საქართველოს მომავალი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 1999-2003 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტზე, ურთიერთობების სპეციალობით სწავლობდა. მას ბეჯით და განათლებულ სტუდენტად ახასიათებენ.
ეკა სხირტლაძე, ირაკლი ღარიბაშვილის ჯგუფელი:
- ძალიან შეკრული, მეგობრული და განსაკუთრებული ჯგუფი გვქონდა. ზურაბ დავითაშვილი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძვლებს გვიკითხავდა. პირველ დღეს მან გასაცნობად სამართალისა და ურთიერთობების მთელი ფაკულტეტი შეგვკრიბა. ტესტი დაგვირიგა, რომელიც ისტორიას კულტურას, გეოგრაფიას და ყველა სხვა საგანს ეხებოდა. ბატონ ზურაბს ჩვენი ზოგადი განათლება აინტერესებდა. რამდენიმე დღეში შედეგებით შემოვიდა და იკითხა, ვინ არის ადამიანი, რომელმაც ყველა შეკითხვას აბსოლუტურად სწორი პასუხი გასცაო. ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილი. ის ყველას იქიდან დაგვამახსოვრდა.
ირაკლი ძალიან მორიდებული, წესიერი და განათლებული ადამიანია, მაგრამ განათლებით თავს არ გვამეტებდა. ნიჭიერებით და ცოდნით თავის გამოჩენა არ უყვარდა. ყველა კოლოქვიუმში და გამოცდაზე მაღალ ქულებს იღებდა. ძალიან მეგობრული და უშუალო იყო. არ იყო ყალბი. კოლოქვიუმის და გამოცდის პერიოდში ყველა ერთმანეთს დავდევდით, კონსპექტი მათხოვე, დამეხმარე... ირაკლი ყოველთვის ყველაზე მაღალ ქულას იღებდა. თან ისე, რომ არავის დახმარება არ სჭირდებოდა..
- ჯგუფელებსაც გეხმარებოდათ დავალებების გაკეთებაში?
- კი, ყველას გვეხმარებოდა. მერე საფრანგეთში წავიდა და იქ სწავლობდა. როდესაც ჩამოვიდა, ჯგუფელებს თუ შეგვხვდებოდა, ძალიან თბილად გვკითხულობდა. უნივერსიტეტში ვმუშაობდი და რომ მოდიოდა, განსაკუთრებული სალმით და ყურადღებით მხვდებოდა. ყველას თბილად მოგვიკითხავდა ხოლმე. ასეთი რამ გასაკვირია, რადგან დრო რომ გადის, ბევრს დერეფნის თავიდან ბოლოში ჯგუფელის მოკითხვა ეზარება.
ირაკლი ყველას გამორჩეულად გვახსოვს. გვეამაყება, რომ ჩვენი კურსელი ასეთი წარმატებულია. ეს ჩევნი უნივერსიტეტისა და ქვეყნის წარმატებაც არის.
ირაკლი არის ადამიანი, რომელშიც არის გაერთიანებული - ცოდნა, განათლება და ინტელექტი. ასეთი ადამიანი ყველა სფეროში წარმატებული იქნება და ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ზურაბ დავითაშვილი, პროფესორი:
- ირაკლი ღარიბაშვილი პასუხისმგებლობითა და გულისყურით ეკიდებოდა ყველაფერს, მაგრამ გამორჩეული სტუდენტი ნამდვილად არ ყოფილა. ზრდილობიანი და წესიერი ახალგაზრდა იყო. ლექტორს უფრო ამახსოვრდება სტუდენტი, რომელიც ძალიან აქტიურია.
- აუცილებლად აქტიური უნდა იყოს, რომ კარგ სტუდენტად ჩაითვალოს?
- არა, ამას არ ვამბობ. მაგრამ, მაგალითად, თეა წულუკიანი ძალიან აქტიური სტუდენტი იყო. ირაკლი ასეთი არ ყოფილა. სერიოზული და კარგი სტუდენტი იყო, მაგრამ თავის გამოჩენის სურვილი, როგორც ბევრ სტუდენტს, არ ჰქონია. მისი მიზანი არ იყო, რომ გამოჩენილი ყოფილიყო. არც იმას ვამბობ, რომ აქტიურობა მაინცდამაინც კარგი თვისებაა.
- როგორ დაახასიათებდით ახლა, როგორც მომავალ პრემიერ-მინისტრს და ქვეყნის პირველ პირს?
- როგორც შს მინისტრი, ვფიქრობ, წარმატებული იყო. როგორც პრემიერს ვერ დავახასიათებ, რადგან ეს ყველაზე სერიოზული თანამდებობაა. ძალიან სერიოზულ პრობლემებთან შერკინება მოუწევს და არ ვიცი, როგორ გაართმევს თავს.
იხილეთ სტატია სრულად Kvirispalitra.ge-ზე
იხილეთ ვიდეო: როგორი ბავშვი იყო ირაკლი ღარიბაშვილი - სტუმრად მომავალი პრემიერის ოჯახში