სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა დღეს კომენატარი გააკეთა მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე. როგორც სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს რუსთავში განუცხადა, კბილაშვილმა თავად გააკეთა მკაფიო განცხადება იმაზე, რომ თანამდებობაზე დარჩება პრეზიდენტის ინაუგურაციამდე და შემდგომ უკვე ახალი პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს ვინ იქნება მთავარი პროკურორი.
მინისტრის თქმით, უაღრესად დადებითად აფასებს არჩილ კბილაშვილის მოღვაწეობას როგორც ადვოკატის, ასევე მთავარი პროკურორის პოსტზე.
"დარწმუნებული ვარ, კბილაშვილი სადაც იქნება, თავის სათქმელს ყველგან იტყვის - სამოქალაქო სექტორში იქნება ბიძინა ივანიშვილთან ერთად, თუ სხვაგან. ის ჩვენი გუნდის წევრად დარჩება", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
არჩილ კბილაშვილი სადაც არ უნდა მოღვაწეობდეს, თავის საქმის პროფესიონალი, ერთგული, წესიერი და ქვეყნისთვის გულანთებული ადამიანი იქნება, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას.
როგორც უსუფაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს ვილნიუსში განუცხადა, არჩილ კბილაშვილმა ერთი წლის განმავლობაში, ძალიან რთულ პერიოდში უხელმძღვანელა საქართველოს პროკურატურას და ძალიან რთული იყო ეს მუშაობა.
"მე პირადად მადლობას ვუხდი იმისთვის რაც მან გააკეთა და დარწმუნებული ვარ, ხვალ და ზეგ სადაც იქნება, იქაც ისე იმუშავებს, როგორც ყველა კმაყოფილი ვიქნებით. აქ გავიგე ეს ამბავი, მე არჩილთან ამ თემაზე საუბარი არ მქონია. როდესაც ჩავალ საქართველოში უფრო მეტად დავინტერესდები, მაგრამ მე მგონია, რომ არჩილ კბილაშვილი სადაც არ უნდა მოღვაწეობდეს, იქნება თავის საქმის პროფესიონალი, ერთგული, წესიერი და ქვეყნისთვის გულანთებული ადამიანი", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ზოგადად ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა ეს არის დროებითი და ადამიანები მზად უნდა იყვნენ ყოველთვის იმისთვის, რომ არ არიან ერთ სტატუსში წარმოდგენილები.
"არჩილ კბილაშვილს მე ვიცნობ სტუდენტობიდან, ის იყო თავისუფალი ადამიანი, ის თავისუფალი პროფესიის წარმომადგენელი, ადვოკატურას მიჰყვებოდა და ძალიან წარმატებულადაც. საკმაოდ რთულია ახალ ამპლუაში გადასვლა, მეც გამიჭირდა არასამთავრობო სექტორიდან პოლიტიკაში შემოსვლა და ერთი სული მაქვს როდის დავუბრუნდები ჩემთვის ყველაზე კომფორტულ ადგილს, მაგალითად უნივერსიტეტს. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, ვინც სახელმწიფო თანამდებობაზე ვართ, შესაძლოა დადგეს მომენტი, როდესაც გადავწყვიტოთ პოზიციის შეცვლა, სტატუსის შეცვლა", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის აზრით, მთავარი პროკურორის პოსტიდან არჩილ კბილაშვილის გადადგომა "საქმისთვის უკეთესი იქნება". როგორც აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას სესიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, კოჰაბიტაციის დასრულების პირობებში პროკურატურას "ახალი სისხლი" "ახალ რელსებზე" გადაიყვანს.
"მე ვფიქრობ, რომ ესაა არჩილ კბილაშვილის მიერ მიღებული ღირსეული გადაწყვეტილება. ჩვენს ხელისუფლებას და განსაკუთრებით პროკურატურას ჰქონდა რთული პერიოდი - ე.წ. კოჰაბიტაციის პერიოდად მონათლულ ვითარებაში უწევდა მას ძალიან რთულ საკითხებზე მუშაობა. კოჰაბიტაციური პერიოდი მოითხოვდა თავისებულ პოლიტიკურ მიდგომას, მათ შორის პროკურატურაში და ვფიქრობ, რომ არჩილ კბილაშვილმა ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის ქვეშ წარმატებით გაართვა ამ გამოწვევას თავი. ახლა ჩვენ ვართ სხვა რეჟიმში და ამიტომ მიმაჩნია, რომ მისი ახალი სისხლით ჩანაცვლება იქნება პროკურატურისთვის ახალი ეტაპი. საერთო ჯამში, ეს ახალი ეტაპი უნდა იყოს ამ სისტემის ობიექტურად და სტაბილურად მოქმედების გარანტი", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
მისივე შეფასებით, პროკურატურის ახალ რელსებზე გადასვლა არ ნიშნავს იმას, რომ ლიბერალური პოლიტიკა არ გაგრძელდება.
"კოჰაბიტაციურ რეჟიმში პროკურატურას თავისი განსაკუთრებული ხასიათის გამოწვევა ჰქონდა. ამ პერიოდმა გადაიარა, საჭიროა ახალი სისხლი, რომ უწყება ახალ რელსებზე დადგეს და ეს სისტემა უკვე სტაბილურ სისტემად ჩამოაყალიბოს. ამიტომ მიმაჩნია, რომ არჩილ კბილაშვილის გადაწყვეტილბა არ არის მხოლოდ მისი პირადი შეხედულება, ეს საქმისთვისაც ასე იქნებოდა უკეთესი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლიბერალური პოლიტიკა არ გაგრძელდება. რას უნდა ველოდოთ ახალი მთავარი პროკურორისგან? უნდა ველოდოთ რომ სისტემას გახდის სტაბილურს, ეფექტურს და კანონის ფარგლებში მოემსახურება ქვეყანაში სამართლიანობას.
ჩვენ გარკვეულწილად გვიწევდა კოჰაბიტაციის პირობებში პოლიტიკური ვითარების გათვალისწინება, ეს არ ნიშნავს, რომ პროკურატურა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ იყო, მაგრამ სახელმწიფოს პოლიტიკა ითვალისწინებდა კოჰაბიტაციურ რეჟიმს. ამიტომ მისი წასვლით და ახლის მოსვლით მიმაჩნია, რომ გზა იხსნება ამ სისტემის ადეკვატურად განვითარებისთვის", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.
მთავარი პროკურორის გადადგომასთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია მოქმედ შინაგან საქმეთა მინისტრს და მომავალ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს. "ერეკლეობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, ღარიბაშვილი დღეს თელავში იმყოფებოდა, თუმცა მინისტრმა ტერიტორია ჟურნალისტებთან კომენტარის გარეშე დატოვა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურში უთხრეს არჩილ კბილაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას დღეისთვის არ აპირებს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც.