ქვეყნის ეკონომიკაში, 2013 წლის ბიუჯეტში არსებულ პრობლემებზე და 2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.
- ბატონო დემურ, წელს რომ ბიუჯეტი დეფიციტური იქნება, ამას ხელისუფლების წარმომადგენლებიც აღარ მალავენ, მაგრამ იქვე აზუსტებენ, რომ პენსიების გაცემაზე ეს არ იმოქმედებს. ოპოზიცია გაკვირვებას გამოთქვამს იმის გამო, რომ "ეკონომიკური ბლოკის მინისტრები მთავრობიდან არ გარბიან". თქვენ როგორ დაახასიათებდით 2013 წელს ქართულ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს და თქვენი აზრით, რამ გამოიწვია წლევანდელ ბიუჯეტში დეფიციტი?
- თუ როგორი იქნებოდა ეკონომიკური თვალსაზრისით 2013 წელი, მე თავს უფლება მივეცი და 2013 წლის თებერვალში გავაკეთე შეფასებები. მაშინ ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2,5%-ზე მეტი ვერაფრით ვერ იქნებოდა; არ შეიქმნებოდა სამუშაო ადგილები და დაბალი იქნებოდა ეკონომიკური აქტივობა. ყოველივე ეს მაძლევდა საფუძველს, ძალიან პესიმისტურად დამენახა 2013 წლის ეკონომიკური პერსპექტივები. ამას დაემატა ისიც, რომ გასულ წელს არ მიღებულა სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ეკონომიკას წაახალისებდა, არ მომხდარა ინსტიტუციონალური ცვლილებები. მონახაზიც კი არ იყო იმისა, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო ეკონომიკა.
რაც შეეხება იმას, რომ ბიუჯეტს თითქმის 600 მილიონ ლარამდე შემოსავლები დააკლდება, ეს გასაკვირი სულაც არ არის, ვინაიდან ბიუჯეტის შემოსავლები დაგეგმილი იყო ეკონომიკის 6%-იან ზრდაზე, არადა მივიღეთ სადღაც დაახლოებით, მაქსიმუმ 2,5%-იანი ზრდა. ბუნებრივია, ის ხარჯები, რომლებიც 2013 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში იქნა ჩადებული, ვერ შესრულდებოდა, მაგრამ ეს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დღეს ბიუჯეტში არსებობს ხელფასების ან პესნიების გაცემის პრობლემა. მართალია, ბიუჯეტი ისე არ შეივსება, როგორც დაგეგმილი იყო, მაგრამ ეკონომიკური ზრდა მაინც არსებობს. ცხადია, 2013 წლის ბიუჯეტის კანონი შესაცვლელი იქნება, თუმცა ძირითადად შეიცვლება იმ ხარჯების კორექტირებით, რომლებიც არ წარმოადგენენ და არც თავიდან წარმოადგენდნენ ძალიან მნიშვნელოვან ხარჯებს.
2013 წლის საბიუჯეტო მონახაზი, სტრატეგია, მთლიანად იყო დაფუძნებული "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების მთავრობის მონახაზზე. როცა 2013 წლის ბიუჯეტი შემოვიდა განსახილველად, ძირითადად "ნაცმოძრაობის" მთავრობის მიერ შემუშავებული ბიუჯეტი იყო და მასში მხოლოდ მცირედი კორექტივები გაკეთდა. ეკონომიკისადმი და საბიუჯეტო პოლიტიკისადმი მიდგომის თვალსაზრისითაც 2013 წელი არაფრით საინტერესო არ იყო.
რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებას, რომ ეკონომიკური ბლოკის მინისტრები უნდა გარბოდნენ. ეკონომიკაში ყველაზე დიდი პრობლემები სწორედ წინა ხელისუფლებისა და ახლა ოპოზიციაში მყოფი "ნაცმოძრაობის" დროს წარმოიქმნა. სამწუხაროდ, ახალმა მთავრობამ მკვეთრი, გააზრებული და ეფექტიანი პოლიტიკა არ გაატარა ეკონომიკაში არსებული პრობლემების თანდათანობით დასძლევად. ეკონომიკაში ერთ წელიწადში ყველაფერი ვერ გაკეთდებოდა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ერთ წელიწადში ვერ გაკეთდა ის, რაც უნდა გაკეთებულიყო.
- ექსპერტთა ნაწილი 2013 წლის ბიუჯეტში დეფიციტს 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე, წინა ხელისუფლების მიერ ბიუჯეტში მსხვილი გადამხდელების მიერ დაახლოებით 1,5 მილიარდი გადასახდების იძულების წესით გადახდას უკავშირებს. მათი აზრით, ფინანსთა მინისტრმა ხადურმა და მთელმა ეკონომიკურმა გუნდმა ბევრი გააკეთეს, რომ დეფიციტი იმაზე მეტი არ ყოფილიყო, რაც ფაქტობრივად შეიძლება იყოს. . .
