მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი მის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ნაცვლიშვილმა აცნობა, საინფორმაციო სააგენტო, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა, შესაბამისმა წყარომ პროკურატურის სისტემის დეზორგანიზების მიზნით შეცდომაში შეიყვანა.
"გუშინ ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია თამდებობიდან ჩემი გადადგომის შესახებ. ვფიქრობ, წყარო, რომელმაც აღნიშნული სააგენტო შეცდომაში შეიყვანა, დაინტერესებული იყო პროკურატურის სისტემის დეზორგანიზებით, მით უმეტეს იმ ფონაზე, როცა მთავარმა პროკურორმა მართლაც მიიღო გადაწყვეტილება, 17 ნოემბრის შემდეგ დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, ლაშა ნაცვლიშვილი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ საქართველოს პროკურატურა ჩვეულ რიტმში საქმიანობას განაგრძობს და უკლებლივ ყველა პროკურორი, მისი ჩათვლით, კანონით დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს.