საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე მომავალ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სორბონის უნივერსიტეტის დიპლომის წარმოდგენას სთხოვს.
როგორც გოგა ხაჩიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საზოგადოებამ იცის, რომ ირაკლი ღარიბაშვილს დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სორბონის უნივერსიტეტი. ხაჩიძის განმარტებით, შესაძლოა, ღარიბაშვილმა სორბონის უნივერსიტეტში ენის კურსები გაიარა, ან სწავლა დაიწყო და არ დაუსრულებია.
"თუ ღარიბაშვილმა დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი, ძალიან ვთხოვთ, რაღაცნაირად საზოგადოებას, ჟურნალისტებს და ზოგადად ყველას ამის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი გვაჩვენოს. მართლა გვაინტერესებს", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
მისივე ინფორმაციით, თავად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და პროფესიით მცენარეთა ფიზიოლოგია.
"საფრანგეთშიც ვარ ნამყოფი, ამერიკაშიც, მაგრამ არც სორბონის, არც იელის და არც ოქსფორდის უნივერსიტეტის დამთავრებას ვიბრალებ", - აღნიშნა ხაჩიძემ.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის დიპლომის კანონთან მიმართებაში არანაირი პრობლემა არ არსებობს, უბრალოდ, ეს საზოგადოების ინტერესის საგანია.
"ვერ შევამჩნიე, რომ ბატონი ირაკლი საუბარში "ღ"-ს უფრო ელეგანტურად ხმარობს", - დასძინა გოგა ხაჩიძემ.
იხილეთ ვიდეო