მომავალი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ალექსანდრე ჭიკაიძემ თბილისის მთავარი სამმართველო "საათივით ააწყო".
"ლექსო გაიზარდა ღირსეული პოლიციელის ოჯახში. მას ძალიან კარგი მამა ჰყავდა - ის იყო ღირსეული პოლიციელი. ლექსომ ჩვენს სამინისტროში რამდენიმე წლის წინ დაიწყო მუშაობა და ყველა ეტაპი ძალიან წარმატებით გაიარა - იყო დამწყები ოპერატიული თანამშრომელი, შემდეგ კი გახდა გამომძიებელი. ამის მერე თბილისში პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსად გადავიდა, შემდეგ კი მე დავნიშნე კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსად და ბრწინვალედ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. მან საათივით ააწყო და გამართა სისტემა კახეთის სამმართველოში. გაზაფხულზე გადმოვიყვანე თბილისში და მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა მთავარი სამმართველო. ლექსომ რამდენიმე თვეში ასევე საათივით ააწყო და გამართა თბილისის სამმართველო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ჭიკაიძე შს მინისტრის პოსტზე მის შემცვლელად წარადგინა.
მომავალი პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე წარმატებული შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება.
"ლექსომ აჩვენა რომ მას შეუძლია მართვა. ისაა ღირსეული და წარმატებული პოლიციელი და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება წარმატებული მინისტრი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.