ისიც დამავიწყდა, მომდევნო ორსულობის გაგებისას ასეთ კითხვასაც სვამენ - "უი, გინდოდა?" ან "უი, აჩენ?" ორსულობასთან დაკავშირებით დასმული მრავალფეროვანი კითხვები, მგონი ჩვენს რეალობაში მაინც ყველაზე უტაქტოა.
"დეიდების" ცხოველ ინტერესს იწვევს თემა - "რძალ-დედამთილიანი". კითხვაზე "როგორი დედამთილი გყავს?" - პასუხი თუ იქნება, "ჩვეულებრივი, კარგი", "დეიდა" გაიღიმებს და გული დაწყდება, რომ შენგან სხვა მეტი ვერაფერი გაიგო, მაგრამ თუ დედამთილზე ჭორაობას მოყვები, საკუთარი თუ მეზობლების გამოცდილებიდან ერთ-ორ რჩევასაც არ დაიშურებს.
მეზობლები ვახსენეთ და ისიც აღვნიშნოთ, რომ რამდენიმე მათგანს არც ჩვენი სახლში გვიან დაბრუნება გამოეპარება. ერთ-ორი დღე შეიძლება მოითმინოს (ამასობაში, ვითარებასაც კარგად დაზვერავს) და ბოლოს იკითხავს, "შენ რაღაც ამ ბოლო დროს სახლში გვიან ბრუნდები, რაშია საქმე?".
დიდ ინტერესს იწვევს შემოსავლის რაოდენობა. რატომ უნდა უპასუხო შეკითხვაზე "რამდენი გაქვს ხელფასი?" - არ მესმის. სამსახურზე საუბრის კონტექსტში, ამ კითხვის ამობრუნებული ვარიანტია "კმაყოფილი ხარ?" რაზეც დადებითი პასუხის შემთხვევაში, მომდევნო კითხვა მაინც ხელფასის ოდენობას ეხება.
მოკლედ, უტაქტო კითხვები და ზედმეტად ცნობისმოყვარე დეიდები იმდენია, ყველა შემთხვევას ვერც განვიხილავთ. ალბათ, ჯობია ჩვენი თავიდან დავიწყოთ და საყვარელ, სუფთა, მოთხუპნულ, კულულებიან, ხოტორა პატარას არასდროს დავუსვათ კითხვა - "დედა უფრო გიყვარს თუ მამა?".
ანა მარშანია, ამბები.ge