- მთავრობამ ერთი ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა, როცა ბიზნესი გათავისუფლებულ იქნა, ახლა ბიზნესს აღარავინ ატერორებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დასაწყისში მსხვილი იმპორტიორები, რომელთა ხელშიც არის ფაქტობრივად მთელი ეკონომიკა, რომელიც სრულად იმპორტზეა ჩამოკიდებული, ეკონომიკურად არ აქტიურობდნენ და არ ახდენდნენ ეკონომიკაში რეინვესტირებას. მათ ჰქონდათ გარკვეული მოლოდინი, რომ მათ წინააღმდეგ ახალი ხელისუფლება დევნას განახორციელებდა. გასულ წელს სუფთა მოგების სახით ქართულმა ბიზნესმა მიიღო 7 მილიარდი ლარი. ამ 7 მილიარდიდან ქართულ ეკონომიკაში რეალურად შემობრუნებული 7 ლარიც არაა. მსხვილი ბიზნესმენების შიშებმა და მოლოდინებმა შეაფერხა ეკონომიკური ზრდა. ეკონომიკა მთლიანად მონოპოლიზებული იყო და მსხვილი ჯგუფები წინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ცალკეული სექტორებში საქმიანობდნენ.
ახალმა ხელისუფლებამ ბიზნესი კი "აუშვა," ახლა არავინ არავის ატერორებს და თავისუფლად შეგიძლია ბიზნესის დაწყება, მაგრამ ერთია, როცა შეგიძლია ბიზნესის დაწყება, ხოლო მეორეა ის, რომ არც ფინანსური ინსტიტუტები და არც კანონმდებლობა ჯერჯერობით კერძო ინიციატივას მხარს ვერ უბამს და მხარსაც ვერ უჭერს. მთავრობამ ამ ერთ წელიწადში ისიც კი ვერ შეძლო, რომ ანტიმონოპოლური კანონმდებლობის განხილვა დაეწყოთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვიღაცის ინტერესში იყო, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა არ მიღებულიყო. ცვლილებების თვალსაზრისით, ახალ ხელისუფლებას მძლავრი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ეს იგრძნო ყველამ და ჩვენ მივიღეთ შედეგი, რომელიც მოსალოდნელიც კი იყო.
- თქვენი აზრით, როგორი იქნება 2014 წლის ბიუჯეტი? რამდენად უფრო რეალური იქნება?
- შემიძლია გითხრათ, რომ 2014 წელი ეკონომიკური თვალსაზრისით 2013 წლიდან არაფერით განსხვავებული არ იქნება. მართალია, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 5%-ითაა დაგეგმილი, მაგრამ ესეც საეჭვოა. ჩვენ არ ვიცით, ახალი მთავრობა როგორ ეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებს. ამდენად, იმ 2,5%-იანი ზრდიდან, რომელიც სავარაუდოდ 2013 წელს დაფიქსირდება, 5%-იან ზრდამდე ასვლა არც ისე იოლი იქნება.
რაც შეეხება წლევანდელ საბიუჯეტო პოლიტიკას, იგი არაფრით განსხვავდება შარშანდელი პოლიტიკისგან და ამდენად, რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი ეკონომიკური ცვლილებების თვალსრაზრისით არ უნდა გვქონდეს.
ვიმედოვნებდი, რომ 2013 წელი მოსამზადებელი პერიოდი იქნებოდა და განხორციელდებოდა ცვლილებები. რაც 2014 წელს ეკონომიკას სწრაფი განვითარების საშუალებას მისცემდა. ახლა როგორც იტყვიან, ერთ ადგილზე ვბუქსაობთ. ქართული ეკონომიკისთვის 5-6%-იანი ზრდა სრული უპერსპექტივობაა და თუ ასე გაგრძელდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ვერანაირი სოციალურ-ეკონომიკური ხასიათის პრობლემა დაძლეული ვერ იქნება.
- მართალია, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლა 24 ნოემბრიდან უკვე დააანონსა, მაგრამ რამდენად რეალისტურად გამოიყურება იმ სამი საინვესტიციო ფონდის სრულად ამოქმედება, რომელზეც პრემიერი ივანიშვილი კარგა ხანია, საუბრობს?
- მხოლოდ ამ ფონდებზე იმედის დამყარება საკითხისადმი ცალმხრივი მიდგომა იქნებოდა. მთავრობა ფუნდამენტალური პრობლემების წინაშე დგას. პრობლემა ისაა, რომ მუშაობა უნდა დაიწყოს 100 ათასობით ადამიანმა და ამას ერთი და ორი ფონდი ვერ უზრუნველყოფს. აქ კომპლექსური მიდგომაა საჭირო. მთავარია, კერძო ინიციატივა იყოს მხარდაჭერილი და ჯერჯერობით ამ ინიციატივის მხრდაჭერა ვერ ხერხდება. ვნახოთ, რა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ სერიოზული ილუზია იქნება, 2014 წელს ეკონომიკაში რაიმე რადიკალურ ცვლილებების იმედი ვიქონიოთ. ჩემი აზრით, საუკეთესო ვარიატი იქნება, თუ ახალი მთავრობა 2014 წელს გამოიყენებს იმ ცვლილებების დასაგეგმად და თანდათანობით განსახორციელებლად, რომელზეც უკვე ვისაუბრე.
