რუსული ტელეშოუ "Хочу в ВИА ГРУ"-ს გამარჯვებულებს მიშა რომანოვას, ერიკა გერცეგსა და ნასტია კოჟევნიკოვას პროდუსერმა კონსტანტინე მელაძემ გარეგნობაში ცვლილებების შეტანა აუკრძალა.
"თმის შეღებვა და გარეგნობის შეცვლა პროდუსერის ნებართვის გარეშე არ შეიძლება. მათი გარეგნობა წარმოების საშუალება, შრომის ინსტრუმენტია. ამიტომ ბუნებრივია, უნდა ვიცოდე რისი შეცვლა უნდათ გარეგნობაში", - განაცხადა მელაძემ და დასძინა, რომ გათხოვებასა და ბავშვების გაჩენას გოგონებს ვერ აუკრძალავს, "მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაო პროცესს გაართულებს".
საჯარიმო სანქციები ჯგუფის წევრ გოგონებს არ ემუქრებათ. "არანაირ რეპრესიულ ზომებს არ მივიღებ. გოგონების კონტრაქტებში ყველაფერი წესრიგშია", - განაცხადა პროდუსერმა. მელაძემ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამ მოხიბლა გოგონებში.
"მიშა რომანოვა - ცოტათი ჩაკეტილი, მკაცრი გოგოა. მისი იმიჯი ჩემთვის საინტერესოა და მასთან მუშაობა მსურს. ერიკა გერცეგი - იმპულსური და არაპროგნოზირებადია, მას თავისებური აქცენტი აქვს. ნასტია კოჟევნიკოვა - ახალგაზრდა, სუფთა და ძალიან პერსპექტიულია", - განმარტა მელაძემ.
გოგონები უახლოეს მომავალში სიმღერა "Перемирие"-ს კლიპს გადაიღებენ.
მომზადებულია starhit.ru-ს მიხედვით.