მთავრობამაც გადაწყვიტა და არც სოზარია წინააღმდეგი, რომ ციხეებს ახალი მინისტრი ჰყავდეს. არჩევნების შემდეგ სუბარს "შიგნიდან" ჩაანაცვლებენო, ამბობენ. შიგნიდან, ანუ სამინისტროდან!
სამინისტროში ყველაზე რეალური კანდიდატი, რომელიც შეიძლება მინისტრი გახდეს, ყოფილი პროკურორი და ამჟამად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი მიხეილ ღურწკაიაა. რამდენიმე თვის წინ, სად-ში მან მაია ხასია შეცვალა.
კულუარული ინფორმაციით, ღურწკაია სასჯელაღსრულების სამინისტროში მთავარი პროკურორის მოადგილის - ლაშა ნაცვლიშვილის რეკომენდაციით დანიშნეს. ნაცვლიშვილი კი, მთავრობაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება (პრემიერის თვალში).
ღურწკაიამ ციხეებში ბევრი საკადრო ცვლილება განახორციელა, მათ შორის ციხის დირექტორები შეცვალა.
ასევე კულუარული ინფორმაცია ვრცელდება, რომ ხშირად არ ემთხვევა სოზარ სუბარის და მიშა ღურწკაიას აზრები ერთმანეთს. ამბობენ, რომ მთავრობის ხელმძღვანელ ბიძინა ივანიშვილს, სუბარი სუსტ მინისტრად მიაჩნია, ამავდროულად კი, განათლებულ და პატიოსან ადამიანად.
ის, რომ სოზარი წავა და მიშა მოვა, კიდევ ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით მყარდება, - სოზარ სუბარი მაქსიმალურ შესაძლებლობებს (სიმკაცრეს) იმიტომაც არ იყენებს სასჯელაღსრულების სამინისტროში, რომ თვითონაც არ ხიბლავს სისტემა. ამბობენ, რომ სუბარი მოუთმენლად ელოდება პრემიერის შეცვლას და არჩევნების ჩამთავრებას და როგორც ყოფილი სახალხო დამცველი ყველაზე კარგად ხვდება, რა ნაბიჯი არ მოეწონებათ სამინისტროს მხრიდან პატიმრებს, ამიტომ ის შესაძლოა ერიდება გისოსებს მიღმა მყოფი საზოგადოების უკმაყოფილებას, რაც შეიძლება მინისტრის სიმკაცრეს მოჰყვეს.
პატიმრების პროტესტი და მათთან დაკავშირებული თემები კი ყველას კარგად გვახსოვს რა შედეგებს იწვევს.
მთავრობისთვის არაპოპულარული აღმოჩნდა გავრცელებული ხმები იმის თაობაზე, რომ მასშტაბური ამნისტიის შემდეგ, ციხეებში ე.წ. მაყურებლები გააქტიურდნენ.
კულუარული ინფორმაციით, მთავრობა მივიდა დასკვნამდე, რომ ციხეებში არსებულ სიტუაციას მეტი სიმკაცრე სჭირდება, თანაც იმ ფონზე, როდესაც აგორებულია ასეთი არაპოპულარული თემა, სუბარი კი - რეაგირებას ფაქტობრივად ვერ ახდენს.
თავიდან სუბარი მაყურებლების გაძლიერებასაც არ აღიარებდა, სად-ის თავმჯდომარემ, მიხეილ ღურწკაიამ კი ჟურნალისტებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე თქვა, რომ ე.წ. მაყურებლები მართლაც გაძლიერდნენ და დაწყებულია მუშაობა, ან ინსტიტუტის წინააღმდეგ.
ის, რომ სუბარი წავა, იმითაც უნდა დავიჯეროთ, რომ მთავრობის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი მისი პრემიერობიდან წასვლის შემდეგ სამთავრობო ცვლილებებს არც ადასტურებს, თუმცა არც გამორიცხავს.
ჟურნალისტებთან ბოლო შეხვედრაზე ივანიშვილმა თქვა, რომ მედიის წყალობით, რომელიც ვითარებას რეალობისგან განსხვავებულად "ასახავს" სოზარს დაცვა სჭირდება, "საწყალს ნერვიულობით ღამეები არ სძინავს, ისე ასახავთ ციხეებში არსებულ მდგომარეობასო", ამ კონტექსტში ივანიშვილმა სხვა მინისტრებიც ახსენა, თუმცა სუბარი -განსაკუთრებულად.
პრემიერმა ისიც არ უარყო, რომ როდესაც იგი მთავრობის მეთაური აღარ იქნება, შესაძლოა ერთი-ორი მინისტრი გადაადგილდეს.
რაც შეეხება მიშა ღურწკაიას, ის "ამბები.გე"-სთან ინტერვიუში უარყოფს სუბარის შესაძლო გადადგომასაც და მის შესაძლო დანიშვნაზე არსებულ კულუარულ ინფორმაციასაც.
-ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნების შემდეგ, მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება, სუბარი დატოვებს თანამდებობას და მას თქვენ ჩაანაცვლებთ, რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს?
-საერთოდ არ არის ახლოს სიმართლესთან.
-ხომ არ გქონიათ რაიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, ან კონსულტაციები?
-არც შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მქონია, არც სურვილი და საერთოდ არ არის სიმართლესთან ახლოს.
-თუ კი შემოგთავაზებენ დასთანხმდებით?
-რა თქმა უნდა, არა.
-რატომ?
-საერთოდ არ მიფიქრია ამ თემაზე. ეს საერთოდ არ არის განხილვის თემა, არც არავინ მოიაზრებს ამას. სოზარ სუბარი არსად არ მიდის. არის ძალიან კარგი მინისტრი და ერთად გვაქვს ძალიან ბევრი კარგი გეგმა.
ღურწკაიასგან განსხვავებით, სუბარი არ უარყოფს, რომ დიდი ხნით სასჯელაღსრულების სისტემაში თავის თავს ვერ ხედავს. მას არ დაუკონკრეტებია - როდის, თუმცა 3 ივნისს "პალიტრის" ერთ-ერთ გადაცემაში, "ემას შოუში" თქვა, რომ წასვლას აპირებს. სუბარს არც ის დაუკონკრეტებია, სად ხედავს საკუთარ თავს.
"ბედნიერი ვიქნები თუ მიმდინარე პროგრამებს დავასრულებ. თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი დრო და არ მგონია, ამდენი ხნით ვიყო სასჯელაღსრულების მინისტრი. წასვლას ვაპირებ, მინდა რომ ყველა პროგრამა დასრულდეს, რადგან გული შემტკივა ყველა პრობლემაზე, მაგრამ ეს ძალიან გრძელვადიანია. ამდენი ხანი მე ჩემს თავს ვერ ვხედავ ამ სისტემაში", - განაცხადა სუბარმა გადაცემაში.
არ არის გამორიცხული, თუკი კულუარული ამბები სიმართლეა და სუბარი მართლა გადადგა, მან, როგორც გამოცდილმა "ენჯეოშნიკმა" არასამთავრობო სექტორში საქმიანობა ბიძინა ივანიშვილთან ერთად გააგრძელოს.
თამაზ გიორგაძე