რეპერი ბედინა ახალ ალბომზე მუშაობს, რომელსაც "ცირკი" ერქმევა. "ძალით ქალიშვილები", "პინგვინები" , "მაიმუნები" , "ამ ჩემს კუკუს". ეს არის სახელწოდებები სიმღერებისა, რომლებიც სხვა დანარჩენთან ერთად მის ალბომში შევა. მიშა ბედინაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ კედელზე ახალ სიმღერებს აზიარებს. ერთ-ერთი მათგანი, "პინგვინები" განსაკუთრებით მოგვხვდა თვალში, სიმღერის დასახელების გამო. რეპერს სტუდიაში ვესტუმრეთ.
- ერთი წლის განმავლობაში სახალისო თემებზე ვარ გადართული. აქამდე პროტესტის გამომხატველ აგრესიულ, მძიმე რეპს ვაკეთებდი. ახლა ამ ყველაფრისგან ვისვენებ, პროტესტს გამოვხატავ სხვა ფორმით, არა შეურაცხმყოფელი ფრაზებით, მძიმე სიტყვებით, არამედ ცინიკური, მხიარული ტექსტებით. ალბომს "ცირკი" დავარქვი. ცხოვრებასაც ისე შევხედე, როგორც ცირკს. ზოგი ჯამბაზის როლშია, ზოგი ბილეთის რიგშია. აქამდე არმიას ვაგროვებდი, ზედმეტად პატრიოტულად ვუყურებდი ყველაფერს, გული მტკიოდა ბევრ რამეზე.
- მერე მიხვდი, რომ ეს შენი პატრიოტიზმი არავის სჭირდება?
- მერე მივხვდი, რომ სხვა ფორმითაც შეიძლება ბრძოლა, სიცილითა და იუმორითაც ითქმება სათქმელი... მსიამოვნებს, როცა ჩემი ტექსტებით ახალი თაობა რაღაცებს სწავლობს, იმას, რასაც სკოლასა და სახლში არ ასწავლიან და ძალიან სჭირდებათ. მაგალითად, წაქცეულს ათმა კაცმა არ უნდა დაარტყა, წამალი არ უნდა გაიკეთო, რომ ჯერ შენი უნდა გიყვარდეს და პატივს სცემდე და მერე სხვისი.
- წამალთან როგორი დამოკიდებულება გაქვს თავად?
- არასდროს გამიკეთებია, ეს მსოფლიომ იცის. მეგობრებიც კი არ მყავს ნარკომანები. კაიფს, რომელიც წამალს მოაქვს, სხვა რაღაცებშიც ვპოულობ. ჩემთვის კაიფი მოაქვს ჩემს შემოქმედებას, ხელოვნებას, იმ დათესილ ყვავილს, რომელიც გაიზრდება და რომელსაც მოიწონებენ.
- ყვავილს თუ ფოთოლს?
- (იღიმება) მე ყვავილს ვეძახი და ზოგი ფოთოლს ეძახის, ზოგიც ჭინჭარს... მოზარდს სხვანაირი მიდგომა სჭირდება.
- მგონი, საკუთარი შვილების აღსაზრდელად ხარ მზად.
- ეგ ასაკი ყველას მოსდის, რატომაც არა.
- მაგრამ ამისთვის ქალიშვილს ეძებ, ეს შენი ერთ-ერთი სიმღერიდან ჩანს...
- ჰო (იცინის), ვინც საცოლედ მომეწონა, ყველას მხოლოდ სექსი უნდოდა ჩემთან. ოთხი შემთხვევა მქონდა უკვე ასეთი. ისე არ გამიგოთ, რომ არაქალიშვილებს ვკიცხავ, ბევრს ოჯახი დაენგრა და აღარ უნდა გათხოვდეს? ბედისწერაა ყველაფერი. ამ სიმღერაში იმას ვაპროტესტებ, გინეკოლოგებთან რომ იკერავენ ერთ ადგილს და გატყუებენ, ვითომ წმინდანები არიან. ეკლესიაში რომ შემოგყვებიან და მამაოს ეუბნებიან, მთელი ცხოვრება მეყვარებაო და ამ დროს "ნახმარები" არიან. ვის არ მოსვლია, მაგრამ ჯერ ქალიშვილები გავატაროთ წინ (იცინის).
- მახსოვს, ერთხელ მითხარი, ცოლის მოყვანამდე თმას არ შევიჭრიო. ძებნაში თმა წელამდე გაგეზარდა...
- (იცინის). ჰო, იზრდება. არ მაწუხებს, მივეჩვიე უკვე, მაგრამ არ გაიზრდება დიდხანს, ვგრძნობ.