რიყის ტერიტორიის გასხვისების საკითხი, თბილისის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნების დაკავება და ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი - ეს ის გახმაურებული საქმეებია, რომელიც მომავალი მთავარი პროკურორის სახელთან არის დაკავშირებული, როდესაც იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ შს მინისტრმა და მომავალმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარი პროკურორის პოსტზე ოთარ ფარცხალაძე წარადგინა, რომელიც ამ დროისთვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელია.
ფარცხალაძე აღნიშნულ სტრუქტურას ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, თუმცა, ამ სტრუქტურაში 6 წლის განმავლობაში მუშაობდა.
ფარცხალაძე 1976 წელს დაიბადა. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. გარდა ამისა, არაოფიციალური ინფორმაციით, პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი და ერთი შვილიშვილი.
"მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი ძალიან ეფექტური პროკურორი იქნება", - ასე შეაფასა ფარცხალაძე მომავალმა პრემიერ-მინისტრმა.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი სერგო რატიანი კი მის მიერ გამოძიებულ გახმაურებულ საქმეებს იხსენებს და მისი ეფექტურობაში ეჭვი ეპარება. ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების ყველაზე სამარცხვინო ფურცელი ფარცხალაძის საქმეებთან არის დაკავშირებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, რატიანს ღარიბაშვილის მხრიდან მთავარი პროკურორის პოსტზე ამ ადამიანის წარდგენა არ გაკვირვებია.
"ეს არის ის ადამიანი, რომელმაც ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის დროს მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებზე სპეცოპერაცია განახორციელა. ეს ადამიანი გამოირჩევა ტერორით და არაადეკვატური ქცევებით. თუმცა, ის, რომ სწორედ ეს ადამიანი აირჩია ღარიბაშვილმა თავის მთავრობის წევრად, არ მიკვირს, მაგრამ ვურჩევ ხელისუფლებას არ წასულიყო რეპრესიების გზაზე, რადგან ეს ქვეყნის განვითარების გზას შეაფერხებს, თორემ ჩვენ ბრძოლისთვის და ასეთი შეტევებისთვის მზად ვართ", - გვითხრა რატიანმა.
მისივე თქმით, ფარცხალაძეს პიროვნულად არ იცნობს, თუმცა, მერიის მაღალჩინოსნების დაკავებისა და მინარეთის დემონტაჟის საქმეებიდან გამომდინარე, ფიქრობს, რომ მთავარი პროკურორი ჯერ იმოქმედებს და შემდეგ დაფიქრდება საქმეებზე.
"როგორც ჩანს, ეს ადამიანი გაიზარდა. სხვის დაკვეთებს ასრულებს, თორემ ადამიანი, რომელ მთვარობაშიც უნდა მუშაობდეს, ის თავის საქმეს უნდა აკეთებდეს.
"მისი გახმაურებული ორივე საქმიდან ჩანს, რომ ეს ადამიანი ჯერ მოქმედებს და მერე ფიქრობს. ორივე შემთხვევა ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი იყო, თუმცა, ფაქტია, რომ ამ ადამიანის უკან ვიღაც დგას, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაიმსახურებდა, სულ ცოტა, უწყებრივ სასჯელს მაინც", - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში რატიანი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 22 თებერვალს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე მერიის მაღალჩინოსნები დააკავა, მაგრამ სახლშიც მალევე გაუშვეს.
თბილისის მერიისა და საკრებულოს წევრების დაკავებასთან დაკავშირებით მაშინ ერთობლივი განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გააკეთეს. მაშინდელი განცხადებით, "ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქმედებები, სავარაუდოდ, შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რაც ჩრდილს აყენებს მიმდინარე გამოძიების მიმართ ნდობას. ამის გამო მოვუწოდებთ ყველა სამართალდამცავ ორგანოს, ერთი მხრივ, მომავალში თავი შეიკავონ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების დარღვევისაგან, ხოლო მეორე მხრივ, ობიექტურად და ეფექტურად გამოიძიონ ზემოაღნიშული ფაქტები."
კიდევ ერთი გახმაურებული საქმე რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს ეხებოდა.
26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მდებარე მეჩეთის მინარეთის დემონტაჟი განხორციელა, რასაც ადგილობრივ მაჰმადიანებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოჰყვა. დაკავებული იქნა 19 ადამიანი, რომლებიც მოგვიანებით 400-ლარიანი ჯარიმებით გაათავისუფლეს. შემოსავლების სამსახურში კი დემონტაჟის აუცილებლობა საბაჟოზე დაშვებული შეცდომით და სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობით ახსნეს.
თუმცა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" განცხადებით, "შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება და ამ ქმედებით შეილახა ადგილობრივი მუსლიმების უფლებები."
საპარლამენტო უმცირესობის წევრის მოსაზრებას არ ეთანხმება განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი. ამბობს, რომ ამ საქმეების გარდა, ფარცახალაძის სახელთან სხვა გახმაურებული საქმეებიც არის დაკავშირებული, რომელიც შეიძლება მას პლუსადაც ჩაეთვალოს.
"მას პირადად არ ვიცნობ. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მინარეთის დემონტაჟისა და მერიის მაღალჩინოსნების გახმაურებული დაკავებების გარდა აქვს საქმეები, რომელიც შეიძლება პლუსად ჩაეთვალოს, მაგალითად, რიყის ტერიტორიის გასხვისების საკითხი, რომლის გამოძიებაც, რამდენადაც ვიცი, ძალიან კარგად მიმდინარეობს და მე მგონი, საქმე პროკურატურასაც გადაეცა", - გვითხრა ზურაბიშვილმა.
ფარცხალაძეს არც პოლიტოლოგი კახი კახიშვილი იცნობს, თუმცა იმედოვნებს, რომ მისი კვალიფიკაცია იქნება მაღალი და პროკურორებს თვითშემოქმედების საშუალებას არ მისცემს.
"უკვე ათი წელია, აირია სიტუაცია. სხვადასხვა უწყებიდან ადამიანები თავისუფლად გადადიან პროკურატურაში სამუშაოდ, თორემ ადრე ასეთ თანამდებობაზე ხალხს ძნელად იღებდნენ. ახლა მთავარია, სისტემამ მიიღოს ეს ადამიანი და მისი კვალიფიკაცია შეესაბამებოდეს დაკავებულ თანამდებობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურორები თვითშემოქმედებას დაიწყებენ, ეს კი პრობლემურ ვითარებამდე მიიყვანს საქმეს.
"თუმცა, იმედია, ეს რიგი ფაქტორები გააზრებული აქვს ახალ პრემიერს და იმ ადამიანსაც, რომელიც დათანხმდა ამ თანამდებობას", - უთხრა "რეზონანსს" კახიშვილმა.
თიკო ოსმანოვა