მთავრობის პრობლემა ისაა, რომ ჩვენ არა გვაქვს საბაზრო ეკონომიკა. რაც გვაქვს, ეს კვაზი-საბაზრო ეკონომიკაა, მასში არ ფუნქციონირებს არც ერთი ინსტიტუტი, რომელიც საბაზრო ეკონომიკისთვის არის დამახასიათებელი. ასეთ ვითარებაში კი, ეკონომიკის განვითარება წარმოუდგენელია. იმ გარემოს შექმნა, როცა საბაზრო ეკონომიკის მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს, ახალი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა და ამოცანაა. ეს გაცილებით უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ნებისიმიერი კონკრეტული საკითხების გადაწყვეტა. ამიტომაცაა, რომ ვამბობ, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის ფუნდამენტური საკითხებია გადასაწყვეტი. ამიტომ, მე ვუსურვებდი ახალ მთავრობას წარმატებით მოქმედებას. თუმცა, ჯერჯერობიოთ მისი შეხედულებები ამ პრობლემებთან დაკავშირებით ჩვენ არ ვიცით და ამდენად მიჭირს შეფასებების გაკეთება.
- გასულ კვირას ლარის კურსის დაცემა ფიქსირდებოდა. სავალუტო ფონდის შეფასებით "ლარის სიმყარეს ხელოვნურობის ელფერი დაკრავს". რას შეიძლება უკავშირდებოდეს "ლარის კურსის ხელოვნურობა" და რამდენად სარწმუნოდ მიიჩნევდით მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ლარის კურსის გარკვეული კლებით ქართველმა ბანკირებმა სავალუტო ფონდს "ერთგვარად კოჭი გაუგორეს" და წინა კვირას ლარის კურსის კლებაც დაფიქსირდა?
- საქმე ისა, რომ ლარის კურსი წლების განმავლობაში ხელოვნურად ძალიან მაღალ ნიშნულზე იყო შენარჩუნებული. ეს იოლად მიიღწეოდა, როცა ფულის მიწოდება ხელოვნურად იყო შემცირებული. ამიტომაცაა, რომ ქვეყანაში ფულის უზარმაზარი დეფიციტია. ადამიანები ვერ იწყებენ თავიანთ საქმიანობას, ბანკები ჩაკეტილი სისტემებია და საკუთარ თავს აფინანსებენ.
ლარის კურსის "დაკავება" იმ უპასუხიმგებლოდ მაღალ დონეზე უფრო ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების ინტერესებს ემსახურება, ვიდრე - ეკონომიკის ინტერესებს. ვერც ახალი ხელისუფლება შეძლებს ლარის იმ კურსზე "გაჩერებას," როგორიც იყო.
ახლა ლარმა გაარღვია ჯადოსნური - 1 დოლარი - 1, 7 -ის ნიშნული. ახლა საჭიროა კოორდინირებული მოქმედება, რომ ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო-საგადასახადო პოლიტიკა, მთლიანობაში ფინანსური პოლიტიკა კოორდინირებული იყოს და მოხდეს ლარის თანდათანობითი და გეგმაზომიერი დევალვაცია. ასეთი პოლიტიკის შემთხვევაში ბიზნესსა და მოსახლეობას ექნებათ საშუალება, ადაპტირება გაუკეთონ ამ ცვლილებებს.
- 2013 წელი ფინანსური თვალსაზრისით იმითაც იყო რთული, რომ 2013 წელს დაიწყო წინა ხელისუფლების მიერ აღებული ვალების გასტუმრება. ცნობილია, რომ ქვეყანას დაახლოებით 13 მილიარდი აშშ დოლარის ვალი აქვს. აქედან 4 მილიარდი სახელმწიფოს, ხოლო დანარჩენი კერძო ბიზნესის ვალია. თუ გაქვთ ინფორმაცია, წინა ხელისუფლების მიერ აღებული ვალი რას მოხმარდა და რამდენად მძიმე ტვირთად დააწვევა 2014 წელს გადასახლელი ვალის ოდენობა ქვეყნის ბიუჯეტს?
- სად და რაში დაიხარჯა ის უზარმაზარი თანხები, რომელიც საქართველოში 2004-2012 წლებში შემოვიდა, ძნელი სათქმელია. ვფიქრობ, რომ არსებობდეს სერიოზული კონტროლის პალატა ანაც აუდიტის სამსახური, ეს გევცოდინებოდა, მაგრამ ეს ბნელით მოცული საკითხია და პრინციპში შესასწავლია, მაგრამ ეს არაფერს შველის, ვალები გასასტუმრებელია.
2014 და 2015 წლებში საკმაოდ დიდი ოდენობის ვალი იქნება გასასტუმრებელი. თუ ეკონომიკური ზრდა სერიოზული არ იქნა, ბიუჯეტს ვალების მომსახურება გაუჭირდება, ვინაიდან მათ გასტუმრებას ქვეყნის ბიუჯეტის არა ნაკლებ 20%-სა მაინც დასჭირდება.
კობა ბენდელიანი