პრეზიდენტის სასახლის გუმბათზე კვლავ სახელმწიფო დროშა ფრიალებს. გულების გამოსახულებიანი დროშა რეზიდენციის სახურავიდან ჩამოხსნილია და მის ადგილზე ისევ სახელმწიფო დროშაა აღმართული.
დროშა ოთხი გულით, რომელიც დაახლოებით ერთი თვის "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარტიის დროშად გამოაცხადა, პრეზიდენტის სასახლის თავზე გუშინ განათავსეს და ის დღეს, შუადღემდე ფრიალებდა.
როგორც პრეზიდენტის ადამინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა განმარტა, აღნიშნული დროშის აღმართვა მუსიკალური კლიპის გადაღებას უკავშირდებოდა და საპრეზიდენტო სასახლის სახურავზე მხოლოდ ერთი დღით იქნებოდა აღმართული.
მომხდარს გუშინვე გამოეხმაურა მთავრობა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს რეზიდენციაზე სახელმწიფო დროშის დაუყოვნებლივ დაბრუნებისკენ მოუწოდა და ორგანული კანონიც შეახსენა.
"საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დამტკიცებული საქართველოს სახელმწიფო დროშა არის საქართველოს სახელმწიფო დროშის ერთადერთი ვარიანტი, აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო დროშად სხვა დროშის გამოყენება. ამავე კანონით დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშა მუდმივად აღიმართება საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე. საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენების დადგენილი წესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობაზე სხვა დროშის აღმართვა კანონის უხეში დარღვევაა და დაუშვებელია ქვეყნის სიმბოლოების მიმართ აგდებული დამოკიდებულება ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან. მივმართავთ პრეზიდენტ სააკაშვილს, დაიცვას კანონი და დაუყოვნებლივ აღმართოს საქართველოს სახელმწიფო დროშა პრეზიდენტის რეზიდენციის შენობის თავზე", - ნათქვამი იყო მთავრობის განცხადებაში.
მთავრობის განცხადებას დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქით" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ის მკერდით ატარებს ხუთჯვრიან დროშას და არავინ ისე არ ამაყობს ამ დროშით, როგორც თავად.
"ცოტა ზედმეტი ხომ არ მოსდით მთავრობაში დაბრუნებულ შევარდნაძის მთავრობის თანამდებობის პირებს, როცა ჩემგან იცავენ იმ დროშას, რომლის გამოყენებაზე არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩემს წინააღმდეგ მაშინ, როცა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი. გუმბათიდან რამდენიმე საათით დროშის ჩამოხსნაზე დარდს გამოხატავს ის მთავრობა რომელიც გეგმავს რამდენიმე დღეში სამუდამოდ დაუკარგოს ამ სასახლეს სახელმწიფო დაწესებულების სტატუსი. მთელი ეს წლები მკერდით ვატარებ ხუთჯვრიან დროშას, რომელიც დღევანდელი მთავრობის არც ხელმძღვანელის, არც სხვა რომელიმე მინისტრის პიჯაკზე არასდროს დამინახავს.
არავინ ისე არ ამაყობს ამ დროშით, როგორც მე, რადგან, როცა შემომქონდა, მაშინაც მამოძრავებდა და ახლაც მამოძრავებს რწმენა, რომ ეს დროშა ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს ღირებულებებს და, ამასთან, საუკეთესოა მსოფლიოს სახელმწიფოთა დროშებს შორის!", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.