წლის საუკეთესო ავტომობილის გამოსავლენად ჟურნალი "აუტო ბილდი" კომპანია "ვისოლის" მხარდაჭერით, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ საავტომობილო დაჯილდოებას - "ოქროს საჭე 2013"-ს მართავს. კონკურსში მონაწილეობას მსოფლიო წამყვანი ბრენდების უახლესი მოდელები მიიღებენ.
"დაიწყო საავტომობილო ოსკარად წოდებული "ოქროს საჭე 2013," რომელსაც ორგანიზებას ჟურნალი "აუტო ბილდ საქართველო" უკეთებს. ეს კონკურსი გულისხმობს წლის საუკეთესო მანქანის გამოვლენას ექვს კლასში. ხმის მიცემის პროცედურა უკვე მიმდინარეობს და გულშემატკივრებს შეუძლიათ "აუტო ბილდის" საიტზე შევიდნენ და ხმა მისცენ მათ ფავორიტ ავტომობილებს. დეკემბრის ბოლოს კი ჩვენ შევაჯამებთ და გამოვავლენთ წლის საუკეთესო ავტომობილებს", - განაცხადა ჟურნალ "აუტო ბილდის" მარკეტინგის მენეჯერმა ლაშა წიკლაურმა.
"ოქროს საჭე 2013-ის" გახსნის საზეიმო ცერემონიალს კომპანია "ვისოლის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე ესწრებოდა: "ოქროს საჭე ძალიან საინტერესო კონკურსია, ძალიან ბევრ ქვეყანაში ტარდება და მიხარია, რომ საქართველოშიც ჩაეყარა საფუძველი. ამ კონკურსში თანამედროვე მანქანები მონაწილეობენ, თანამედროვე მანქანებს კი მაღალი ხარისხის საწვავი სჭირდებათ, ესეთი ხარისხი საქართველოში კომპანია "ვისოლს" გააჩნია. ამიტომაც ჩვენ გადავწყვიტეთ, "აუტო ბილდის" ამ კონკურსში ჩავერთოთ და ყოველწლიურად მივიღოთ მონაწილეობა."
"ოქროს საჭე 2013-ის" გახსნის საზეიმო ცერემონიალს "ნისანის" ცენტრმა უმასპინძლა. კონკურსში "ნისანის" უახლესი მოდელი - "ნისან ნოუთი" იღებს მონაწილეობას. ამასთან, კომპანიამ მისი სრულიად ახალი მოდელი "ნისან ტიდა" წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას. "გახსნის ღონისძიებას მასპინძლობს კომპანია "ჯეო ავტო," რომელიც "ნისანის" ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ექვსი კატეგორიიდან ერთ-ერთში "ნისან ნოუთი" მონაწილეობს და "ნისანის" მოყვარულებს მოვუწოდებთ, მხარი დაუჭირონ ამ მოდელს",- განაცხადა კომპანია "ჯეო ავტოს" მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერმა ქრისტინე პატარაიამ.
"ოქროს საჭე 2013-ის" გამარჯვებული ავტომობილი ხმის მიცემის პროცედურის საშუალებით გამოვლინდება. ჟურნალი "აუტო ბილდი" ყველა წამყვანი საავტომობილო ბრენდის წარმომადგენელს საქართველოში საშუალებას აძლევს, წარმოაჩინოს უახლესი მოდელები, გააცნოს საზოგადოებას მათი უპირატესობები და გახდეს "ოქროს საჭე 2013." რჩეული ავტომობილისთვის ხმის მიცემის საშუალება გულშემატკივრებს "პალიტრა მედიას" საიტების საშუალებით ექნებათ. ხმის მიცემის პროცედურა დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და საზეიმო დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება.