პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე ნიგერიელი სტუდენტების ცემის ფაქტს, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.
კაკაბაძე პოსტს "დიახ, ჩვენ ზანგები ვართ - Say No to Racism!" სახელწოდებით აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ქუთაისში ნიგერიელი სტუდენტი ცემეს. მისი ჩვენებით, ოთხი ქართველი ბიჭი თავს დაესხა და სცემა. ეს 21 ოქტომბერს მოხდა.
ეს უკვე პირველი შემთხვევა აღარაა რასისტული ძალადობის და უკვე კუ-კლუქს-კლანის ხელწერას ემსგავსება ეს ყველაფერი. ჩვენმა საზოგადოებამ ეს არ უნდა დაუშვას. ძალიან გახშირდა რელიგიურ და ნაციონალურ ნიადაგზე მომწიფებული კონფლიქტები. პატარა ჯგუფები ერთმანეთის წინააღმდეგ ირაზმებიან და ხშირად ძალადობასთანაც გვაქვს საქმე. ამავე დროს გაძლიერდა რასიზმიც.
როდესაც მიხეილ სააკაშვილმა 2010 წელს რასისტული განცხადება გააკეთა და თქვა: "ჩვენ რა ზანგები ვართ?", ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ამ სრულიად ბარბაროსულ განცხადებას მეტნაკლებად ლოიალურად მოეკიდა. მახსოვს მაშინ ტელედებატებში ერთ-ერთმა მისმა "მოყვარულმა" ისიც აღნიშნა, რომ "ზანგი" ზოგადად ჩაგრულს ნიშნავს და იმიტომ თქვა მიშამ ესო.
სწორედ მაგაშია პრობლემა რომ შავკანიანის დამამცირებელი ტერმინი "ზანგი" მონის სინონიმად იყო ქცეული ჩვენს ლექსიკაში დიდი ხნის განმავლობაში და ამას ყურადღებას არ ვაქცევდით. როცა პაატა ქურდაძემ ძალიან მახვილგონივრულად მიანიშნა აგრეთვე ნაციონალისტური მთავრობის წევრების რასისტობაზე თავის ნახევრად მხატვრულ პუბლიცისტურ ჩანახატში 2012 წლის ზაფხულში, მას აქეთ გამოედავნენ და რასისტული რემარკის ავტორი დაიცვეს ზოგიერთმა "პროგრესულმა ქართველებმა".
უფრო მეტიც, არაპირდაპირი და ლატენტური რასიზმი ჩვენს ინტელექტუალურ ელიტას ახასიათებს პირველ რიგში. ისინი პირდაპირ ხაზს უსვამენ ჩვენს "დასავლურ" ორიენტაციას, იმის მაგივრად რომ სიტყვა "დემოკრატიული" იხმარონ. ეს პირდაპი მიანიშნებს იმაზე რომ მათ არც აღმოსავლეთი მოსწონთ და არც სამხრეთი. ჩვენი ახალი, "ლიბერალური ინტელიგენცია" საკუთარ რასიზმს არ აღიარებს და მუდმივად აპელირებს "დასავლეთის ამაღლებულ იდეალებზე". ამის ურთიერთგამომრიცხველად ლაპარაკი კი იმას ნიშნავს რომ აღმოსავლეთი თავისთავად არაა მისაბაძი არაფერში და ჩვენ მხოლოდ ევროპისკენ გვაქვს მიტრიალებული ცხვირი.
ჩვენი დღევანდელი ევროპა-ცენტრიზმი რასიზმის ფორმაა, რომელიც უკვე აშკარა ძალადობის სახეს იძენს. უკვე ერთზე მეტი შემთხვევაა როცა ფიზიკურად უსწორდებიან განსხვავებულ ადამიანებს. და ამაში ყოველი ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა. პირველ რიგში კი იმ პოლიტიკოსების, რომლებიც შავკანიანების ან მონღოლოიდების მიმართ დამამცირებელ გამოთქმებს არ ერიდებოდნენ და საქართველოს კი "უძველეს ევროპას" უწოდებდნენ.
ჩვენ უნდა გავხდეთ იმ ევროკავშირის წევრები, რომელმაც გადალახა რასიზმი და ნაციონალიზმი და უარი თქვა იმპერიალიზმზე. ჩვენ არაფერი გვესაქმება აუშვიცის ან ბერკენაუს ევროპასთან, ან სულაც იაკობინელების ნაციონალიზმთან - რაც არ უნდა "პატრიოტიზმი" ერქვას მას. ევროპამ თვითონ თქვა დღეს უარი ფრანგული ბრენდის ნაციონალიზმზე - სადაც "ხალხი" ეთნიურობის მიხედვით არის ბატონი - და დანარჩენი ყველა მეორეხარისხოვანი ადამიანია.
საქართველოში რასიზმის წინააღმდეგ ბევრია სამუშაო - და ძირითადად განათლების სფეროში.
მაგრამ, ამავე დროს მაინტერესებს, რატომ სიმბოლურად მაინც არ უნდა მოეთხოვოს პასუხი ქვეყნის ჯერ კიდევ პრეზიდენტს ასეთი ბარბაროსული გამოთქმისათვის, რომელზეც ჯერ კიდევ ბოდიშიც არ მოუხდია.
ცხადია, მას ბევრ რამეზე მოეთხოვება პასუხი და პრაქტიკულად ყველაფერი შერჩა. მაგრამ, როდესაც ქვეყნის პირველი პირი ცინიკურად კითხულობს: "რა ჩვენ ზანგები ვართ" და ამაზე საზოგადოების უმრავლესობა ეფერება და აწყნარებს, მაშინ აღარ უნდა გაგვიკვირდეს რომ ადრე თუ გვიან ამას შავკანიანების მიმართ ფიზიკური ძალადობაც მოჰყვება.
აკი მოჰყვა კიდეც. და სირცხვილი ჩვენ.
P.S. წინადადება შემომაქვს დავიწყოთ ანტი-რასისტული კამპანია სახელწოდებით:
დიახ, ჩვენ ზანგები ვართ!" - წერს ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" გვერდზე.