დღეს ჩვენ ახალი ცხოვრების წინაშე ვდგავართ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოველში დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა.
როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ერთ კვირაში იქნება ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და საქართველოს ახალი ხელისუფლებაც შეუდგება საქმიანობას.
"ჩვენ უნდა აღვავლინოთ ლოცვები, რომ უფალმა მისცეს მათ სიბრძნე და გული კეთილი. თუ მათ ექნებათ სარწმუნოება და სიყვარული, სასოება, იმედი, ყველაფერი კარგად იქნება", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა თავმდაბლობის მნიშვნელობაზეც იქადაგა. როგორც უწმინდესმა აღნიშნა, როდესაც ადამიანი მაღალ წოდებას იღებს, მას თავმდაბლობა უნდა მიემატოს. "თუ თავმდაბლობა არ იქნა, მაღალი წოდება ღუპავს ადამიანს", - ბრძანა პატრიარქმა და სიკეთის მნიშვნელობაზეც იქადაგა. როგორც მან ბრძანა, ადამიანი ყველაზე დიდი საუნჯეა და იგი უნდა იყოს ტაძარი სულისა წმინდისა.
"სამწუხაროა, რომ ყოველი ადამიანი არ არის ტაძარი სულისა წმინდისა. ზოგიერთი არის სამყოფელი ბოროტი სულისა, მაგრამ ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს. წარსულში ჩვენმა ხალხმა დიდი ბრძოლა გამოიარა, მაგრამ ღვთის შეწევნით, მორწმუნე და გამარჯვებული დარჩა. ჩვენი ხალხი ბრძოლაშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბოროტსა სძლია კეთილმან. სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს", - აღნიშნა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, სარწმუნოება, სიყვარული და იმედი ადამიანს უდიდეს ძალას აძლევს.
ილია მეორემ კომუნისტური მმართველობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ, როდესაც ეკლესია იდევნებოდა, მასთან ხშირად მიდიოდნენ მთავრობის წარმომადგენლები.
"წასვლისას ჩუმად მეტყოდნენ, გულში მორწმუნე ვარო. ეს უკვე ბევრს ნიშნავდა. მთავარია ადამიანის გული, ამიტომაც ბოროტს მუდამ შურს ჩვენი. ქართველი ადამიანი კეთილი გულით გამოირჩევა, მაგრამ ცუდის კეთებაც ვიცით, ცოდვები უცხო არ არის ჩვენთვის, მაგრამ სიკეთე მუდამ პირველ რიგშია და მადლობა უფალს ამ მადლისთვის. ეს არის ჯილდო ღვთისა. ღმერთი სიყვარულია და ამ სიყვარულს, თავის თვისებას უფალი ჩვენ გვიწილადებს", - აღნიშნა უწმინდესმა.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა რამდენიმე გვარი დალოცა, მათ შორის – სისაურები, თვალავაძეები, ეკალაძეები, ფარჯიანები, თორდიები, ჯიბლაძეები, კაშიები, სუთიძეები, ღამბაშიძეები და ცუხიშვილები. ასევე დღეს დაილოცა ანსამბლი "შავნაბადა", რომელმაც საგალობლების დისკი გამოუშვა და საქართველოს მასშტაბით საჩუქრად არიგებს.