საპრეზიდენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის მეორე ადგილზე გასვლაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს. ამბობს, რომ მთავარი ყოველთვის გამარჯვებაა. არ ვარაუდობს, რომ ნაციონალები ოდესმე შეძლებენ ხელისუფლებაში დაბრუნებას. რატომ ფიქრობს, რომ პარლამენტსა და მთავრობას დახვეწა სჭირდება და რატომ მოუწოდებს საზოგადოებას მხარდაჭერისკენ? "ვერსია" საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, მთაწმინდის მაჟორიტარ დეპუტატს ზაზა პაპუაშვილს ესაუბრა.
- ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ქვეყანას ატყუებდა, ისტერიკულ ვითარებას ქმნიდა და ადამიანებს ფსევდოღირებულებებით კვებავდა, ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდება. ამ ბანდის უფროსს მიხეილ სააკაშვილსაც დღეები დათვლილი აქვს. მათ მიერ სულიერად და ფიზიკურად ტრავმირებულ ქვეყანას მკურნალობა და ჭრილობების მოშუშება სჭირდება.
- საპრეზიდენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის 22%-ით გასვლა არ არის იმის მანიშნებელი, რომ სააკაშვილის პარტია ამომრჩევლის ნდობის აღდგენას იწყებს?
- მეორე ადგილზე გავიდნენ, ბრინჯაოს მედალი მიიღეს თუ დაფნის გვირგვინი დაიდგეს თავზე, ნაკლებად მაინტერესებს - მე ყოველთვის გამარჯვებას ვზეიმობ. წლების განმავლობაში სწორედ ამისთვის ვიბრძოდით და ნანატრი დღეც ჯერ პირველ ოქტომბერს, შემდეგ კი 27 ოქტომბერს დადგა. სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწილს, რომელიც სისხლგაწყალებული აღმოჩნდა, აქვს განცდა, რომ რაღაც დააკლდა. ასეთებს ახირებულ ქართველებს ვუწოდებ.
- განსხვავებული აზრისა და ხელისუფლების ქმედებებით უკმაყოფილო ადამიანები თქვენში ასეთ ასოციაციას იწვევს?
- არა, უბრალოდ, მეტი მოთმინება გვმართებს. ყველა სურვილი ისე უცებ არ სრულდება, როგორც ზღაპარში და არც სახელმწიფო ამ პრინციპით. საქართველო არც ისე დიდი ხნის წინ, დენთის კასრზე იჯდა, ხალხი ტერორში იყო და ქვეყანა თავზე გვენგრეოდა, ამის შემოქმედნი კი ნაციონალი მამები იყვნენ.
- ამ ფონზე, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილი დააკავონ?
- ულტრალიბერალი არ ვარ. ვუსმენ ადამიანებს, რომლებიც აცხადებენ, რომ სააკაშვილის დაპატიმრება ქვეყნის იმიჯს დააზარალებს, მაგრამ განსხვავებული პოზიცია მაქვს. არ მივეკუთვნები მათ, ვინც ფიქრობს, რომ სააკაშვილის დაპატიმრებას დასავლეთი ვერ გაიგებს და არადემოკრატიულ ნაბიჯად აღიქვამს. მაშინ, იმ ადამიანებს რა პასუხი გავცეთ, რომლებიც ამბობენ, რომ პრეზიდენტის თანამდებობა ინდულგენცია არ არის და დამნაშავე კანონის შესაბამისად უნდა დაისაჯოს. რადგან დეპუტატი ვარ, ქუჩაში გავიდე, გამვლელს ბოთლი ჩავარტყა და ვუთხრა, ვალდებული ხარ, ჩემგან მოითმინო-თქო? ამ ადამიანებმა ვიწრო წრე შეკრეს, ქვეყანაში უზნეო "ტოსოვკები" მოიწყვეს, შემდეგ სასტუმროები და საროსკიპოები აიშენეს, ხალხს კი ლუკმა პური ენატრებოდა. ყველა მათგანს "ბამბანერკა ქართველები" ვუწოდე.
- ამის მტკიცებულებები არსებობს? თავდაცვის ყოფილი მინისტრის შესახებ პროკურატურამ სათანადო მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა, რის გამოც ბაჩო ახალაია უკვე ორ საქმეზე გაამართლეს.
- უნდა გვესმოდეს, რომ ქართული საზოგადოების მოწამლულ სულსა და გონებას ერთ ან ორ წელიწადში სრულად ვერ გამოვაჯანმრთელებთ. ვინც ნაციონალური მოძრაობის პერიოდში მუშაობდა, თითქმის ყველას სამსახური შეუნარჩუნდა. ადამიანებს, რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენიათ, შანსი მივეცით, თავისუფალ გარემოში, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე ემსახურათ. სამწუხაროდ, ვიღაცამ ეს შანსი გამოიყენა, ვიღაცამ ვერა. ხარვეზების გამოსწორებას დრო სჭირდება... რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, მისი საქმე ჯერ კიდევ სამ ინსტანციანში უნდა განიხილონ. ნუ ავჩქარდებით. დასკვნებს წინასწარ ნუ გამოვიტანთ. საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩვენ მემკვიდრეობად მავთლუხლართები, იპოთეკით დაზარალებული უამრავი მოქალაქე და უკანონოდ ქონებაჩამორთმეული ხალხი დაგვხვდა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ბიზნესმენი "დაჩმორდა" და ხმა ვერ ამოიღო, არადა პირველ რიგში, მათ უნდა ისაუბრონ ამ საკითხებზე ხმამაღლა. ჩვენ ამ ბოროტებას ვებრძოდით...
- ბიზნესმენები დიდი ხანია ითხოვენ წართმეული ქონების დაბრუნებას და ამის შესახებ პროკურატურაშიც უამრავი საჩივარი შევიდა, მაგრამ ივანიშვილის პოზიციაა, რომ ქონების დაბრუნება ეკონომიურ კოლაფსს გამოიწვევს.
- პროკურატურა წართმეულ ქონებას ვერ დააბრუნებს. საქმის სირთულეც სწორედ ესაა. ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი გამოწვევა დასაქმებაა. ამისთვის მალე საინვესტიციო ფონდები ამუშავდება და საშუალო და მცირე ბიზნესიც ამოისუნთქებს. ასე რომ, ვიღაცის ჩასვრილს ჩვენ ნუ გვაბრალებთ. ბოროტი თესლი ამოვძირკვეთ და კეთილი დავთესეთ. ახლა უნდა დაველოდოთ.
- ბიძინა ივანიშვილმა ახალი პრემიერის წარდგენისას აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი დაიხვეწება. ეს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მინიშნებაა?
- საქართველოს პარლამენტი მთავრობასთან ერთად დაიხვეწება. რა თქმა უნდა, უშეცდომო არავინაა, მაგრამ წინა მოწვევის პარლამენტი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კი არა, სანოტარო კანტორა იყო, რომელიც ნებისმიერ გადაწყვეტილებას მექანიკურად აფორმებდა. წლების განმავლობაში ქართველები ან ქრთამს ვიღებდით ან ვაძლევდით, ტვინი ასე გვქონდა მოწყობილი, ამიტომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება გულზე და ტვინზე ცუდად არ მომდებია და საგანგაშოც არაფერია. სხვათა შორის, პირადად მე, როგორც დეპუტატი, ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ წინ წავედი და ჩემთვის საკანონმდებლო ცხოვრება ბევრად ნათელი გახდა. როცა პარლამენტის დახვეწაზე ვსაბურობთ, ისიც უნდა ვთხვათ, რომ პირველ რიგში, ჩვენი ქვეყანაა დასახვეწი. საზოგადოებაც უნდა დაიხვეწოს, რადგან რეალურად, ანალიზის უნარის ნაკლებობაა.
- ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სექტორში გადასვლის შემდეგ ეს პრობლემა მოგვარდება?
- ბიძინა ივანიშვილი არ არის მესია, მას ბრწყინვალე ქართველ ადამიანად აღვიქვამ, რომელსაც სამშობლო უსაზღვროდ უყვარს. რაც შეეხება მის სამოქალაქო სექტორში გადასვლას, ჩვენ ყველამ ერთმანეთი უნდა გავზარდოთ. მთავრობამ ხალხთან ურთიერთობა უნდა ისწავლოს, საზოგადოებამ კი - მმართველი გუნდის არგუმენტირებული კრიტიკა. ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ასე განვითარდება.
რუსუდან შელია